საპრეზიდენტო არჩევნებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვინ გახდება საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი. ბიძინა ივანიშვილი პრემიერის პოსტზე შემცვლელს კვირის ბოლოს დაასახელებს. თუმცა კულუარებში აქტიურად სახელდება ორი პიროვნება. ეს არის ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. თუმცა ეს უკანასკნელი პრემიერს ოქროს ფონდში ჰყავს გადანახული და წინა პლანზე წამოწეულია სერგეენკოს გვარი. კულუარულ საუბრებში, გვიდასტურებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა განხილვის საგანი იყო, თუმცა დროებით შეჩერდა და დღეს უკვე აქტიურად განიხილება პრემიერად დავით სერგეენკო. თუკი ბიძინა ივანიშვილის ხასიათს გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული, რომ ბოლო მომენტში მან ყველასთვის მოულოდნელი გვარი დაასახელოს პრემიერის პოსტზე და სერგეენკოს გვარის წამოწევა შესაძლოა, ზონდაჟის მიზნითაც ხორციელდებოდეს.
მიუხედავად იმისა, რომ სერგეენკო მართლაც კარგი ჯანდაცვის მინისტრია, გაწონასწორებული, კარგი მენეჯერი და საქმეზე ორიენტირებული, ის მაინც ექიმია და არა ეკონომისტი, თუმცა არც ეს იქნება პრობლემა, რადგან სერგეენკო გამორჩეულია მენეჯერობის უნარით, მაგრამ რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ის არის მჭრელი, როგორც ალმასი, ივანიშვილის უერთგულესი, კარგი ეკონომიკური განათლებით და გამოირჩევა ორგანიზატორული ნიჭით. თუკი პრემიერს ჩაფიქრებული აქვს, რომ ქვეყანა უფრო დინამიურად და სწრაფად განვითარდეს, ასეთ შემთხვევაში ლოგიკურია პრემიერის პოსტზე ვიხილოთ ღარიბაშვილი. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ივანიშვილის მიზანია, ქვეყანაში კარდინალური ცვლილებები არ მოხდეს, შესაძლოა, ის სერგეენკოს კანდიდატურაზე შეჯერდეს.
ყოფილი პარლამენტარი და იურისტი ვალერი გელბახიანი ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "ალიასთან" საკუთარ პოზიციას აფიქსირებს:
- ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, კოალიცია "ქართული ოცნება" შეძლებს ადგილობრივ არჩევნებზე ერთიანი ძალით გამოვიდეს? ივანიშვილმა ბოლო პრესკონფერენციაზე მიანიშნა, რომ საჭიროა, ახალგაზრდებმა შექმნან ახალი პოლიტიკური ძალა. ეს რას ნიშნავს?
- ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ კოალიცია კარგავს ხალხის მხარდაჭერას, ისინი შემდგომ არჩევნებში ვერ მიიღებენ ხმათა იმ რაოდენობას, რომელსაც პარლამენტის უმრავლესობის დაკომპლექტება შეუძლია. მათ ეს ინფორმაცია აქვთ და არის იმის საფრთხე, რომ შემდეგ არჩევნებში, იქნება ეს ადგილობრივი თუ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, კოალიცია თავს ვეღარ დაიჭერს და ცალ-ცალკე ეს პარტიები ვერ შექმნიან სახელისუფლებო უმრავლესობას. ბიძინა ივანიშვილმა უნდა შექმნას ახალი პოლიტიკური ძალა ახალი სახეებით, ივანიშვილის სახელით გამოვა ის ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებს ხალხის მხარდაჭერას იმ რაოდენობით, რამდენიც საჭიროა უმრავლესობის შესაქმნელად. მე თქვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ ივანიშვილის პოლიტიკურ მემკვიდრედ სახელდება ადამიანი, რომელსაც დაწყებული აქვს პოლიტიკური პარტიის მშენებლობა. ეს გახლავთ ირაკლი ღარიბაშვილი. პარტია "ქართული ოცნებიდან" დარჩება ამ ახალი პარტიის მხარდამჭერი, ხოლო იმ პოლიტიკოსთა ნაწილი, ვისზეც კომპრომატები ქვეყნდება, კოალიცია "ოცნებიდან", ისინი წარსულს ჩაბარდებიან და მომავალი პარლამენტი დაკომპლექტდება ახალი სახეებით. ამიტომ, იწყება ახალი პოლიტიკური პარტიის მშენებლობა, რომლის სათავეშიც ჩადგება ირაკლი ღარიბაშვილი და ეს პარტია იქნება წამყვანი პოლიტიკური ძალა საქართველოში. ეს არის რეალობა, ივანიშვილი პირდაპირ არ აცხადებს, თუმცა მისი განცხადებებით არ მალავს, რომ ღერძულა ხაზი იქნება ის, რაც ახლა გითხარით.
