ისტორიას ახსოვს მაჟინოს ხაზი საფრანგეთში და მანერჰეიმის თავდაცვის ზოლი ფინეთში. მალე მათ შეემატება თბილისის მისადგომებთან სააკაშვილის სახელობის თავდაცვის ზღუდეც, მიუხედავად იმისა, რომ იგი, საბედნიეროდ, ბრძოლებში არ გამოცდილა.
პრეზიდენტობის ბოლოს მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა და კიდევ ერთხელ განაცვიფრა საზოგადოება, როდესაც თხრილში მდგარმა პირველად გაახმაურა აგვისტოს ომის შემდგომი პერიოდის საქართველოს ყველაზე დიდი საიდუმლო - ჩემმა ხელისუფლებამ თბილისის დასაცავად რამდენიმე ათეული კილომეტრი თავდაცვითი ზღუდეები ააგო, ახალმა მთავრობამ კი ეს მნიშვნელოვანი სამუშაოები შეაჩერა, რითაც დედაქალაქი დიდი საფრთხის წინაშე დააყენაო...
მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ თბილისის მისადგომებთან სხვადასხვა მიმართულებით თხრილების გაჭრა და ბეტონირებული ბუნკერების აშენების პროცესი გასაიდუმლოებულად ითვლებოდა, მის შესახებ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცოდა, თუნდაც იმიტომ, რომ მცხეთასთან, ტრასიდან, ისევე, როგორც წითელი ხიდისკენ მიმავალი გზიდან, კარგად ჩანდა ეს სამუშაოები.
მაშინ რომ ამ თემაზე რამე დაგვეწერა, რა თქმა უნდა, რუსეთის აგენტობას დაგვაბრალებდნენ, არადა, ამ თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობების პროცესი ჩანდა როგორც "გუგლის" რუკებზე ინტერნეტში, ისე - რუსული კოსმოსური სადაზვერვო თანამგზავრების გადაღებულ ფოტოებზე. მცხეთასთან მშენებარე ბეტონირებულ ბუნკერებს დროდადრო ის პატარა უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატები გადაუფრენდნენ, რომლებსაც რუსეთის სამხედრო დაზვერვის სპეციალისტები ოკუპირებული ახალგორის რაიონიდან უშვებდნენ...
იმ ტანკსაწინააღმდეგო თხრილს, რომელშიც ჯერ კიდევ პრეზიდენტის სტატუსის მქონე სააკაშვილი იდგა და ამით ამაყობდა, ჩვენდა სამწუხაროდ, არ შეუძლია მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო კოლონის არათუ შეჩერება, არამედ რამდენიმე საათით შეყოვნებაც კი.
მიზეზი ძალზე მარტივია - თუკი 100 მ ტანკსაწინააღმდეგო თხრილის გასათხრელად ექსკავატორს 20-25 სთ სჭირდება, მის გადასალახავად საკმარისია... 3 წუთი!
სწორედ 2,5-5 წუთი სჭირდება რუსეთის არმიის შეიარაღებაში არსებული Т-72 ტიპის ტანკის ბაზაზე შექმნილ ხიდგამდებ МТУ-72-ს, რომ მაქსიმალურ 18 მ სიგანის თხრილზე ხიდი გადოს (არადა, სააკაშვილის თხრილის სიგანე სამი მეტრიც არ იყო), რომელზეც 50 ტონამდე მასის ნებისმიერ ტანკსა და სხვა საბრძოლო ტექნიკას შეუძლია გადასვლა. ამ ხიდებს საიერიშოსაც უწოდებენ, რადგან ეკიპაჟს ჯავშნიანი მანქანიდან გადმოუსვლელად მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ შეუძლია ხიდის გადება.