მინდა ყველას ვუთხრა, ვისაც ეს არჩევნების შედეგები არ მოსწონს - ნუ ჩამოუშვებთ ხელებს, ყველანაირი უკან დახევა არის დროებითი, – ამის შესახებ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში განვითარებული მოვლენები და შედეგები საქართველოსთვის სერიოზულ უკან დახევას წარმოადგენს.
"მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველო შეუქცევადად მიდის თავისი ბუნებრივი გარემოს, ევროპისკენ, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ამომრჩეველი მყარად უჭერს ამ კურსს მხარს, იმ პირობებში, როდესაც ბოლო წლებში გაიზარდა ჩვენი თანამემამულეების თაობა, გამოჩნდა დიდი ჯგუფი, რომელმაც ფეხი აუწყო ახალ რეალიებს, საბოლოო ჯამში საქართველოში წყვდიადის და რეგრესის ძალები ვერ გაიმარჯვებენ. ყველა სიბნელე დროებითია. ჩვენ, ყველამ პატივი უნდა ვცეთ არჩევნების შედეგებს და მინდა ყველას ვუთხრა, ვისაც ამ ეს არჩევნების შედეგები არ მოსწონს, ნუ ჩამოუშვებთ ხელებს, ყველანაირი უკან დახევა არის დროებითი. საქართველოს აქვს ძალიან კარგი მომავალი, გადავლახავთ ყველა სიძნელეებს, ავინაზღაურებთ დაკარგულ დროს და გავაგრძელებთ სვლას უკეთესი მომავლისკენ", - განაცხადა პრეზიდენტმა. "ინტერპრესნიუსი"