მიხეილ სააკაშვილმა 250-მდე პირი შეიწყალა. მათ შორის, ზურაბ ადეიშვილის ძმა დავით ადეიშვილი, რომელიც ძებნაში იმყოფება, ასევე ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელი მაიზერ ლიპარტელიანი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, თინა ბურჯალიანის მეუღლე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი. შეწყალების კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია, პრეზიდენტი ვის შეწყალებას აპირებდა. ელენე თევდორაძე სააკაშვილის ნაბიჯს "მორალურად უპასუხისმგებლოს" უწოდებს და "ვერსიასთან" ნაციონალურ მოძრაობაში გავლენიან პოლიტიკოსებთან ურთიერთობის დეტალებსაც იხსენებს.
- პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის მიერ რეკომენდებულ პატიმართა სიას ჩემთვის უცნობი 72 პირი დაამატა და შეიწყალა. სოზარ სუბარი აცხადებს, კომისიამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მის პოზიციას არ ვიზიარებ - ვიმეორებ, ეს ადამიანები კომისიას არ შეუწყალებია!
- თქვენი რეკომენდაციის გარეშე პრეზიდენტს პატიმართა შეწყალების უფლება ჰქონდა?
- რა თქმა უნდა, შეწყალება პრეზიდენტის იურიდიული უფლებაა. რა უნდა მექნა, როცა ამის შესახებ ინფორმაციაც კი არ მქონდა?! მიხეილ სააკაშვილმა მორალურად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა კონსტიტუციურად ამის უფლება ჰქონდა.
- ყოფილი თანაგუნდელების შესახებ სკანდალურ განცხადებებს აკეთებთ - ვანო მერაბიშვილი მოკვლით მემუქრებოდა, 9 წლის განმავლობაში ციხეებში პატიმრების რაოდენობა დაფინანსების მისაღებად ხელოვნურად იზრდებოდაო...
- ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, როცა 2005 წელს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია - რუსთავში მომავალი სამი პირი ციხეში ბუნტის დაწყებას აპირებდა, თუმცა პოლიციასთან ორმხრივი სროლის შედეგად დაიხოცნენო. მოგვიანებით შევიტყვე, რომ არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც ამტკიცებენ - დიდ დიღომში ამ სამმა ადამიანმა სამართალდამცავების წინაშე დაიჩოქა და დაპატიმრებას ითხოვდა, მაგრამ დახვრიტესო. ეს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში განხორციელებული პირველი დახვრეტა იყო და ამ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში სესიაზე მოსულ ვანო მერაბიშვილს ვესაუბრე. კარგად მახსოვს, ლოჟაში იჯდა, მივედი და ვუთხარი - შესაძლოა ამის შესახებ არ იცი, მაგრამ დახოცილი ადამიანები პოლიციაში მშვიდობიანად ჩაბარებას აპირებდნენ-მეთქი. მან კი მიპასუხა: სანამ 200 ასეთ ნაძირალას მიწაში არ ჩავდებ, არ მოვისვენებო და დასძინა - შენც მიგაყოლებო...
- მუქარის შეგეშინდათ, ამის შესახებ მაშინვე საჯაროდ რატომ არ განაცხადეთ?
- ვანოს ნათქვამი ხუმრობად აღვიქვი, თუმცა ფაქტია, ამ წინადადებამ ჩემს წინააღმდეგ გაიჟღერა. მაშინ საზოგადოებასაც მოსწონდა, სამართალდამცავები ქუჩაში როგორ ხვრეტდნენ და აპატიმრებდნენ ადამიანებს, რადგან ხალხი კრიმინალების პარპაშით იყო დაღლილი. სამართალდამცავების სახლში შეჭრისა და ტელევიზორში ღამის პერანგში გამოწყობილი ქალების ჩვენებას პირველი შევეწინააღმდეგე, გია ბარამიძესთან საჯაროდ ვიკამათე კიდეც, მსგავსი რამ დაუშვებელია-მეთქი... ფაქტია, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკა 200 ადამიანის მიწაში ჩაწვენას გულისხმობდა. სწორედ ამ ამბის შემდეგ დაიწყო მოქალაქეების ქუჩაში ჩაცხრილვის პროცესი - გირგვლიანი, რობაქიძე, ვაზაგაშვილი... პარალელურად, ციხეებში პატიმრების რაოდენობა კატასტროფული ტემპით იზრდებოდა.
- დაასახელეთ, რომელი მაღალჩინოსნის მითითება იყო ციხეებში პატიმრების რაოდენობის გაზრდა დაფინანსების მისაღებად ან თქვენ რა გააკეთეთ ამ ფაქტის პრევენციისთვის?
