საქართველოს პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ მთავრობა მომავალში ეკონომიკური ზრდის შემცირებას "მის სულს" დაუკავშირებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, მას სურს, რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზარდოს და ზრდის ტემპს დაუბრუნდეს.
"აქამდე მე ვიჯექი ამ სასახლეში, მაგრამ არანაირი ძალაუფლება არ მქონდა. ახლა ამ სასახლეშიც აღარ ვიჯდები და ალბათ, ჩემი სული შეუშლის ხელს ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ 11%-იანი ზრდა გვქონდა დაგეგმილი და ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობდა. არ უნდა შეგვეჩერებინა თბილისის შემოვლითი რკინიგზა, ლაზიკის პორტი, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ბევრი სხვა პროექტი და მაშინ ეკონომიკური ზრდა არ შეჩერდებოდა. ამ ყველაფერს დაემატა პრობლემები ჩვენს საერთაშორისო რეპუტაციაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პრობლემები დროებითია და მინდა, ისინი მალე გადავლახოთ. იმედია, მთავრობა თავის შეცდომებზე ისწავლის. მე მათ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველას საქართველოში ინვესტირებისკენ მოუწოდებს. "საიდუმლოს გეტყვით – მე თვითონ ბოლომდე არ მჯერა, რომ ახლა არის კარგი საინვესტიციო კლიმატი, მაგრამ მათ ბოლო დღეებამდე ვეუბნებოდი, ყველაფერი გამოსწორდება, მოდით, ჩადეთ ფული. მაგრამ, მათ ჩემი მოსმენის გარდა თავისი თვალები და ყურებიც აქვთ და ამან შეაფერხა ინვესტიციები. რაც შემეძლო, ბოლო წუთამდე ვიბრძოდი და მომავალშიც ვიბრძოლებ, რადგან ეს დაარტყამს არა მთავრობას, არამედ ხალხს", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, სირცხვილია, რომ ჭარბაძის მიერ ამუშავებული საწარმო გააჩერეს და "გააჩანაგეს".