რუსულ-ჩეჩნური ტრაგედიები ქართულ მიწაზე...

რუსულ-ჩეჩნური ტრაგედიები ქართულ მიწაზე...

რამდენიმე დღის წინ, უქმეებზე, მეგობრებთან ერთად, წალკაში მომიწია წასვლამ... როდესაც ღირსშესანიშნავი ადგილები დავათვალიერეთ, ფარავნის ტბაზეც გავედით და მორწმუნეებისთვის კარგად ცნობილი, ნათლისღების სახელობის მამათა მონასტერიც მოვილოცეთ, სადაც სამ საუკუნეზე მეტია, მკურნალი კალმახები ბინადრობენ. შემდეგ კი, ადგილობრივებსაც ვესაუბრეთ. მოსახლეობას, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, იქაც უჭირს. ხელისუფლების ცვლილებას გრძნობენ, - "ოღონდ ჯერ მხოლოდ ცოტათი"...

"ახლა მთელი რაიონი ერთ მნიშვნელოვან სიახლეზე ვართ გადართული: ფრანგები რუსეთ-ჩეჩნეთის ომზე ფილმს იღებენ, სადაც ადგილობრივებიც მონაწილეობენ... ლამის მთელი წალკა გადასაღებ მოედნად არის ქცეული..." - მითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა და სიამაყით დასძინა: ჩემი შვილიც მონაწილეობსო...

თბილისში დაბრუნების შემდეგ, შევეცადე, ფილმის შესახებ მეტი ინფორმაცია მომეძიებინა და დიდი ძალისხმევის შედეგად, "საქართველოს კინოსაინვესტიციო ჯგუფის" წარმომადგენელს, ფილმის ფინანსურ მენეჯერს, ნიკა აფრიაშვილს დავუკავშირდი, რომელიც ფრანგ კინემატოგრაფისტებთან თანამშრომლობს. მისი თქმით, ფრანგული მხარის თხოვნაა, სრული ინფორმაციის გაცემისგან თავი შეიკავონ...

ფრანგული მხატვრული ფილმი, რომელშიც რუსეთ-ჩეჩნეთის ომის კვალდაკვალ განვითარებული, ადამიანური ტრაგედიაა ასახული, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გადაღებულ ფილმებს შორის, ყველაზე მასშტაბური იქნება. ფილმს რამდენიმე "ოსკარის" მფლობელი რეჟისორი - მიშელ ჰაზანავიჩუსი იღებს. გადაღება ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობს.

ნიკა აფრიაშვილი:

- თქვენს მკითხველს სიამოვნებით მინდა ვაცნობო, რომ ფილმის რეჟისორია მრავალგზის "ოსკაროსანი" მიშელ ჰაზანავიჩუსი, რომელმაც სხვა მრავალ საინტერესო ფილმთან ერთად, საზოგადოებას 2011 წელს კანის კინოფესტივალზე წარმოდგენილი "არტისტით" დაამახსოვრა თავი. ამ ფილმმა მსოფლიოს კინოსაზოგადოება აალაპარაკა, კინოკრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მისცეს. ფილმი ნომინირებული იქნა 6 "ოქროს გლობუსზე" და აქედან 3 - საუკეთესო მხატვრული ფილმის, საუკეთესო მუსიკისა და საუკეთესო მსახიობის კატეგორიებში მიიღო. ამასთან, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოების 10 კატეგორიაში ნომინირებამ 5 "ოსკარი" მოუტანა... ასეთი წარმატების შემდეგ, ფრანგ რეჟისორს, უხეშად რომ ვთქვათ, ფრანგულ კინოკომპანიებთან სათანამშრომლოდ გზა ხსნილი ჰქონდა და სხვა პროექტების განხორციელებასაც მიჰყო ხელი...

- რას გვეტყვით ფილმზე, რომლის გადაღებებიც ახლა საქართველოში მიმდინარეობს?