- ვარდების რევოლუციამდე ქვეყანაში 4 800 პატიმარი იყო, 2005 წელს კი მსჯავრდებულთა რიცხვი 16 ათასამდე გაიზარდა. რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა შემძრა და გიგა ბოკერიას, რომელიც მაშინ თანამოაზრედ მიმაჩნდა, ვუთხარი - არ მომწონს პატიმართა რაოდენობის ამ ტემპით ზრდა და რამე ვიღონოთ-მეთქი. ბოკერიამ მიპასუხა, 24 ათასამდე როცა ავალთ, ახალი ციხეების ასაშენებლად ფულს მივიღებთო.
- მაშინ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რიგითი დეპუტატი გიგა ბოკერიაც ციხეში პატიმართა რაოდენობას რატომ წყვეტდა?
- დიახ, მაშინ გიგა ბოკერია ჩვეულებრივი დეპუტატი იყო, თუმცა ნაციონალურ მოძრაობაში სერიოზული ავტორიტეტი ყოველთვის გააჩნდა. სააკაშვილთანაც ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა და პრეზიდენტზე სერიოზულ გავლენასაც ახდენდა. ციხეებში ძალადობის პოლიტიკა თავისუფლების ინსტიტუტიდან, კერძოდ, ლევან რამიშვილისგან მოდიოდა. მახსოვს, ერთხელ ლევან რამიშვილი პარლამენტში შემხვდა და მკითხა - პატიმრებს ასე ხშირად რატომ იწყალებთო? მოგვიანებით, იგივე კითხვა ბოკერიამაც დამისვა. რამდენიმე დღეში კი ცნობილი გახდა, რომ შეწყალების კომისიის მუშაობის გრაფიკი იცვლებოდა და წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეგვეძლო სხდომის ჩატარება. საეკლესიო დღესასწაულებზე პატიმართა ამნისტირების შესახებ სპეციალური წერილი უნდა დამეწერა.
- საზოგადოებაში დღემდე მუსირებს აზრი, რომ ციხეებში 9-წლიანი ძალადობის პოლიტიკის იდეოლოგი ზურაბ ადეიშვილი და ბაჩო ახალაია არიან.
- ბოკერია და ადეიშვილი ერთი ჯგუფია... რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, იგი მაშინ გავიცანი, როცა ომბუდსმენ სოზარ სუბარის მოადგილე იყო. პირველ შეხვედრაზე ჩემზე ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ როცა სასჯელაღსრულების მინისტრად დაინიშნა, ითქვა, რომ პატიმრების ცემა-ტყეპა ციხეში არსებული ქურდული სამყაროს გასაქრობად აუცილებელი იყო.
- ციხეში არსებული ძალადობის შესახებ ინფორმაცია წლების განმავლობაში გქონდათ და უფლებადამცველმა ეს ფაქტი საიდუმლოდ შეინახეთ?
- ბაჩო ახალაიას ველაპარაკე, რომელმაც მითხრა, რომ პატიმრებთან მსგავს მოპყრობას მას ავალებდნენ, თუმცა ვინ - არ დაასახელა. მაშინ გავაფრთხილე, მეხუთე იზოლატორის უფროსი და ქუთაისის ციხის დირექტორი დეისაძე თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ყოფილმა პატიმრებმა მოკლეს, ასე რომ, როცა შენი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, არავინ გაიხსენებს ბრძანების გამცემს და ჯოხი შენზე გადატყდება-მეთქი.
- ანუ ბაჩო ახალაია მსხვერპლია, რომელიც თანაგუნდელებმა გაწირეს?
- ციხის ბუნტთან დაკაშვირებით, ბაჩო ახალაიას სამი წელი და ცხრა თვე უკვე მიუსაჯეს, თუმცა უნდა ვაღიარო, ეს სასჯელი ლოიალურია. ბაჩოს ციხის ბუნტში მონაწილეობა რომც არ მიეღო, მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დამდგარიყო, რადგან ციხე მის დაქვემდებარებაში იყო. ვფიქრობ, ამ საკითხზე იუსტიციის ყოფილი მინისტრიც უნდა დაისაჯოს - სააკაშვილის ირგვლივ ყოველთვის ერთი ვიწრო წრე იყო შეკრული, რომელთა გარეშე ქვეყანაში, პრაქტიკულად, საკითხი ვერ წყდებოდა. ერთ მაგალითს გავიხსენებ: ორ საკმაოდ ცნობილ საქმესთან დაკავშირებით ჩავთვალე, რომ პროკურატურა არასწორი მიმართულებით მუშაობდა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილსაც ვუთხარი და შესაბამისი დოკუმენტებიც ვაჩვენე. მან მაშინვე ადეიშვილს დაურეკა და უთხრა - ელენემ დოკუმენტები მომიტანა, შენ კი სულ სხვა რამეს მიმტკიცებდიო. ამის შემდეგ ადეიშვილს შევხვდი და პროკურატურამ ორივე საქმის მიმართ დამოკიდებულებაც შეცვალა... ამიტომ მიმაჩნია, რომ მმართველობის პირველ ეტაპზე, სააკაშვილს არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ.