- ეს კვირა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან უნდა დასახელდეს ახალი პრემიერი. ამ პოსტზე ძირითადად განიხილება ორი კანდიდატურა – დავით სერგეენკო და ირაკლი ღარიბაშვილი. არსებობს თეორიული შანსი, რომ აბსოლუტურად უცნობი პიროვნება წარადგინოს ივანიშვილმა პრემიერის პოსტზე და შეხვდება თუ არა ივანიშვილს წინააღმდეგობა ახალი პრემიერის დამტკიცებისას პარლამენტში?
- უმრავლესობაში, ძირითადად ორი პოლიტიკური ძალაა წამყვანი: "ალასანია - თავისუფალი დეკომრატები" და "რესპუბლიკელები". "რესპუბლიკელები" ყრილობას ატარებენ და თავმჯდომარის - დავით უსუფაშვილის შეცვლის საკითხს აყენებენ, რამდენად წაადგება მათ რეიტინგს თავმჯდომარის შეცვლა, ამის თქმა ჯერჯერობით ძნელია, მაგრამ ფაქტია, ამ ორ ძალას წამყვანი პოზიცია უკავია აღმასრულებელ რგოლში და საკანონმდებლო ორგანოში. საკითხავი სწორედ ის არის, სად იკვეთება მათი ინტერესები და რამდენად აწყობთ მათ ის ახალი პრემიერი, რომელსაც ივანიშვილი წარადგენს. ჯერჯერობით ეს ორი პოლიტიკური ძალა თმენის რეჟიმშია გადასული და ისინი ელოდებიან ივანიშვილის პრემიერის პოსტიდან წასვლას. წასვლის მომენტიდან ივანიშვილი რჩება პოლიტიკურ ლიდერად და არა, ხელისუფლად. კონსტიტუციურად ასე ხდება, შეიკრიბება კოალიციის პოლიტიკური საბჭო, რომლის ლიდერი კვლავ არის ბატონი ივანიშვილი, იქ იქნება მსჯელობა უკვე როგორც არა პრემიერთან, არამედ, როგორც პოლიტიკურ ლიდერთან. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის მხრიდან პრემიერის პოსტზე დასახელებული ყველა კანდიდატის მიმართ იქნება პოლემიკა, კანდიდატი აღარ იქნება შერჩეული იმის მიხედვით, კარგი ბიჭია ის თუ ცუდი, უკვე დადგება, საკითხი, როგორ მოუწევს ახალ პრემიერს თანამშრომლობა წამყვან პოლიტიკურ ძალებთან. თუ საკითხი დადგება ასე, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი სამთავრობო ცვლილებებს არ განახორციელებს, ყველა მინისტრი შეინარჩუნებს თავის პორტფელს, აი, ეს შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი. თითქმის დასახელდა დავით სერგეენკო ახალ პრემიერად, მაგრამ მე მგონია, რომ ოფიციალურად მას არ წარადგენს ივანიშვილი პრემიერის პოსტზე, ეს არის პოლიტიკური ტექნოლოგია, რომ მერე თქვან, რომ იყო სერგეენკოზე მსჯელობა. მე ვიცი, რომ შეიკრიბა პოლიტსაბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით, ბატონი ივანიშვილის მონაწილეობით, ეს საკითხი იყო დასმული, მაგრამ კოალიციის შიგნით არსებულმა პოლიტიკურმა ძალებმა პრობლემა დაინახეს სერგეენკოს კანდიდატურასთან მიმართებაში და ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ სერგეენკოს კანდიდატურა ჩაიხსნება. მისი კანდიდატურა საზოგადოებაში გამოიტანეს საჩვენებლად, სამსჯელოდ, იმის დასამტკიცებლად, რომ გუნდში ერთპიროვნული მმართველობა არ არის, რომ მსჯელობენ, კამათობენ გარკვეული საკითხების ირგვლივ და იტყვიან, - ბევრი ვიკამათეთ, ვერ შევთანხმდით და მოიხსნა სერგეენკოს კანდიდატურაო. სერგეენკოს გარდა, იქ სხვა კანდიდატურაზეც იქნება მსჯელობა, საბოლოოდ კი გავა ისეთი სასურველი კანდიდატურა, რომელზეც თავდაპირველად აქცენტს აკეთებდა ივანიშვილი. ეს არის პოლიტიკური ტექნოლოგია და ცუდი ამაში არაფერი არ არის.