- ეს არის დრამა, რომელიც 90-იანი წლების რუსეთ-ჩეჩნეთის ომის შემდგომ პერიოდში ჩეჩნეთში ვითარდება. სცენარიც თავად მიშელ ჰაზანავიჩუსს ეკუთვნის. დიდი სურვილი ჰქონდა, გადაღებები ჩეჩნეთში ყოფილიყო, მაგრამ იქ არსებული რეალობის გათვალისწინებით, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ჩეჩნეთის მთავრობა ამის უფლებას არ მოგვცემდა.

- რატომ? ფილმის სცენარი რუსეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელია?

- პოლიტიკური შეფასებების გაკეთებას ვერიდებით, მაგრამ მიშელს არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთ-ჩეჩნეთის ომი, თანამედროვე ომების ისტორიაში ყველაზე ცალმხრივად და მიკერძოებულად არის გაშუქებული. არადა, ის თანამედროვე ცხოვრების ნაწილია და მსოფლიო საზოგადოებას ამ ფაქტზე მეტი და ობიექტური ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. მისივე თქმით, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის შესახებ ძალზე მწირი დოკუმენტური მასალაა გავრცელებული და მასშიც რუსული ვერსიები ჭარბობს. არადა, საზოგადოების ინტერესი დიდია... დეტალებს ვერ შევეხები, რადგან რეჟისორს ჯერჯერობით არ სურს ამის გამხელა, მაგრამ ფილმში ძალზე მიუკერძოებლად გადმოცემული იქნება ისეთი ამბები, რომლებიც მსოფლიოს დაანახვებს, რა მოხდა სინამდვილეში. ამიტომაც გადაწყვიტეს, გადაღებები სადმე სხვაგან, რომელიმე თავისუფალ ქვეყანაში ჰქონოდათ, სადაც სამუშაოდ თავისუფალი გარემო იქნებოდა და ბუნებით ჩეჩნეთსაც წააგავდა. 12 შესაძლო ვარიანტიდან საბოლოოდ, საქართველოზე შეჩერდნენ.

- ფილმში საბრძოლო მოქმედებებიც არის ასახული?

- არა, თითქმის არ არის. ეს არის პიროვნული, ადამიანური ტრაგედია, რომელიც მთავარ გმირებს - რუსი ჯარისკაცისა და ჩეჩენი და-ძმას ურთიერთობისას ვითარდება. ეს არის ამბავი, რომელიც შეიძლებოდა, ნებისმიერი ომის დროს, ნებისმიერ ქვეყანაში მომხდარიყო. ფილმის მიზანი არ არის, დამნაშავესა და მტყუან-მართლის გარჩევა, მთავარია, რომ ფაქტები დაუმახინჯებლად იქნას გადმოცემული და სხვა დანარჩენი მაყურებლისთვის მიგვინდვია...

- ფილმის სცენარი რეალური მოვლენების მიხედვით დაიწერა?

- სამწუხაროდ, როგორც უკვე აღვნიშნე, დეტალების გამხელის უფლება არ მაქვს... საერთოდ, კინოინდუსტრიაში დამკვიდრებული პრაქტიკაა - გადაღების დროს, არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. ეს დაუწერელი კანონია. ეს არის პატარ-პატარა ამბებისგან შემდგარი რთული, მრავალშრიანი და საინტერესო დრამა.

- ფილმში ადგილობრივი, ქართველი მოსახლეობაც მონაწილეობს, ხომ?

- გადამღებ ჯგუფს გულისხმობთ თუ მსახიობებს?.. კარგი, ამასაც გაგიმხელთ: თითქმის ყველა მასობრივ სცენაში ადგილობრივები არიან გადაღებული, მთავარ როლებს კი როგორც რუსეთიდან ჩამოსული, ასევე საფრანგეთიდან მოწვეული მსახიობები თამაშობენ. ასევე გვყავს ქართველი მსახიობები, ოღონდ მათი შერჩევა ტიპაჟების მიხედვით მოხდა და არა - პოპულარობის, ანუ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი მსახიობები შევარჩიეთ, რადგან ეს ფილმისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა.

