2014 წელს, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება ოდნავ განსხვავებული წესით მოუწევთ. სიახლეები, რომლებსაც შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრი სთავაზობს, უკვე გააცნო საზოგადოებას გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა.
სასიამოვნო სიახლე ისაა, რომ 2014 წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაც ჩააბარონ.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საგნის სწავლება I-IX კლასის ჩათვლით სავალდებულოა, დამამთავრებელ კლასებში კი არჩევით საგნად ისწავლება. ეს იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ხელოვნებით არიან დაინტერესებულნი და პროფესიას ამ მიმართულებით ირჩევენ, შეღავათია და მათ გამოცდების ჩაბარებას საგრძნობლად გაუადვილებს.
კიდევ ერთი სიახლე ის გახლავთ, რომ უცხო ენის გამოცდას მოსმენის ნაწილი დაემატება, რისთვისაც მაია მიმინოშვილის განმარტებით, დაახლოებით 10 წუთი იქნება გამოყოფილი, რათა აბიტურიენტმა შესაბამის ენაზე მოისმინოს ტექსტი და შემდეგ შეასრულოს დავალება. ამ სიახლემ უკვე გააჩინა გარკვეული შიში აბიტურიენტებში და ეჭვიც, რომ ეს უცხო ენაში მაღალი ქულების მიღებას გაართულებს, თუმცა ამ მოსაზრებას არ იზიარებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში:
მაია მიმინოშვილი გვარწმუნებს, რომ საწყის ეტაპზე, მოსმენითი ნაწილის ჩაბარება ძალიან მარტივი იქნება და ბარიერის გადალახვაზე ზეგავლენას არ მოახდენს - 100-ქულიან ტესტში მოსმენის ნაწილს მხოლოდ 8 ქულა დაეთმობა.
"ლაპარაკი და მოსმენა უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია უცხო ენის გამოცდაში, რომელიც აქამდე არ იყო. წელს მხოლოდ მოსმენის კომპონენტი დაემატება", - აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ უცხო ენის გამოცდა, 2014 წლის ეროვნულ გამოცდებზე, სწორედ ამ კომპონენტით დაიწყება.
გარკვეული უკმაყოფილება აბიტურიენტების მშობლებმაც გამოთქვეს. "ვერსიასთან"საუბრისას, მე-12 კლასელის დედა აცხადებს, რომ ეს სიახლე მას იძულებულს გახდის, შვილს რეპეტიტორი დაუქირაოს, რადგან არ აქვს იმედი, რომ სკოლაში მიღებული განათლებით, აბიტურიენტები უცხო ენის მოსმენითი ნაწილის დაძლევას შეძლებენ. მაია მიმინოშვილი კი განმარტავს, რომ უცხო ენის გამოცდის მოსმენის ნაწილის რამდენიმე სამუშაო ვარიანტი, დისკებით სკოლებს აუცილებლად დაეგზავნება და ცენტრის ვებგვერდზეც განთავსდება. ასე რომ, აბიტურიენტებს ექნებათ საშუალება, წინასწარ გაეცნონ ტექსტებს.
გარდა ამისა, უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში მოქმედებს პროგრამა "ისწავლე და ასწავლე საქართველოსთვის", რომლის ფარგლებში, ქვეყანაში არაერთი უცხოელი ჩამოვიდა მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის შესასწავლად. მათთან ურთიერთობა ბავშვებს შესაბამის უცხო ენაზე უწევთ, რაც უცხო ენის გამოცდის მოსმენითი ნაწილის ჩაბარებაში საგრძნობლად დაეხმარებათ.
მაია მიმინოშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული სიახლე გარკვეულ ლოჯისტიკურ ცვლილებებსაც მოითხოვს და ამის გამო, შესაძლოა, საგამოცდო ცენტრების რაოდენობაც გაიზარდოს.
2014 წელს ისევე, როგორც წელს, აბიტურიენტებს შეეძლებათ, განაცხადში მიუთითონ ყველა პროგრამა, რომელზეც მათ მიერ არჩეული გამოცდები ბარდება - არჩეული პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ იქნება და აბიტურიენტები კვლავ შეძლებენ საბოლოო არჩევანის გაკეთებას ყველა გამოცდის შედეგის გაგების შემდეგ.
რაც შეეხება ლოჯისტიკურ ცვლილებას, თუ აქამდე საგამოცდო ცენტრების ნაწილი სპორტულ დარბაზებში იყო განთავსებული, მოსმენის კომპონენტის გავლის დროს, აბიტურიენტები ხმაურმა არ უნდა შეაწუხოს და შესაბამისად, მათ სხვა, უფრო მცირე საკლასო ოთახებში მოუწევთ გამოცდის ჩაბარება.
ნინო ლურსმანაშვილი