ძებნაში მყოფი კახეთის ყოფილი გუბერნატორის მოადგილე, დავით ადეიშვილი, რომელსაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, პრეზიდენტმა გუშინ შეიწყალა. ეს ამბავი დავით ადეიშვილის მამამ, შალვა ადეიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენრტრის ჟურნალისტისგან შეიტყო. შალვა ადეიშვილის თქმით, მისი შვილი შეწყალების მიუხედავად, სამშობლოში მაინც არ დაბრუნდება.
"როდის შეიწყალა? მადლობთ, გაიხარეთ. მაგრამ მაინც არ ჩამოვა, არა. ესენი ეხლა სხვა რაღაცას მოუდებენ შარად", - განაცხადა შალვა ადეიშვილმა.
დავით ადეიშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში იყო მსჯავრდებული. თელავის რაიონულმა სასამართლომ მას განაჩენი 2013 წლის 2 სექტემბერს, დაუსწრებლად გამოუტანა. კახეთის საოლქო პროკურატურა დავით ადეიშვილს იმაში ადანაშაულებდა, რომ 2005 წელს, როცა კახეთის გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა, მან თელავის ბაზრის მესაკუთრეები აიძულა, წილი მისი ნდობით აღჭურვილი პირის, ჯაბრაილ ხანგოშვილის სასარგებლოდ დაეთმოთ.