მაინც ის იქნება პრემიერი, ვინც ივანიშვილს აწყობს და არა ის, ვინც ალასანიასა და უსუფაშვილს უნდათ. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ირაკლი ღარიბაშვილი. კოალიციაში არ მეგულება ისეთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც პრემიერის ხარისხში დააბალანსებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, არ მოხდება არც საპარლამენტო კრიზისი და არც სოციალური კრიზისი. იცით, რატომ მგონია, რომ ამას ყველაზე კარგად ღარიბაშვილი შეძლებს? მან გაიარა სკოლა ბიზნეს-დაწესებულებებში, მეორე სკოლა გაიარა ერთი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეს არის ურთულესი სფერო, ის შევიდა სამთავრობო სამზარეულოში. ამიტომ ღარიბაშვილს მეტად აქვს პრობლემები დანახაული და გაცნობიერებული, ვიდრე სხვას. როცა ღარიბაშვილზე შიდა მსჯელობები დაიწყეს, ერთ-ერთ მინუსად უთვლიდნენ, რომ ის არის ახალგაზრდა და მასში ემოცია სჭარბობს, მაგრამ მე რომ მკითხოთ, ეს არის ღარიბაშვილის ერთი პლუსი და ის გაცილებით მეტს გააკეთებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი, რომელიც ამ პოსტზე განიხილება.
მე სააკაშვილის მმართველობაში ბევრი რამ არ მომწონდა, მაგრამ მან შექმნა ქვეყნის ტექნიკური ბაზა. არც შინაგან საქმეთა სამინისტროში, არც გამგეობებში და არც სხვა სამინისტროებში ტექნიკური ბაზა არ არსებობდა, მან ეს შეძლო ახალგაზრდების ინოვაციური აზროვნების ხარჯზე. ამიტომაც მგონია, რომ ღარიბაშვილი, რომელიც ახალგაზრდაა და გამოირჩევა ინოვაციური აზროვნებით, ყველაზე მისაღებია პრემიერის პოსტზე და ბევრ რამეს შეძლებს.
- შინაგან საქმეთა მინისტრის პორტფელი პრემიერ-მინისტრის პორტფელზე არანაკლებ მნიშვნელოვანია... როგორ ფიქრობთ, თუკი პრემიერად ღარიბაშვილს წარადგენს ივანიშვილი, ვის ანდობენ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს?
- ვისაც ღარიბაშვილი დაასახელებს, იმას დანიშნავენ. მას მოადგილეებად სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ჰყავს. ამიტომ არ მგონია, რომ რომელიმე მისი მოადგილე დაინიშნოს შინაგან საქმეთა მინისტრად. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელსაც ღარიბაშვილი ენდობა და მასთან ძალიან დაახლოებული პირია, ჩააბარებენ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ძალიან დიდი მონსტრი, სახელმწიფოში სახელმწიფო, ამიტომ არ შეიძლება აქ ვინმეს ენდო პოლიტიკური ნიშნით, მინისტრი უნდა შეირჩეს ერთგულების ნიშნით. შესაბამისად, თუკი პრემიერი გახდება ღარიბაშვილი, ის აუცილებლად მისი ნდობით აღჭურვილ პიროვნებას ჩააბარებს შინაგან საქმეთა მინისტრის პორტფელს.
