შინაგან საქმეთა მინისტრს ახალი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელებს. ამის შესახებ დღეს კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ის პიროვნება, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი გადაწყვეტს.
"ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, მაგრამ მან ძალიან ბევრი იცის ამ საქმეში. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი. ამას დაჯერდით, დღეს პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის პირველი პირი მიიღეთ. ირაკლი მოგახსენებთ, ვინ იქნება შს ახალი მინისტრი", - დასძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ძალიან ღირსეული მთავრობა და მთავრობის წევრები ეყოლება, 17 ნოემბრის შემდეგ ასევე ძალიან ღირსეული პრეზიდენტი.
ივანიშვილის განმარტებით, ქვეყანას მთლიანობაში ევროპული ტიპის ხელისუფლება ეყოლება. რასაც დაპირდა ხალხს პირნათლად შეასრულებს და გადადის საზოგადოებრივ სექტორში.
დღეს ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრად დაასახელა.