9 ნოემბერს 75 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ნაცისტურმა გერმანიამ ებრაელთა წინააღმდეგ "ბროლის ღამე" მოაწყო.
გერმანიაში მდებარე სპა-სალონი სახელწოდებით "Kristall" სკანდალში გაეხვია; ამის მიზეზი სპა-სალონის ოფიციალურ საიტზე განთავსებული რეკლამაა, რომლის სლოგანია - "გრძელი რომანტიული "ბროლის ღამე"(long romantic Kristallnacht). წარწერას თან ერთვის ანთებული სანთლების ფოტო.
სალონის მეპატრონემ საჯაროდ ბოდიში უკვე მოიხადა. მისი თქმით, მათ ხშირად გამოუყენებიათ სპა-სალონის სახელი "ბროლი" (Kristall) სხვადასხვა ღონისძიებების აღსანიშნავად და სტუმრების მოსაზიდად.
"ეს უნებლიე შეცდომაა. ჩვენი შეცდომის გამო ძალიან გვრცხვენია და დაგვიჯერეთ, არავითარი პოლიტიკური განზრახვა არ გვქონია", - განაცხადა სპა-სალონის მეპატრონემ ონლაინ გამოცემა The Times of Israel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ინციდენტის შემდეგ სარეკლამო ბანერზე სლოგანი ასე შეიცვალა - "გრძელი რომანტიული ღამე".
შეგახსენებთ, 1938 წელს გერმანიასა და ავსტრიაში მასობრივად დაწვეს სინაგოგები, გაძარცვეს სახლები და მაღაზიები, რომელიც ებრაელებს ეკუთვნოდათ. ამ დღეს სახელი Kristallnacht (ბროლის ღამე) იმიტომ უწოდეს, რომ ქუჩები დარბეული შენობების შუშის ნატეხებით იყო სავსე.
მომზადებულია The Times of Israel-ის მიხედვით.