- სტრატეგიულად ასევე მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი მარგველაშვილი ვის დანიშნავს უშიშროების საბჭოს მდივნად? ირინა იმერლიშვილის გვარმა გაიჟღერა...
- მარგველაშვილისთვის პრეზიდენტობა იქნება დიდი გამოცდა, მისთვის ძალიან სერიოზული და საკვანძო რგოლია უშიროების საბჭო, ეს არის პრეზიდენტის საყრდენი, სადაც ხდება უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვა, შესაბამისად, ამ პოსტს მარგველაშვილი მიანდობს ისეთ პიროვნებას, რომელიც შეცდომებს არ დაუშვებს. შესაბამისად, ამ პოსტზე შეუძლებელია, ვიხილოთ გამოუცდელი ადამიანი. უშიშროების საბჭოს მდივნის დანიშვნის საკითხი უშუალოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია. წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად თვალყურს ვადევნებდი, ვინ როგორ უჭერდა მხარს მარგველაშვილს. ინფორმაცია შეიძლება ბევრი გავრცელდეს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე შეარჩიოს გოგა ხაინდრავას კანდიდატურა.
- რატომ გგონიათ ასე? გოგა ხაინდრავამ ჩემთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას არანაირი სურვილი არა აქვს, მთავრობაში რაიმე პოსტზე დაინიშნოს...
- იცით, რატომ მგონია ასე? მას აქვს აგრესიული დამოკიდებულება "ნაციონალურ მოძრაობასთან", ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, მეორე - ის არის ძალიან დიდი მხარდამჭერი გიორგი მარგველაშვილის, მესამე – ხაინდრავას აქვს ძალიან სერიოზული პოლიტიკური სკოლა გავლილი, იყო სახელმწიფო მინისტრი, და ბოლო ფაქტორი - ის არის ივლიანე ხაინდრავას ძმა, რომელიც "რესპუბლიკურ პარტიაში" ერთ-ერთ სერიოზულ ძალას წარმოადგენს. ამიტომ მგონია, რომ გოგა ხაინდრავა არის ერთ-ერთი კანდიდატი უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე და არა ერთადერთი. გოგა ხაინდრავა მარგველაშვილის უერთგულესი და ერთ-ერთი დასაყრდენი ძალაა და ამიტომ ვფიქრობ ასე.
- დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, ახალი პრემიერის მინისტრთა კაბინეტში ვინ შეინარჩუნებს პორტფელს?
- ალასანია შეეცდება მისი პარტიიდან ოთხივე მინისტრის პორტფელი შეინარჩუნოს, ეს იქნება პირობა ახალი პრემიერის მხარდასაჭერად. ასეთ შემთხვევაში შეუცვლელი დარჩება საგარეო საქმეთა მინისტრი, თვადაცვის მინისტრი, ანუ თავად ალასანია, იუსტიციის მინისტრი და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრი. თუკი ღარიბაშვილი იქნება პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრის პორტფელს შეავსებს, ალბათ, თავად ღარიბაშვილი, შეიძლება დევნილთა და განსახლების სამინისტროში მოხდეს ცვლილება, დარახველიძეს უკავშირებენ დავით საგანელიძეს და ამბობენ, რომ ახლო ნათესავები არიან, თუ უმრავლესობის ლიდერს – დავით საგანელიძეს პოზიციებს დაათმობინებენ, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს პორტფელი სხვას ჩაბარდება. თუ საგანელიძე პოზიციებს შეინარჩუნებს, მაშინ დარახველიძეს არაფერი ემუქრება. თუკი თავის კვოტას დათმობს "რესპუბლიკური პარტია", საუბარია პაატა ზაქარეიშვილზე, ისინი მაინც თავის კვოტას ჩაანაცვლებენ აღმასრულებელ რგოლში. თუმცა რეინტეგრაციის მინისტრის პორტფელი, რომელიც ზაქარეიშვილს უკავია, ეს არის ცარიელი პორტფელი და ვინ იქნება მინისტრი, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს.
"ალია" დაუკავშირდა გოგა ხაინდრავას ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა უშიროების საბჭოს პოსტზე. მან განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია პირველად ჩვენგან ესმის და მსგავსი რამ არ განხილულა.
ნინო სამხარაძე