საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღე აღინიშნება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მსოფლიო დაზოგვის დღეს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები წელს უკვე მეორედ აღნიშნავენ.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დაზოგვის კვირეულის გახსნასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქართველი ერი ერთ-ერთი ყველაზე მხარჯველი ერია.
მისი თქმით, ყველაფერი მარტივად იწყება, როდესაც მომხმარებელი განვადებით იძენს ძვირადღირებულ ტელეფონს, რასაც შემდგომ საკრედიტო ბარათი ემატება.
"ამას შემდგომ ემატება ერთ დღეში სესხის დამტკიცების და ზაფხულში შვებულების კარგად გატარების შეთავაზება. შემდეგ მომხმარებელი იღებს მეორე საკრედიტო ბარათს, იმისთვის, რომ გადაფაროს პირველი და საბოლოო ჯამში, აღმოაჩენს, რომ რამდენიმე საკრედიტო ბარათი და რამდენიმე სესხი აქვს, რაც საკმაოდ ძვირადღირებულია. გამოსავლის ძიებაში ასეთი ტიპის მომხმარებელი ყველა სხვა სესხის გადასაფარად იღებს დიდ სესხს და იპოთეკით ტვირთავს უძრავ ქონებას. ამას მარტივად შეგვიძლია დავარქვათ საკრედიტო მახე, რაც მსოფლიოში გავრცელებული პრობლემაა", - განაცხადა ქადაგიძემ.
მისი თქმით, განვითარებული სამყარო ამ პრობლემას განათლების ამაღლებით და მომხმარებლის მაქსიმალური ინფორმირებულობით ებრძვის.
"მხოლოდ ინფორმირებული მომხმარებელი იღებს სწორ გადაწყვეტილებას და არის სასარგებლო როგორც კომერციულიო ბანკის, ისე საკუთარი თავისთვის. ამ მიმართულებით კმაყოფილი ვარ იმ თანამშრომლობის დონით, რომელიც გვაქვს კომერციულ ბანკებთან. ერთი მხრივ, კომერციული ბანკის უპირველესი ვალდებულოებაა კეთილსინდისიერად მოემსახუროს მომხმარებელს, მაგრამ მომხმარებელიც ვალდებულია, პასუხისმგებლობა აიღოს მიღებულ გადაწყვეტილებებზე, კარგად წაიკითხოს ხელშეკრულება და კარგად დაგეგმოს საკუთარი ფინანსური რესურსი", - აღნიშნა ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ დაზოგვის კვირეულის ფარგლებში განხორციელებული კამპანია წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ფინანსური ინფორმირებულობის ამაღლების კუთხით.
დაზოგვის კვირეული 8 ნოემბერს - ბანკირის დღეს დასრულდება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ქართული კომერციული ბანკები, შემნახველი ბანკების ფონდი - საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ბანკების ასოციაცია და საქართველოს საბანკო ტრენინგ ცენტრი.
"დანაზოგები მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, ფინანსური ინსტიტუტებისა და მოსახლეობისთვის - დანაზოგები წარმოადგენს ფინანსური ინვესტიციებისთვის ხელმისაწვდომ რესურსს, დანაზოგების გარეშე სტაბილური ეკონომიკური ზრდა არ იქნება. დანაზოგები ბანკებისთვის რეფინანსირების მნიშვნელოვანი წყაროა და ბოლოს, დანაზოგები წარმოქმნიან ინსტრუმენტს, რომელიც ავადმყოფობასთან, უმუშევრობასთან და სხვა ეკონომიკურ სირთულეებთან დაკავშირებული რისკებისაგან გვიცავს. უმჯობესია, ხალხმა სურვილების ასრულებისას ისარგებლოს დანაზოგით, ვიდრე აუცილებლობისთვის გამოტანილი სესხების გამო ზედმეტი ვალების რისკის წინაშე დადგეს. დანაზოგების საშუალებით, დღევანდელი დღის საჭიროებების დაკმაყოფილება მომავალი თაობებისთვის სოციალური და ეკონომიკური გარემოს დაუზიანებლად ხდება. მსოფლიო დაზოგვის დღის ჩატარება სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციების, ეროვნული ბანკის, აკადემიებისა და ასოციაციების მონაწილეობით ფინანსური სექტორისადმი მოსახლეობის ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
დაზოგვის კვირეულთან დაკავშირებით გაიხსნება ვებ-გვერდი www.grovia.com.ge http://www.grovia.com.ge, რომელზეც განთავსდება ინფორმაცია როგორც დაზოგვის დღეზე, ასევე საბანკო პროდუქტებზე, მომსახურებებსა და, ზოგადად, მომხმარებელთა უფლებებზე.
მონაწილე ბანკებს წარმოდგენილი ექნებათ საერთო მასალები (ბროშურები, ვიდეოკლიპები და დაზოგვის დღის საერთო სიმბოლო - გროვია), რომლებსაც ისინი არჩევნისამებრ გამოიყენებენ ბავშვებსა და მშობლებზე ორიენტირებულ სხვადასხვა აქტივობებში.
ბროშურების გავრცელების, ასევე ბანკების ფილიალებში, ბანკომატებზე, ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებში ვიდეოს განთავსების გარდა, ქართული კომერციული ბანკები ეწვევიან სკოლებს თბილისსა და რეგიონებში, ჩაატარებენ პრეზენტაციებს, გაკვეთილებს ფინანსურ განათლებაზე და ასევე გაავრცელებენ ინფორმაციას დაზოგვის კულტურაზე. ბანკები სკოლის მოსწავლეებისთვის მოაწყობენ შეჯიბრებებსა და თამაშებს. გარდა საშუალო სკოლებისა, ფინანსური სექტორის წარმომადგენლები ესტუმრებიან უნივერსიტეტებსა და კლიენტ ორგანიზაციებს და დანაზოგების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.
ეროვნული ბანკის შეფასებით, კვირეული აამაღლებს ნდობას ფინანსური სექტორისადმი და მოუწოდებს ხალხს, დაზოგონ ფული ბანკებში.