- თქვენ ხომ გქონდათ ინფორმაცია. თუ სააკაშვილი გუნდის წევრებს შეცდომაში შეყავდათ, რატომ არ ჩააყენეთ პრეზიდენტი საქმის კურსში?
- სააკაშვილს ბევრჯერ ვუთხარი, ციხეებში უმძიმესი ვითარებაა, პატიმრები სკამზე მორიგეობით სხდებიან და რამე ვიღონოთ-მეთქი, მაგრამ ამის შემდეგ მიშა აღარ მხვდებოდა. ადრე, საქართველოს კანონმდებლობით, ჩადენილი დანაშაულისთვის არასრულწლოვნები მხოლოდ 14 წლიდან ისჯებოდნენ. პრეზიდენტის ინიციატივით, პარლამენტში კანონპროექტი შევიდა, რომლის თანახმად, ზღვარი 11 წლამდე უნდა დაწეულიყო. აღვშფოთდი და სააკაშვილს ვუთხარი – შენი შვილი ახლა 10 წლისაა, წარმოიდგინე, ერთი წლის შემდეგ ჯიბეში დანა რომ უპოვონ და დაიჭირონ-მეთქი... მიპასუხა, ამ ინიციატივის შესახებ კარგად არ ვიცი, დილით ბოკერიამ დამირეკა, მელაპარაკებოდა რაღაცას და თუ ასეა, აუცილებლად შევცვლიო. მეორე დღეს პარლამენტში ბოკერია შემხვდა და ნიშნის მოგებით მითხრა, თქვენი ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტს შევხვდი და დავარწმუნე, რომ არასრულწლოვნებზე კანონი უნდა დამტკიცდესო.
- დღეს საზოგადოებას რთულად დააჯერებთ, რომ ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის გარეშე წყდებოდა მნიშვნელოვანი საკითხები.
- არაფერს ვამტკიცებ. მხოლოდ იმას ვყვები, რაც ჩემი თვალით მინახავს. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ნაციონალურ მოძრაობასთან ჩემი ურთიერთობა დაიძაბა. სააკაშვილი, როგორც გითხარით, აღარ მხვდებოდა. თანაც, ვერაფერს შევცვლიდი, რადგან ამ პარტიის წევრი, უამრავი შემოთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მიუხედავად, არასოდეს ვყოფილვარ. თავს ყოველთვის ზურაბ ჟვანიას თანაგუნდელად მივიჩნევდი, მისი გარდაცვალების შემდეგ ყველაფერზე ერთდროულად აღვშფოთდი და პარლამენტიდან წამოვედი. როცა ეს ამბავი გავიგე, ინტუიციურად ვიგრძენი, რომ პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. სააკაშვილისთვის ჟვანია დიდი ავტორიტეტი იყო, რაც მის ახლო გარემოცვას ნერვებს ძალიან უშლიდა. ვიწრო წრეს, რომელზეც ვსაუბრობდი, არ მოსწონდა, რომ ზურას სააკაშვილზე გავლენა ჰქონდა - ეს ბევრს აღიზიანებდა, კონკრეტულად არავის დავასახელებ, გამოძიების შედეგებს დაველოდები.
- მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებულ შეწყალების კომისიას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდით. თქვენი "აღსარება" თანამდებობაზე დარჩენის მიზნით ახალ პრეზიდენტთან საერთო ენის გამონახვის მცდელობა ხომ არაა?
- შეწყალების კომისიაში სააკაშვილს კი არ ვემსახურებოდი, პატიმართა ოჯახებს ვეხმარებოდი. 2008 წლის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებთანაც მხოლოდ წერილობითი ან სატელეფონო ურთიერთობა მქონდა. კომისიის თავმჯდომარედ დარჩენის სურვილი კი, რა თქმა უნდა, მაქვს. არ მინდა, უსაქმოდ დავრჩე, თუმცა ეს მხოლოდ ახალი პრეზიდენტის გადასაწყვეტია.
რუსუდან შელია
ასევე იხილეთ: "შაშკინის დროს პატიმრები მირეკავდნენ: ბაჩო გვენატრებაო" - ელენე თევდორაძე