- მაგალითად?..

- მაგალითად, ლუკა თარხნიშვილი, კიდევ ერთი ძალიან ნიჭიერი გოგონა ნინო, რომლის გვარიც არ მახსოვს... არც ჩვენი და, რაც მთავარია, არც რეჟისორის მიზანი არ იყო, რომ ფილმში ცნობილ მსახიობებს ეთამაშათ.

- წალკის რაიონის გარდა, გადაღებები კიდევ რომელ რეგიონებში მიმდინარეობს?

- გადაღებებს ვაწარმოებთ აგრეთვე კახეთში, თბილისსა და რუსთავში. წალკის სოფელი იმერა, სადაც ამჟამად ვიღებთ, ძალიან ჰგავს ჩეჩნეთის იმ სოფელს, სადაც ეს ამბავი ხდება და ერთ-ერთი სურათის გადაღება იქ ვარჩიეთ... გადაღებები წალკის სხვა სოფლებშიც გვქონდა და მომავალშიც გვექნება.

- ფილმის სახელწოდებას მაინც არ გაგვიმხელთ?

- "ძიება" - ეს ჯერჯერობით სამუშაო ვერსიაა, მაგრამ შესაძლოა, დარჩეს კიდეც.

- გადაღებებს ფრანგული მხარე აფინანსებს?

- დიახ, ფინანსურ მხარეს ფრანგული მხარე აფინანსებს.

- თქვენი კომპანიის შესახებაც გვიამბეთ...

- ეს არის კომპანია "საქართველოს კინოსაინვესტიციო ჯგუფი", რომლის სამუშაო გუნდს არაერთი ფილმი და სარეკლამო რგოლი აქვს გადაღებული, ოღონდ ეს პროდუქცია უმეტესად, უცხოური, ამერიკული ბაზრისთვის არის განკუთვნილი...

- როგორ დაუკავშირდით მიშელ ჰაზანავიჩუსს?

- ერთმანეთი შარშან, კანის ფესტივალზე გავიცანით. იქვე ვესაუბრეთ და ჩვენი გეგმების შესახებ მოვუყევით. მიშელს ქართველი მეგობრები ჰყავს და საქართველოში ადრეც არის ნამყოფი. გარკვეული დროის შემდეგ გაგვიმხილა, რომ თავადაც სულ ფიქრობდა საქართველოში ფილმის გადაღებაზე და როდესაც ასეთი რამ შევთავაზე, ძალიან გაუხარდა. შევთანხმდით, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა, რათა გარემო, გადასაღები მოედანი ანუ რამდენიმე რეგიონი დაეთვალიერებინა. შარშან შემოდგომას ჩამოვიდა ფილმის პროდიუსერიც, დეტალები შევათანხმეთ და გადაღებაც დაიწყო...

- ეს ფილმი ალბათ განსხვავებული იქნება თანამედროვე ქართული ფილმებისგან...

- ალბათ - არა, რადიკალურად განსხვავებული იქნება. თუმცა ყველაფერი მაინც გემოვნებაზეა დამოკიდებული... არ მინდა, თანამედროვე ქართული კინოხელოვნება უდიერად მოვიხსენიო, მაგრამ უბრალოდ, ინფორმაციისთვის ვიტყვი, რომ ასეთი მასშტაბური და მაღალი დონის ფილმის გადაღება ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს გარკვეულ გამოცდილებას შესძენს. ფილმის გადაღებაში მონაწილეთა უმეტესობა ქართველია და ეს შემთხვევით არ გაგვიკეთებია, რადგან ასეთ გუნდთან ერთად მუშაობა ახალგაზრდა კინოხელოვანებისთვის დიდი გამოცდილების მომტანი იქნება.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება