27 სექტემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. სახელმწიფოს პრეზიდენტი მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი გახდა, მან ხმების 60%-ით გაიმარჯვა. რუსი ექსპერტები მას დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად არ თვლიან - ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ახალ პოსტზე მარგველაშვილი მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის სურვილებს შეასრულებს.
იმის შესახებ, თუ როგორია სინამდვილეში პოლიტიკური ძალების გადანაწილება და რას უნდა ელოდოს რუსეთი საქართველოს ახალი პრეზიდენტისგან, რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური გამოცემა "როსბიზნესკონსალტინგი" რუს საერთაშორისო ექსპერტებს გაესაუბრა.
რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის, ისმაილ აგაკიშიევის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებას რუსეთთან ურთიერთობის გაუარესება არ მოჰყვება. იგი განმარტავს, რომ როგორც "ქართული ოცნების" კადრი, მარგველაშვილი პარტიის ხელმძღვანელის მსგავსად, რუსეთთან მეგობრულ პოლიტიკას გააგრძელებს.
"რუსეთთან ურთიერთობა, სავარაუდოდ, თანდათანობით განვითარდება. უკვე ვხედავთ, რომ ქართული საქონელი - ღვინო, "ბორჯომი" - რუსულ ბაზარზე გამოჩნდა. საქართველოში ბევრი მსხვილ ერთობლივ პროექტებს ელოდება. გარდა ამისა, ვფიქრობ, ორი ქვეყნისთვის საერთო კულტურული პროექტებიც იქნება",- აღნიშნავს ისმაილ აგაკიშიევი.
ამ აზრს ეთანხმება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტსაბჭოთა სივრცის შემსწავლელი ინფორმაციულ-ანალიტიკური ცენტრის გენერალური დირექტორი ალექსეი ვლასოვი. იგი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარდა მთავრობაში ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსის მოსვლა, ქართული მხარის რუსეთთან ურთიერთობას გააუმჯობესებს.
"რუსეთთან მიმართებაში რეალური პოლიტიკა არ შეიცვლება, მაგრამ რიტორიკის თვალსაზრისით, იგი უპირობოდ გუმჯობესდება. საქართველოს ნებისმიერი ახალი პრეზიდენტი, სააკაშვილის ან მისი პირდაპირი მემკვიდრის გარდა, - ეს უკვე გაუმჯობესებაა", - ამბობს ვლასოვი.
ერთ-ერთი ვერსიით, გიორგი მარგველაშივილი არა დამოუკიდებელი პოლიტიკოსი, არამედ ბიზნესმენისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სურვილების შემსრულებელია, რომელმაც პოსტის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის სურვილი უკვე გამოთქვა.
ვლასოვის თქმით, ძირითადი ინტრიგა იმაში მდგომარეობს, მართლა დატოვებს თუ არა ივანიშვილი პოსტს და თუ ეს მაინც მოხდება, ვინ გახდება მისი მემკვიდრე.
"ახალი პოლიტიკური რეფორმით, პრეზიდენტის ვერტიკალიდან პარლამენტისა და მთავრობის მხარეს უფლებამოსილების გადანაწილება ხდება. ამიტომ პრეზიდენტზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურა პრემიერ-მინისტრი ხდება",-ამბობს ექსპერტი.
"რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მგონია, იგი უფრო წარმომადგენლობითი ფიგურა იქნება, ვიდრე პოლიტიკური საკითხების რეალურად გადამწყვეტი. მით უმეტეს, რომ იგი პროფესიონალი პოლიტიკოსი არაა, არამედ, როგორც ახლა რუსეთშია მოდაში, კრეატიულ კლასს ეკუთვნის",- აღნიშნავს ვლასოვი.
აგაკიშიევს განსხვავებული აზრი აქვს, იგი დარწმუნებულია, რომ არჩეული პრეზიდენტი მართალია გამოცდილი პოლიტიკოსი არაა, მაგრამ თავისუფლად შეუძლია დამოუკიდებელი იყოს.
"იგი "ქართული ოცნების" წევრია და ამიტომ, პატრიის აზრს, რომელსაც პრემიერი ლიდერობს იზიარებს, მაგრამ, ჩემი აზრით, დამოკიდებულებაზე საუბარი არ არის",-ამბობს აგაკიშიევი.
არჩევნებამდე ქართველი პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ბოლო დროს ყველაზე სამართლიანი არჩევნებისთვის ემზადებოდნენ. აგაკიშიევის თქმით, ისინი მართალნი აღმოჩნდნენ. "სხვადასხვა ქვეყნიდან არჩევნებს 700-ზე მეტი დამკვირვებელი ესწრებოდა და არ არსებობს იმის საფუძველი, რომ არჩევნები არადემოკრატიული იყო ან რაიმე სერიოზული დარღვევებით მოხდა",- ამბობს პოლიტოლოგი.
ქვეყანაში მთავრობის ცვლილება მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც საკუთარი მმართველობის წლებში ბევრი მტერი შეიძინა, სერიოზულ პრობლემებს ჰპირდება, მან შესაძლოა საქართველოს ექს-პრემიერის ვანო მერაბიშვილის ბედი გაიზიაროს, რომელიც ამჟამად ციხეშია.
"საუკეთესო შემთხვევაში სააკაშვილს ქვეყნის დატოვება, პოლიტიკური საქმიანობაზე უარის თქმა მოუწევს. მას შეუძლია დარჩეს და განსასჯელის სკამზე მოხვდეს. თუმცა, გმირს არ ჰგავს, ამიტომ ვფიქრობ, იგი ქვეყნის დატოვებას შეეცდება",- ამბობს ვლასოვი.
იგივე აზრს იზიარებს ორგანიზაცია "კავკასიური თანამშრომლობის" წარმომადგენელი ნიკოლაი სილაევი. მისი აზრით, იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში აღმოჩნდება, ორი ფაქტორი მეტყველებს.
როგორ ექსპერტმა განმარტა, ნინო ბურჯანაძე, რომელმაც ხმების 10 %-ზე მეტი მოაგროვა, პოლიტიკური სამართლიანობის აღდგენას - კერძოდ, ყოფილი პრეზიდენტის პასუხისგებაში მიცემას უჭერდა მხარს და გამარჯვებულ მხარესაც ამ სურვილთან შეგუება მოუწევს.
"მოსახლეობის ამ 10%-ის სურვილზე რეაგირება როგორღაც უნდა მოხდეს. საკითხის გადაწყვეტისას, მთავრობას თავისუფლად შეუძლია, როგორც რუსეთში ამბობენ, სააკაშვილი "წითელი ზღურბლიდან" გადააგდოს",-ამბობს ექსპერტი.
"ამჟამად სააკაშვილი არავის სჭიდება - ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც კი, იგი ძრავის ნაცვლად, ბალასტად იქცა",- აღნიშნავს სილაევი.
მომზადებულია rbc.ru-ს მიხედვით.