"გზის" #42-ში, რუბრიკაში - "საპატარძლო", დაიბეჭდა მომღერალ გვანცა ბაგრატიონის ინტერვიუ. მასთან შეხვედრის მსურველთა რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ გვანცას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, მათ შორის ყველაზე აქტიური კი 36 წლის გიორგი გაბრიჭიძე აღმოჩნდა. გვანცაც და გიორგიც რედაქციაში მოვიწვიეთ. მათი შეხვედრა შედგა და წყვილმა ჩვენი თანდასწრებით ისაუბრა კიდეც. მათ შორის ასეთი დიალოგი შედგა:
- გიორგი, შენ შესახებ, შენი სახელის გარდა, არაფერი ვიცი...
- გვარად გაბრიჭიძე ვარ, პროფესიით - ადვოკატი.
- ამჟამად პროფესიით მუშაობ?
- დიახ, მოქმედი ადვოკატი ვარ (იცინის).
- რატომ გადაწყვიტე ჩემი გაცნობა, თან - ასე დაჟინებით რატომ ცდილობდი, მიზნისთვის მიგეღწია?
- დიდი ხანია, "ფეისბუკზე" გაკვირდები და ხშირად გწერდი კიდეც, მაგრამ შენ რატომღაც, არასდროს მპასუხობდი. ბოლოს, როცა "გზაში" შენი ინტერვიუ წავიკითხე, გადავწყვიტე, შანსი ხელიდან არ გამეშვა და ჟურნალისტისთვის ჩემი სურვილის შესახებ მომეწერა. დღეს ბედნიერი ვარ, რომ შეგხვდი და შენთან გასაუბრების საშუალება მომეცა. ძალიან მიყვარს საინტერესო და ნიჭიერ ადამიანებთან ურთიერთობა, მით უმეტეს - თუ გონიერი ადამიანი შენნაირი ლამაზი და მომხიბვლელია.
- ისე, ქალების "მუსუსი" ხომ არ ხარ?
- არა, რას ამბობ?!.
- აბა, რატომ გაწითლდი? გატყობ, დიდი "მუსუსი" იქნები... გიორგი, შეგიძლია დამახასიათო? შენი აზრით, როგორი ადამიანი ვარ?
- ძალიან საინტერესო პიროვნება ხარ. საზოგადოებაში ცოტა არასერიოზული ადამიანის იმიჯი შეიქმენი, მაგრამ ვფიქრობ, რეალურად სულ სხვანაირი ხარ. ჩემთვის სასიამოვნოა შენი გაცნობა.
- გმადლობ, ჩემთვისაც სასიამოვნოა. აქამდე მიცნობდი ტელევიზიიდან, პრესიდან, სოციალური ქსელიდან. ახლა, როცა შენ წინ ვზივარ, განსხვავებული აზრი ხომ არ გაგიჩნდა ჩემზე?
- არაორდინარული ადამიანი ხარ. გარეგნულ მხარეს თუ გულისხმობ, გეტყვი, რომ ზუსტად ისეთივე მომხიბვლელი ხარ, როგორიც - ფოტოებში. ისეთი ნიჭიერი და საინტერესო პიროვნება ბრძანდები, როგორი გოგონას გაცნობასაც ველოდი. "ფეისბუკის" შენს გვერდზე გამოქვეყნებული ნახატები მინახავს და თამამად შემიძლია გითხრა, რომ ძალიან კარგად ხატავ. ვფიქრობ, კარგი მომავალი გექნება, თუ რა თქმა უნდა, ცხოვრებას სწორად წარმართავ. მინდა, მეგობრულად გირჩიო: შეეცადე, წარმატებას სხვა გზით მიაღწიო. იმით, რითაც ხალხმა გაგიცნო, პოპულარობას დიდხანს ვერ შეინარჩუნებ.
- დაქორწინებული ხარ თუ არა, არ გეკითხები. ვფიქრობ, ცოლიანი კაცი ჩემს გასაცნობად აქ არ მოვიდოდა. შეყვარებული გყავს?
- დაქორწინებული არ ვარ და არც ვყოფილვარ. შეყვარებულიც არ მყავს. თავისუფალი გახლავართ და ამიტომაც მოვედი შენს გასაცნობად. შეყვარებული რომ მყავდეს, ცოლადაც მოვიყვანდი.
- ასე უცებ იღებ გადაწყვეტილებებს?
- ისეთ ასაკში ვარ, როცა ადამიანს დიდხანს ფიქრის დრო აღარ აქვს (იცინის).
- ჩემნაირ თამამ და უკომპლექსო ადამიანს, რომელსაც შეუძლია, კამერების წინ, ნახევრად შიშველმა იპოზიოროს, ცხოვრებას დაუკავშირებდი?
- ვერ გეტყვი, რომ აზროვნებით აზიელი ან ევროპელი ვარ, თუმცა არსებობს რაღაცები, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. გვანცა, შენ ამ ეტაპზე საკუთარი თავის ძიებაში ხარ და აქედან გამომდინარე, შეიძლება ბევრი რამ ცუდად გამოგივიდა, მაგრამ არა უშავს, ნელ-ნელა ყველაფერს დახვეწ და წარმატებასაც მიაღწევ!
- ინტერვიუში, რომელიც "გზაში" დაიბეჭდა, ისიც აღვნიშნე, - სიყვარულისა და ოჯახის გამო ყველაფერს დავთმობ-მეთქი... ერთგული ადამიანი ხარ? შეძლებ, მეუღლეს მთელი ცხოვრება უერთგულო?
- ბუნებით ნამდვილად, ერთგული ადამიანი ვარ. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვი.
- ისე, მამაკაცების ერთგულების ნაკლებად მჯერა.
- გამონაკლისებიც არსებობენ...
- რამდენი წლის ხარ?
- 2 კვირის წინ 36-ის გავხდი.
- ჩემს ინტერვიუში ალბათ წაიკითხე, რომ მოგზაურობა მიყვარს. შენ რომელ ქვეყანაში წახვიდოდი, საყვარელ ადამიანთან ერთად?
- ალბათ სიყვარულის ქალაქში, პარიზში წავიდოდი.
- იქ ჩემთან ერთად წამოხვიდოდი?
- დიდი სიამოვნებით, რატომაც არა?!
- მინდა გითხრა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ შენი გაცნობით. შემიძლია, ახლა შენს კითხვებს თავად ვუპასუხო. მკითხე, რაც გაინტერესებს.
- პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ ამ შეხვედრას დათანხმდი. მაინტერესებს, რამდენად რეალური იქნება მომავალში ჩვენი ურთიერთობა?
- ურთიერთობა საერთოდ, ბუნებრივად უნდა ჩამოყალიბდეს. უკვე გითხარი, რომ შენი გაცნობა ჩემთვის სასიამოვნოა-მეთქი და სხვა რაღა გითხრა? თუ სურვილი გექნება, ვიმეგობროთ. კარგ ადამიანებს არასოდეს ვკარგავ.
- დიდი მადლობა, ეს ერთგვარ კომპლიმენტად მივიღე. ბოლოდროინდელი შენი ინტერვიუების კითხვისას ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ცოტათი შეიცვალე. ახლა აღარ იღებ ზედმეტად სექსუალურ ფოტოებს. ასეა?
- ნამდვილად ასეა! ვცდილობ, საზოგადოებას თავი სხვაგვარადაც გავაცნო. ჩემი საქმიანობა საქართველოში წამგებიანი აღმოჩნდა. "მოგების" ნაცვლად, ლანძღვა-გინებას ვიღებ. სერიოზულად ვფიქრობ, საქმიანობა საზღვარგარეთ გავაგრძელო.
- ინტერვიუში ისიც თქვი, რომ შენი მომავალი მეუღლე ულტრამილიონერი უნდა იყოს. დღესაც ამ აზრზე ხარ?
- (იცინის) კი, იმავე აზრზე ვარ. რა ვქნა, უფულო ადამიანთან ოჯახურ თანაცხოვრებას ვერ შევძლებ.
- მინდა, მეგობრულად გითხრა: ადამიანმა საკუთარი მოთხოვნები თუ არ გააკონტროლა, შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეს ან ვერ მიიღოს ის სიამოვნება, რასაც ცხოვრება სთავაზობს. მესმის შენი, ყველა ქალი უზრუნველ ცხოვრებაზე, პრინცთან შეხვედრაზე ოცნებობს, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, შენ ამ ყველაფერზე დაუფარავად ლაპარაკობ.
- დიდი მადლობა რჩევისთვის. მთავარია, ჯანმრთელად ვიყო და ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა.
- სხვას რას საქმიანობ? სტუდენტი ხარ?
- სტუდენტი აღარ ვარ, ნიკოლაძის სახელობის კოლეჯი დავამთავრე. ძალიან კარგად ვხატავ, მაგრამ ამ საქმიანობით თავის გატანა საქართველოში შეუძლებელია. ჩემს ნახატებს ძირითადად, მეგობრებს ვჩუქნი. მათ გაყიდვაზე არც მიფიქრია.
- შენი ნახატებით რომ გაეცანი საზოგადოებას, მგონი, აჯობებდა...
- ბავშვობიდან ვწერდი ლექსებს და ამიტომაც გადავწყვიტე, ერთ-ერთი ლექსი გამერეპა. მერე წამოვიდა შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. მეუბნებოდნენ, რომ უნდა გამეხადა და კლიპი ისე გადამეღო, რადგან ასეთი ვიდეორგოლი უფრო მეტად მომგებიანი იქნებოდა. შემოთავაზებას მეც დავთანხმდი. თან, მაშინ ცოტა არ იყოს, "ვუბერავდი". ახლა რომ შემოეთავაზებინათ ეს ყველაფერი, შეიძლება, უარი მეთქვა - უკვე ვიცი, ასეთი კლიპი რისი მომტანიც არის. ახლო მომავალში ვგეგმავ, ჩემი ფოტოების გამოფენა მოვაწყო. პორტრეტებზე ვმუშაობ და მინდა, საზოგადოებას თავი სხვა კუთხითაც გავაცნო.
- გამოდის, რომ საკუთარი თავის ძიების პროცესში ხარ...
- ნამდვილად ასეა...
- მინდა, წარმატება გისურვო!
- გმადლობ, ჩემო კარგო და იმედია, ეს შეხვედრა ბოლო არ იქნება.
გვანცამ და გიორგიმ საუბრის შემდეგ ფოტოები გადაიღეს, მერე კი ერთად გავიდნენ რედაქციის შენობიდან. იმედია, კიდევ ერთ მეგობრობას ჩავუყარეთ საფუძველი. ორივეს წარმატებას ვუსურვებთ!
სოფო ჭონიშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)