მავთულხლართების სიახლოვეს მდებარე სოფელ დვანში არჩევნები მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა, სადაც მონაწილეობა ამომრჩევლების 61%-მა მიიღო. დვანში მმართველი გუნდის წარმომადგენელმა გიორგი მარგველაშვილმა ხმების - 60%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ - 31% აიღო. ნინო ბურჯანაძეს კი მხოლოდ 4% ერგო.
უფრო კონკრეტულად, ქარელის რაიონის სოფელი დვანის 1196 ამომრჩეველიდან, არჩევნებზე 730 გამოცხადდა. ხმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: 439 ხმა - გიორგი მარგველაშვილს, 229 - დავით ბაქრაძეს, 30 - ნინო ბურჯანაძეს.
რაც შეეხება გორის რაიონის "მავთულხლართებისპირა" სოფლებს, ყველგან ერთმანეთის მსგავსი სურათია. გამარჯვება ყველგან გიორგი მარგველაშვილმა მოიპოვა და მეორე ადგილზე ყველგან დავით ბაქრაძე გავიდა.