"სააკაშვილის ბატონობის დასასრული", - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა The Economists სტატიას საქართველოს შესახებ. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველომ ახალი, ნაკლებად გავლენიანი პრეზიდენტი აირჩია. მისივე თქმით, 27 ოქტომბერს გამართული საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანიც იყო და საკმაოდ უინტერესოც.
"მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ არჩევნებით დასრულდა მიმავალი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თითქმის ათწლიანი მმართველობა და ქვეყნის საპრეზიდენტო სისტემაც. 2010 წელს სააკაშვილის მიერ წამოყენებული ცვლილებებით, საქართველო მისი მემკვიდრის ინაუგურაციის შემდეგ საპარლამენტო სისტემაზე გადავა და ძალაუფლება მეტწილად პრემიერ-მინისტრის ხელში იქნება", - ნათქვამია სტატიაში.
როგორც ავტორი აღნიშნავს, საპრეზიდენტო არჩევნები უინტერესო იყო, რადგან პოსტსაბჭოთა სამყაროში ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ძალაუფლების ორგანიზებულად გადაბარება მოხდა. მისივე თქმით, არჩევნები სერიოზული დარღვევებისა და არეულობის გარეშე ჩატარდა, რომელშიც ყოველისშემძლე პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პროტეჟემ გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა.
"5,3 მილიარდი დოლარის ქონების მფლობელმა მაგნატმა, ბიძინა ივანიშვილმა ბევრი რამ გააკეთა ქართული პოლიტიკის გადატრიალებისთვის მას შემდეგ, რაც 2011 წელს მარტოობის ფარდას ამოფარებული იქიდან გამოვიდა სააკაშვილის გამოსაწვევად", - წერს ავტორი.
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილის გამარჯვების აღნიშვნისას, ივანიშვილმა პირობა დადო, რომ მომავალი წელი დამშვიდების წელი იქნება. თუმცა, როგორც სტატიის ავტორი წერს, რთული იქნება ამ დანაპირების შესრულება.
"ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ერთი წელი ხმაურიანი იყო. ის ხელისუფლებაში სააკაშვილის რეფორმისტული მანქანის გასანადგურებლად მოვიდა, რომელმაც ბოლო წლებში მისი შეუპოვრობისა და ძალის გამო ავტოკრატულობისკენ იწყო გადახვევა", - წერს ავტორი.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ შესაძლოა, ივანიშვილმა და მისმა მოკავშირეებმა შეასრულეს ეს, მაგრამ ამავდროულად თვალს ადევნებენ ეკონომიკის შენელებას, უცხოური ინვესტიციების შემცირებას და ქსენოფობიური ორთოდოქსული დაჯგუფებების გავლენის ზრდას. ავტორის თქმით, უცხოელი დამკვირვებლები სულ უფრო მეტად წუხან სააკაშვილთან დაახლოებული ყოფილი მინისტრებისა და მაღალჩინოსნების დაკავებების გამო.
"ზოგიერთი მათგანი შესაძლოა იყო კიდეც დამნაშავე, მაგრამ შურისმაძიებლური განწყობა, რომელიც გამოძიებას ახლავს, უფრო "პოლიტიკურ რევანშს" ჰგავს, როგორც ეს თბილისში ვიზიტისას მყოფმა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა თქვა", - წერს სტატიის ავტორი.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ახლო მომავალი გაურკვეველია და მიუხედავად მისი პრეზიდენტობის დასასრულისა, სააკაშვილი აცხადებს, რომ სჯერა საქართველოს მომავლის.
"იქნება თუ არა თავად მისი ნაწილი? ივანიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, სავარაუდოდ, პროკურორებს მასთან კითხვები ექნებათ. თუ სააკაშვილი პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო დევნის მსხვერპლი გახდება ან იძულებული იქნება საზღვარგარეთ გაიქცეს, ეს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციასა და ამ თვის ბოლოს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის იმედებს ჩაშლის", - წერს ავტორი.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ბევრი გაურკვევლობაა თავად ივანიშვილის პირადი გეგმების გარშემოც, რომელიც აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს. ავტორი აღნიშნავს, რომ ივანიშვილი იმედგაცრუებულია მთავრობის კრიტიკით ან შესაძლოა გრძნობს, რომ "ქართული ოცნებასთან" თაფლობისთვე სრულდება, უკმაყოფილება კი იზრდება.
"საქართველო ჩამოყალიბებული, ფუნქციონალური დემოკრატიის ქვეყანაა. მიუხედავად მისი ნაკლოვანებებისა და ქედმაღლობისა, სააკაშვილის შეუძლია ეს თავის მემკვიდრეობად გამოაცხადოს. საქართველოს ისტორიის შემდეგ ფურცელი შესაძლოა, არც სააკაშვილზე იყოს და არც ივანიშვილზე - მათი უზომო ეგოს დუელის შემდეგ, ეს ცუდი არ იქნება", - ნათქვამია The Economist-ის სტატიაში.
მომზადებულია The Economist-ის მიხედვით.