ბოლო ხანს უცხოელ ინვესტორებს 10-მდე საავადმყოფო ჩამოერთვათ, მათ შორის ონკოლოგიის ცენტრი თბილისში, კომპანია "ადითის" მფლობელობაში არსებული 8 კლინიკა. როგორ შეიძლება შეფასდეს უცხოელ ინვესტორთა საქმიანობა სამედიცინო სფეროში? არის თუ არა გაფორმებული ხელშეკრულებები კაბალური და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? - ამ საკითხზე საქართველოს ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარეს, პროფესორ გია ლობჟანიძეს ვესაუბრებით.
- როცა ინვესტორი, უცხოელი თუ ქართველი, აღებულ ვალდებულებებს, სახელმწიფოსა და საავადმყოფოს კოლექტივისათვის მიცემულ პირობას ვერ ასრულებს, მასთან დადებული ხელშეკრულება უნდა გადაიხედოს. მართალია, სამედიცინო დაწესებულების გასხვისება უმეტესწილად დარღვევით ხდებოდა, მაგრამ თითქმის ყველა ხელშეკრულებაშია მუხლი, სადაც წერია, რომ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს უფლება, გადახედოს ამ საკითხს.
- ჯანდაცვის მინისტრი ასეთ კლინიკებში არც იძულებითი მმართველობის შეყვანას გამორიცხავს.
- ეს არ არის სადამსჯელო ღონისძიება. კანონით, თუ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ფუნქციონირებას საფრთხე შეექმნება, მთავრობას შეუძლია იქ იძულებითი მმართველის შეყვანა. წლების განმავლობაში პერმანენტულად ფორმდებოდა კაბალური ხელშეკრულებები, რაც ძალაუნებურად სამედიცინო დაწესებულებების გაკოტრებას იწვევდა. პროფესიული ორგანიზაციების აზრს არავინ ითვალისწინებდა. ამჟამად არის საფრთხე, რომ ქვეყნის მოსახლეობა პედიატრიული თუ სხვა რომელიმე მიმართულების სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩეს. ასეთ ფორს-მაჟორში, საგანგებო სიტუაციაში კი კლინიკაში შესაძლოა, დროებითი მმართველიც შევიდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინვესტორს ხელაღებით ჩამოერთმევა კლინიკა. მმართველი იმიტომ შედის, რომ კლინიკაში ავადმყოფების, პაციენტების მიღება - მომსახურება არ შეჩერდეს. ჯანდაცვის სფეროში ორი მთავარი პრინციპია: პაციენტისა და ექიმის უფლებების დაცვა, პრობლემა ბევრგან არის, დღეს კლინიკების 99 პროცენტი გაყიდულია, მათ შორის, მოზრდილების, ბავშვების, ამგვარი ვიწრო სპეციალიზაციის, - პედიატრიული სულ ერთი-ორი კლინიკაღაა დარჩენილი, სხვები მრავალპროფილურია. ახლა ვიმკით იმის შედეგს, რომ მათი გასხვისებისას სახელმწიფომ ხელი დაიბანა და ისე გადაულოცა ინვესტორებს, კოლექტივისა და სამედიცინო დაწესებულების ინტერესების დაცვა არავის გახსენებია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ხელშეკრულებებით, ინვესტორი მხოლოდ რამდენიმე წელია ვალდებული თავის საკუთრებაში გადასულ დაწესებულებას პროფილი შეუნარჩუნოს, მერე კი შეუძლია კაფე ან სახინკლე გახსნას.
- არ იქმნება საფრთხე, რომ ამ უცხოურმა კომპანიებმა იჩივლონ სასამართლოში, მოიგონ დავები, რის შემდეგაც მათ წინაშე საფინანსო ვალდებულებები წარმოიქმნება?
- ამიტომაც, მთავრობა არ ჩქარობს, რითაც ზოგი შეიძლება უკმაყოფილო იყოს, ავიღოთ თუნდაც რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითი, სადაც კანადურ მხარესთან ისეთი ხელშეკრულებაა დადებული, სახელმწიფო ვერ ახერხებს თავის სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება, თან ცდილობს, კანონის ჩარჩოებს არ გასცდეს. ანუ სადაც გასაჭრელია, უნდა გაიჭრას, მაგრამ ამის უკან უნდა იყოს მექანიზმი, რითაც სახელმწიფო თავის გადადგმულ ნაბიჯს დაიცავს.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)