ფოთში რუსეთის დროშა დაწვეს

ფოთში რუსეთის დროშა დაწვეს

ფოთში, მთავარ გამზირზე გამოფენილი რუსეთის დროშა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ჩამოხიეს და დაწვეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, იმ ქვეყნის სახელმწიფო დროშა, რომელმაც 2008 წელს საქართველოში ინტერვენცია განახორციელა, რის შედეგადაც ასეულობით ადამიანი დაიღუპა, საქართველოში არ უნდა გამოფენილიყო.

"აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანები გამოვიდნენ ამ ფაქტის გასაპროტესტებლად ჩვენთან ერთად. რა თქმა უნდა, დასაგმობია, როდესაც 5 წლის თავზე, ქალაქის ცენტრში გამოფენილია იმ ქვეყნის დროშა, რომელიც ტანკებით დარბოდა აქ და მძინარე ქალაქს ბომბავდა, იმ ქვეყნის დროშა, რომელსაც დღემდე აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული",-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვახტანგ დარცმელიძემ.

"არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი, არ მაინტერესებს პოლიტიკა საერთოდ, მაგრამ როდესაც ეს დროშა ვნახე, 5 წლის წინანდელი მოვლენები და დაცარიელებული ფოთის ქუჩები, დაღუპული და დაჭრილი უდანაშაულო ადამიანები გამახსენდა. რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს",-განცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ფოთის მერის, დავით სარსანიას განმარტებით, რუსეთის დროშა 17 სხვა ქვეყნის დროშებთან ერთად დღეს საღამოს, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გამოიფინა, რასაც სოციალური ქსელებით პროტესტი მოჰყვა. სარსანიას ცნობით, ფესტივალის ორგანიზატორია ბავშვთა დამოუკიდებელი სტუდია "თეთრი თოლია".

"როგორც გავარკვიე, ამ ფესტივალზე რუსეთი მოწვეული არ იყო, მაგრამ მათ თავად გამოთქვეს მასში მონაწილეობის სურვილი. თვითმმართველობას არც ფესტივალის ორგანიზებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის. უკვე მივეცი დავალება და უახლოესი ერთი საათის განმავლობაში, საერთოდ ყველა დროშა ჩამოიხსნება", - განაცხადა სარსანიამ.

ფოთში, აღმაშენებლის გამზირზე, სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული დროშები დღეს საღამოს გამოიფინა. რუსული დროშის გამოფენას სოციალურ ქსელებში მწვავე პროტესტი მოჰყვა.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა