ორი მწვანე ნიშნული გზაჯვარედინზე, რომელიც ერთდროულად ანიჭებს გზის გადაკვეთის უფლებას როგორც მძღოლს, ასევე ფეხით მოსიარულეს, ზოგიერთ შემთხვევაში, მძოლების დაუდევრობით ავარიის მიზეზი ხდება. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ამას "მსოფლიო სტანდარტს" ეძახიან და განმარტავენ, რომ უმჯობესია საგზაო წესები მძღოლმაც და მოქალაქემაც თანაბრად დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში დამრღვევს სანქცია დაეკისრება.
ამბები.ge ამ პრობლემასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს, აკაკი ჯოხაძეს ესაუბრა.
აკაკი ჯოხაძე: "საზოგადოებრივი მოძრაობის უსაფრთხოების წესებში მითითებულია მარჯვენა მოხვევები, მაშინ, როცა მთავარ მაგისტრალზე წყდება მოძრაობა. ეს ხდება დამატებითი მწვანე ისრის გააქტიურების შემთხვევაში. ეს არის დამატებითი სექცია და მძღოლმა იცის, რომ ასეთი მწვანე ისრის შემთხვევაში, არ შეიძლება უწყვეტი მოძრაობა. ის ვალდებულია, გზა დაუთმოს ქვეითად მოსიარულეს და შემდეგ დაასრულოს მოხვევა".
-ამ დროს ავტომანქანას და ქვეითად მოსიარულეს გზა ხსნილი აქვთ. როგორ ფიქრობთ, არ ქმნის ეს დამატებით რისკს?
- გეთანხმებით, მაგრამ მძღოლი, რომელიც იღებს მართვის მოწმობას, ვალდებულია იცოდეს რეგულირებადი გზაჯვარედინის გადაკვეთა ან მარჯვენა მოხვევა. მაგრამ, ქვეითს ამის ცოდნა არ ევალება და შესაბამისად, როცა ის გზაჯვარედინზე, ე.წ. "ზებრა გადასასვლელით" სარგებლობს, ყველა სატრანსპორტო საშუალება ვალდებულია, გზა დაუთმოს. ანუ ამის ცოდნა პირველ რიგში ევალება მძღოლს.
- თუმცა ამ შემთხვევაშიც სურათი იგივე რჩება. თუ არსებობს რაიმე ალტერნატივა იმისთვის, რომ პრობლემურ გზაჯვარედინებზე შუქნიშნის რეგულაცია გადაიხედოს და თავიდან დარეგულირდეს?
- შეიძლება რომ შევწყვიტოთ, მაგრამ იმის გულისთვის, რომ მძღოლმა არ იცის საგზაო წესები, გამონაკლისების დაშვევა გამოიწვევს სხვა ტიპის პრობლემებს. ძალიან ბევრ ადგილას, სადაც გადასასვლელებია მოწყობილი, მარჯვენა მოხვევები მაინც ხორციელდება და ეს რომ მთელ თბილისში ავკრძალოთ, დავდგებით ე.წ. "საცობების" გაზრდის საფრთხის წინაშე. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონში უკვე შეიტანა ცვლილება, რითაც დასჯადი გახდა ქვეითად მოსიარულის იქ გადასვლა, სადაც ნიშნული არაა. ასე რომ, ესაა სტანდარტი, რომელიც მთელ მსოფლიოში მოქმედებს და ჩვენ ვერ შევცვლით.
"პრობლემა შეიძლება მოგვარდეს, თუმცა ვერ მოგვარდება", - პასუხი, გარდა იმისა, რომ პარადოქსულია, გაუგებარიცაა. ჯარიმა კი ამ პრობლემიდან გამოსავალი სულაც არაა. მერიის არგუმენტი თავის მხრივ მყარია - "საცობებს გამოიწვევს", თუმცა, საცობების თავიდან აცილების ალტერნატიულ გზაზე და ფეხით მოსიარულეთა უფლებებზე არავინ საუბრობს.
ნათია ოსანაძე, ამბები.ge