მიხეილ სააკაშვილი - მე არ დავღლილვარ, მაგრამ მოვიდა დრო, როდესაც თქვენ უნდა დაისვენოთ ჩემგან

მიხეილ სააკაშვილი - მე არ დავღლილვარ, მაგრამ მოვიდა დრო, როდესაც თქვენ უნდა დაისვენოთ ჩემგან

პირადად მე დასვენება არ მჭირდება, მაგრამ მოვიდა დრო, როდესაც თქვენ უნდა დაისვენოთ ჩემგან , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, როდესაც მოსახლეობას პრეზიდენტის სასახლიდან უკანასკნელად მიმართა.

"მე არ დავღლილვარ და არც დავიღლები და სადაც არ უნდა ვიყო, შრომასაც გავაგრძელებ და ბრძოლასაც. არასდროს დავივიწყოთ ის, რომ ქვეყნის წინსვლასა და თავისუფლებისთვის ბრძოლის საქმეში ჩვენ, როგორც ერს, დასვენების დრო არც ახლა გვაქვს და არც მომავალში გვექნება",-განაცხადა სააკაშვილმა.

მან ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც კიევის უნივერსიტეტში მოსახვედრად თბილისში აბარებდა გამოცდას. "მეორე დღეს უნივერსიტეტის წინ ველოდებოდი შედეგების გამოცხადებას და გამოცხადდა, რომ, როგორც ოქროს მედალოსანი, ერთი გამოცდით ჩავირიცხე, თბილისის უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის კიბე ავირბინე და ზუსტად კიბის ბოლოს ჩავიფორთხილე და დავეცი. იქ მდგომი მილიციელი წამოდგომაში დამეხმარა, მხარზე ხელი დამარტყა და მითხრა ის, რაც მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება, მთავარი დაცემა კი არა, არამედ ფეხზე წამოდგომაა და შენ ახლა ყველაფერს თავიდან იწყებ, ყველაფერი წინ არისო.

მე ყოველთვის თქვენს გვერდით და თქვენთან ერთად ვიქნები, თუმცა სხვა შესაძლებლობებით და სხვა შენობიდან. რაზეც უარი არასდროს მითქვამს არის ის, რომ ყოველთვის ვიქნები ჩვენი ამაყი ქვეყნის ამაყი მოქალაქე, ერთ-ერთი მრავალთაგანი თქვენს შორის, ჩემო დებო და ძმებო, ჩვენი საყვარელი საქართველოს შვილებო",-განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჯერჯერობით, კიდევ ბევრი გეგმა დარჩა განუხორციელებელი. "ადრე ხშირად მითქვამს და ეს ასეა, რომ სოხუმი ძალიან ხშირად მესიზმრება. ჩემთვის სოხუმი იდეალური ქართული ქალაქია - ლამაზი, თბილი, სრულიად სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისა და აღმსარებლობის ხალხით დასახლებული, რომლებიც სრულ ჰარმონიაში იმყოფებიან ერთმანეთთან, სადაც ნიჭიერება და პატიოსნება ფასდება და ხალხი თავის შრომით ახდენს სასწაულებს.

ეს სოხუმი აღარ არსებობს, ვინაიდან ჩვენმა დამპყრობლებმა დროებით გაანადგურეს. რუსეთი იქიდან გარდაუვლად წავა და ჩვენ ჩვენს სიზმარს ცხადად ვაქცევთ. თუმცა მანამდე მე დავიწყე ლაზიკას მშენებლობა. ჩემი გეგმით, ლაზიკა უნდა ყოფილიყო ისეთივე ქალაქი - წარმატებული, მომავალზე ორიენტირებული, დღე და ღამე მუყაითად მშრომელი ხალხით დასახლებული, საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ხალხით და უცხოეთიდან დაბრუნებული ჩვენი თანამემამულეებით დასახლებული. ქალაქი, სადაც ნაცნობ-მეგობრობით და ნათესაური კავშირებით კი არა, ნიჭითა და შრომით იკვლევენ გზას. ქალაქი, სადაც უსამართლოდ ვერავის დაჩაგრავენ. სწორედ მათ უნდა გაეერთიანებინათ ის გამოცდილება, რომელიც მივიღეთ ბათუმის, ქუთაისის და სხვა ადგილების აღმშენებლობით და მთელი მსოფლიოს დასანახად და აღსაფრთოვანებლად უნდა შეექმნათ ახალი ქართული სასწაული.

ამ სასწაულის შექმნა, ისევე, როგორც ჩემი ოცნების, რომელიც თითქმის განვახორციელე და ბოლოს შემიჩერეს - ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, რომელიც საფუძველს ჩაუყრიდა ახალ ქართულ საგანმანათლებლო სისტემას - დროებით გადაიდო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ დროებით და ის აუცილებლად გაკეთდება. თუ ამას მე ვეღარ შევძლებ, "მიშასდროინდელი ახალგაზრდობა" მიიყვანს ბოლომდე",-განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ დღეებში "ფეისბუქზე" და სხვა არხებითაც მადლობის უამრავ წერილს იღებდა, მაგრამ დღეს დადგა დღე, "როდესაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ, მინდა თქვენ გითხრათ მადლობა". იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა