ბაჩო ახალაიას საქმეზე მბრალდებელი პროკურორი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ, "ინტერპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.
საქმე ეხება 26 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მომხდარ ინციდენტს. დაჯარიმებულია ინციდენტში მონაწილე ახალაიას მხარდამჭერიც.
"სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სასამართლოს ფოიეში ურთიერთშელაპარაკება მოხდა აღნიშნული სს საქმის პროკურორ ლევან ბაჩიაშვილსა და მოქალაქე იაკობ ჩქვანავას შორის, რაც გადაიზარდა სიტყვიერ შეურაცხყოფაში. მხარეებმა დაარღვიეს წესრიგი და სასამართლოსადმი გამოხატეს აშკარა და უხეში უპატივცემულობა. მითითებული გარემოებები დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. იაკობ ჩქვანავასა და ლევან ბაჩიაშვილის კანონსაწინააღმდეგო ქმედება აღკვეთილ იქნა მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მიერ. სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა მოხსენებითი ბარათები და თანდართული მასალები და სასამართლოს ტერიტორიაზე მყოფ პროკურორ ლევან ბაჩიაშვილსა და მოქალაქე იაკობ ჩქვანავას დააკისრა ჯარიმა, თითოეულს 500-500 ლარის ოდენობით. თავმჯდომარის განკარგულება არ საჩივრდება და აღსრულებისათვის გადაეგზავნა შესაბამის სააღსრულებო ბიუროს", - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.