"წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა! მისთვის მზე დაბნელდეს, მთვარემ ნათელი არ მისცეს, მიწის ნაყოფი შხამად შეერგის, წყალი გამწარდეს, მარილი განქარდეს და ჰაერი მავნებელ იქმნას! ამინ!...", - ეს წყევლა არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაიშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დღეს გამოაქვეყნა. "ამბები.ge" მამა ბართლომეს დაუკავშირდა და ფაქტის გარკვევას შეეცადა.
- "ფეისბუქის" თქვენს გვერდზე ვრცელდება წყევლა პრეზიდენტის მიმართ. ადასტურებთ, რომ ეს თქვენი გვერდია და იგი თქვენ გამოაქვეყნეთ? რამ განაპირობა ასეთი დაწყევლა?
- ნამდვილად ჩემი გვერდია. ამას არ ვურყოფ და ვადასტურებ. განაპირობა არა პირადმა ინტერესმა, არამედ მის მიერ გაკეთებულმა არასახელმწიფოებრივმა გადაწყვეტილებებმა, რომელიც საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და მიფურთხებაა.
- პრეზიდენტი გყავთ მხედველობაში?
- დიახ. ეს ადამიანი იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს და ათავისუფლებს ისეთ ადამიანებს, რომლებზედაც მას გარკვეული ხნის წინ პრეტენზია ჰქონდა. ამბობდა, რომ ამნისტიის დროს გათავისუფლდნენ სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფებები. მანაც ანალოგიური გააკეთა. ორმაგი სტანდარტით ცხოვრება და ქვეყნის მართვამ მიგვიყვანა აქამდე.
ჩემი აღელვება გამოიწვია იმან, რომ ამბობს, ჩაატარა სასამართლო რეფორმა. ამ სასამართლო რეფორმას და იმ მოსამართლეებსაც, რომელიც მის პერიოდში დაინიშნენ, იმათაც შეურაცხყოფას აყენებს. ათავისუფლებს ადამიანებს, რომელთა საქმეები ჯერ არც სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებულა და არც სხვა ინსტანციაში. ათავისუფლებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ ძებნაში არიან. ეს რა სახელმწიფოებრივი აზროვნება და დამოკიდებულებაა. და ასევე სპეკულირება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, თითქოს მათი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ადამიანებს პოლიტიკურადაც დევნიდნენ, უსწორდებოდნენ, აუპატიურერბდნენ და კლავდნენ და ახლა ამაზე საზოგადოებას დასცინიან, როდესაც უშვებენ ისეთ დამნაშავეებს, რომლებიც გასამართლებული არიან ახალგაზრდების მკვლელობისთვის იმ პერიოდში, მისი რეჟიმის დროს. ამ ახალგაზრდების აბუჩად აგდება, გულსატკენია. მე არც ამნისტია შემიძლია და არც ვინმეს დაჭერა. ჩემი დამოკიდებულება მაქვს და ჩემი ქვეყანა მიყვარს. ვთვლი, რომ არასწორად როდესაც იქცევა ადამიანი, ეს არის, რომ აზრზე მოვიდეს, თუმცა...
- დაწყევლა რომ არ არის ქრისტიანული, მართლმადიდებლური?
- სახარებაში წერია: რომელიც შეჰკრათ ქვეყანასა ზედა, კრულ იყოს ცათა შინა. რომელი განხსნათ - ხსნილო. წყევლა, როგორც მისი პიროვნების მიმართ ანგარიშწორება არ არის. ვთვლი, რომ ეს ადამიანი ქვეყნის წინაშე დამნაშავეა.
- თქვენს წყევლას "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები "ფეისბუქზე" აზიარებენ. დალოცვა რომ ყოფილიყო, უფრო გაეხარდებოდათ.
- მე ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება ადრეც გამოვხატე. კერძოდ, რელიგიის შესახებ კანონთან დაკავშირებით დეპუტატებთან მიმართებაში. რელიგიის შესახებ კანონზე 70 დეპუტატს ეხებოდა. მაშინ ჩემთან რამდენიმე ადამიანი იყო მოსული და შენდობა და დალოცვა ითხოვეს. ვინც მაშინ მოვიდა, პიროვნულად დალოცვა არ დამნანებია; შემდეგ ჩემს გვერდზე მათთვის შენდობაც დავწერე, თუმცა, ის შენდობა მგონი არავის არ გაუზიარებია ერთი ადამიანის გარდა.
ეკატერინე ბახუტაშვილი, ამბები.ge