გლდანში, ხიზანიშვილის N2-ში მდებარე "გალაქსის" მაღაზიაში შეიარაღებული პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" კომპანიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. როგორც "გალაქსის" წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული პირი სავარაუდოდ მაღაზიის დაყაჩაღებას ცდილობდა.
"როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ პირს მანამდეც ეძებდა პოლიცია, შენობაში შემოსვლისას ეს პირი კამერებმა დააფიქსირეს. ინფორმაცია ცნობილი გახდა სამართალდამცავი უწყებებისთვისაც. ამის შემდეგ მოვიდა პატრული, ჩატარდა ოპერაცია და მოხდა პირის განიარაღება და დაკავება. ეს პირი სალაროსკენ მიდიოდა, როდესაც მისი დაკავების ოპერაცია დაიწყო", - აცხადებენ გალაქსიში.
მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, მაღაზია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.