"გახდება თუ არა ივანიშვილი ხელისუფლების რუხი კარდინალი", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Eurasianet მოლი კორსოს სტატიას ბიძინა ივანიშვილის შესახებ. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, ამ თვის ბოლოს მოსალოდნელი მისი თანამდებობიდან წასვლა,რაც ქვეყანას ძლიერ პოლიტიკურ პერსონალიებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაში დაეხმარება. თუმცა, ავტორისვე თქმით, ქართველი პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ივანიშვილი უარს იტყვის თავის ფორმალურ წოდებაზე, მაინც დარჩება კულისებიდან მოქმედ ძალად.
როგორც მოლი კორსო წერს, თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, მაშინ საქართველო ამ თვის ბოლოსთვის ახალ პრემიერ-მინისტრთან ერთად, რომლის ძალაუფლება პრეზიდენტის ძალაუფლებაზე მეტი იქნება, ახალ პოლიტიკურ ერას დაიწყებს.
სტატიის თანახმად, ივანიშვილის განცხადებით, რომელიც 24 ნოემბრისთვის დატოვებს თანამდებობას, საქართველოს ევროპული სტილის მთავრობას დაუტოვებს.
"თუმცა, დღესდღეობით ძალიან ცოტა რამ მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილის პირადი გეგმების გარდა, მთავრობას საკუთარი სტრატეგია ჰქონდეს და დიდად არავინ ცდილობს იმ მოსაზრების გაფანტვას, რომ ერთადერთი, ვისაც კონტროლის სადავეები აქვს ხელთ, მილიარდერი პრემიერია. არსებობს ორი ფაქტორი, რომელიც ამყარებს მოსაზრებას, რომ ივანიშვილი მთავარ ანგარიშგასაწევ ძალად დარჩება უახლოეს ხანებში - პირველი ისეთი სახელისუფლებო ინსტიტუტის არქონაა, რომელსაც შესწევს ძალა შეავსოს ივანიშვილის წასვლის გამოწვეული ვაკუუმი და მეორე - თავად პრემიერ-მინისტრის უზარმაზარი პირადი ქონება, რომელიც "ფორბსის" მონაცემებით 5,3 მილიარდ დოლარს შეადგენს, იმის გარანტიაა, რომ ის კვლავინდებურად გააგრძელებს გავლენის მოხდენას პოლიტიკურ პროცესებზე", - წერს მოლი კორსო.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ არც ღარიბაშვილსა და არც მარგველაშვილს გარდა ივანიშვილის კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მუშაობისა, პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნიათ. ჯამში, ორივეს ხელისუფლებაში საქმიანობის გამოცდილება ერთ წელსა და ცხრა თვეს ითვლის.
მოლი კორსო ხაზს უსვამს, რომ ღარიბაშვილის ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, მისი პროფესიონალური კარიერა ივანიშვილის საკუთარ ან მის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში მუშაობით შემოიფარგლება.
"44 წლის მარგველაშვილი უფრო მეტად ივანიშვილის კარგი მეგობრის სტატუსითაა ცნობილი, ვიდრე თავისი 9-თვიანი განათლების მინისტრობით. პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დიდ ნაწილში, თუ არა მთლიანში. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი, მარგველაშვილმა პრემიერთან ერთად გამართა პრესკონფერენცია. მისივე თქმით, ივანიშვილი გავლენას მოახდენს მარგველაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე გაპრეზიდენტების შემდეგ", - წერს მოლი კორსო.
სტატიის ავტორი ასევე ციტირებს პოლიტოლოგ მარინა მუსხელიშვილის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ მთავრობის ცხადი სტრატეგიის არარსებობა მიმავალი პრემიერის სტრატეგიის გარდა, ივანიშვილს ძალიან გავლენიან ფიგურად წარმოაჩენს.
"ივანიშვილი არ აკონკრეტებს პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის შემდეგ საკუთარ გეგმებს. მან სურვილი გამოთქვა, რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი გახდეს და ისაუბრა 20-წლიან პერიოდზე, რომლის შემდეგაც ქვეყანა საბოლოო გამარჯვებას მიაღწევს. პოლიტიკური გავლენის გარდა, სავარაუდოდ, ფული ის საშუალება იქნება, რითაც ივანიშვილი საკუთარ არსებობას საგრძნობს გახდის. სექტემბერში მან განაცხადა, რომ 1 მილიარდ დოლარს დააბანდებს 6-მილიარდიან თანაინვესტირების ფონდში, რომელიც საქართველოს შენელებული ეკონომიკის გასაცოცხლებლად შეიქმნა", - ნათქვამია სტატიაში.
ავტორი ასევე ციტირებს თამარ გურჩიანის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილება თანაინვესტირების ფონდში პირადი ქონებიდან ამხელა თანხის დაბანდება და ამასთან ერთად პრემიერისა და პრეზიდენტის პოსტებზე "თავისი კანდიდატების" დანიშვნა, აშკარად მიუთითებს მის სურვილზე, შეინარჩუნოს კონტროლი მთავრობაზე.
მოლი კორსოს მოჰყავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, სერგი კაპანაძის კომენტარი, რომელიც "ევრაზიანეტთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ მივიღებთ სცენარს, რომელიც ექს-პრემიერის პოლიტიკაში მუდმივ საქმიანობას ითვალისწინებს, ეს ქვეყანას კარგას არაფერს მოუტანს.
ამასთან, როგორც ავტორი აღნიშნავს, ქვეყნის მოსახლეობას არ უნდა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობიდან წასვლა. ავტორს ასევე მოჰყავს NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემები, რომლის თანახმადაც, გამოკითხული 3 838 რესპონდენტიდან 71% არ არის თანახმა, რომ პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვოს.
როგორც ავტორი აღნიშნავს, ქართველი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, ივანიშვილის განცხადების გავლენით, ირაკლი ღარიბაშვილს უკვე პრემიერ-მინისტრად მოიხსენიებენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პარლამენტის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცება უკვე გადაწყვეტილია.
"პერსონალიებზე ასეთი ფოკუსირება ნიშნავს, რომ თუ ახალ პრემიერ-მინისტრს სუსტად ჩათვლიან, მაშინ მთელი ყურადღება მისი ხელისუფლების მოაზრებული წყაროსკენ - ამ შემთხვევაში, ივანიშვილისკენ იქნება მიმართული", - წერს მოლი კორსო.
ავტორი ასევე ციტირებს ავსტრიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, პაატა გაფრინდაშვილის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრისთვის მთავარი პრობლემა, შესაძლოა თავისი ლეგიტიმურობის დემონსტრირება აღმოჩნდეს.
მომზადებულია Eurasianet-ის მიხედვით.