საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც პრეზიდენტობის ბოლო 17 დღე დარჩა, აქტიურ პოლიტიკაში, ახალი სტატუსით შესაძლოა, იმაზე ადრე დაბრუნდეს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ღიად დაადასტურა, რომ პოლიტიკაში რჩება, სავარაუდოდ, თვითმმართველობის არჩევნებამდე ლოდინს და პოლიტიკური რეინკარნაციისთვის ახალი სტარტის გაზაფხულიდან აღებას არ აპირებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის სტატუსის გარდა, კიდევ "ახალი თანამდებობით" პოლიტიკაში დაბრუნებას გაზაფხულამდე გეგმავს და ამისთვის უკვე რამდენიმე სცენარიც შემუშავებული აქვს.
როგორც "ამბები.ge"-სთვის გახდა ცნობილი, მოვლენების განვითარების ერთ-ერთი სავარაუდო გეგმა სააკაშვილის პარლამენტში მოხვედრაა. არაოფიციალურად იმასაც ამბობენ, რომ მიზნის მიღწევის პრეზიდენტისეული გზა როლანდ ახალაიაზე გადის – როგორც კულუარებში ყვებიან, საქართველოში ყველაზე "პოპულარული" ძმების – ბაჩო და დათა ახალაიების არანაკლებ ცნობილი მამა, რომელიც ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატია, პარლამენტის წევრის მანდატზე უარს იტყვის და ცესკო-ს მიერ რაიონში გამოცხადებულ შუალედურ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" სახელით სწორედ მიხეილ სააკაშვილი იბრძოლებს.
მოვლენების ასეთი სცენარით განვითარებას "ნაციონალურ მოძრაობაში" კატეგორიულად გამორიცხავენ. როგორც "ამბები.გე"-ს დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განუცხადა, არც პარტიაში და არც ფრაქციაში "არაფერი მსგავსი არ განიხილება".
ერთი შეხედვით, აღნიშნული ინფორმაციის ჭეშმარიტება ეჭვს უფრო ბადებს, ვიდრე ნდობას, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. არსებობს სულ მცირე ორი გარემოება, რომელიც როლანდ ახალაიას მიერ სააკაშვილისადმი მოსალოდნელ კეთილგანწყობას "დაასტურებს":
როგორც ცნობილია, როლანდ ახალაიას ორი ბრალდებული შვილიდან ერთი – ბაჩო ახალაია პატიმარია. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ორ საქმეზე გაამართლეს, თუმცა ერთ-ერთზე საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ცნობილია ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს, კონსტიტუციით შეწყალების უფლება აქვს. არსებობს ვარაუდი, რომ როლანდ ახალაია პარლამენტის წევრის საკუთარ მანდატს მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ მისი შვილის შეწყალების შემთხვევაში დათმობს, მიუხედავად იმისა, რომ გირგვლიანის საქმის გამო, რომლის სასამართლო განხილვაც კი არ დაწყებულა, ბაჩო ახალაია შეწყალების შემთხვევაშიც კი საპყრობილეს ამ ეტაპზე ვერ დატოვებს.
მაგრამ რატომ უნდა სურდეს მიხეილ სააკაშვილს მაინცდამაინც საკანონდებლო ორგანოში მოხვედრა? – არაოფიციალური ინფორმაციით, მოქმედ პრეზიდენტს დეპუტატის მანდატი იმუნიტეტის მოპოვების მიზნით სჭირდება, რათა სამართლებრივი დევნისგან თავი დაიცვას. ეს ვერსია ლოგიკას მოკლებული არ არის, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება გამორიცხული არაა.
ასე რომ, თეორიულად, მოვლენების აღნიშნული სცენარით განვითარება, შესაძლოა აწყობდეს ორივე მხარეს – ახალაიების ოჯახსაც და სააკაშვილსაც...
მარი მესხი, "ამებები.გე"