ეს საიტები შეიქმნა მუდამ დაკავებული ადამიანებისათვის - ასე ნაკლები დრო ეხარჯებათ, მაგრამ დღეს ინტერნეტით საქონლის (ტანსაცმელი, ელექტროტექნიკა, პროდუქტები, წამლებიც კი) შეძენა მოდა უფროა, ვიდრე საქმიანი ადამიანის დღის განრიგის პატარა დეტალი.
ტერმინი "ონლაინშოპინგი" ევროპიდან, 90-იან წლებში შემოვიდა ადამიანის ცნობიერებაში (აბა, იმ დროს ჩვენთან ვის ეკომპიუტერშოპინგებოდა?!). საქმე სარფიანი იყო, თუმცა სიახლის შიში მას მაინც ახლდა. იქნებ აფერაა? გამოწერის შემდეგ შეკვეთილი პროდუქტი რომ არ მივიღოთ? როგორი ხარისხის იქნება ის? მაგრამ დროთა განმავლობაში ინტერნეტმაღაზიებმა ყველას დაუმტკიცეს, რომ საშიში არაფერია და ამ ტექნიკურ ინოვაციას მხოლოდ სარგებლობის მოტანა შეეძლო კაცობრიობისთვის.
amazon.com დღესდღეობით ყველაზე დიდი ონლაინმაღაზიათა ადგილსამყოფელია. სხვანაირად რომ ვთქვათ, უნივერმაღი. აქ განთავსებულია ყველაფერი: ტანსაცმელი, უთო, სათამაშო, ტყემალიც კი. თანაც, საქართველო "ამაზონის" ქვეყანათა ჩამონათვალის ერთიან სიაშია.
არსებობს მეორადი ნივთების ონლაინმაღაზიაც. ebay.com აუქციონის ტიპისაა. თუმცა იქ ახალ ნივთებსაც წააწყდებით. თუ ნივთი ძველია, მფლობელი მის ანოტაციაში დაზიანების ხარისხსაც პატიოსნად მიუთითებს (მერე რომ არ თქვას ვინმემ, ახალი ფოტოაპარატი გამოვიწერე და დაზიანებული ჩამომივიდაო).
ონლაინშოპინგი ძალიან ცოტა დროს გართმევთ და უქმეების მაღაზიებში გატარებისგანაც თავისუფალი ხართ. თან, ჩვეულებრივი მაღაზიისგან განსხვავებით, ვირტუალურმა არც სადილი იცის, არც სამხარი და არც - შესვენება; არც ნივთების საათობით დათვალიერებისთვის გამოგლანძღავთ გამყიდველი. თუმცა რისკი მაინც არის: ონლაინსივრცე ათასი ჯურის აფერისტებს იზიდავს. მასალის მომზადებისას ინტერნეტსივრცეში ბევრი "ვიხეტიალე" და ონლაინშოპინგისას დაზარალებული ერთი ადამიანის ბლოგს წავაწყდი, რომელსაც აქვე გაგიზიარებთ (სტილი დაცულია): "მინდა მოგიყვეთ ჩემს თავს გადამხდარი ისტორია. მოკლედ, მინდოდა ნივთი, რომლის გამოწერაც მხოლოდ paypal-ის სისტემით იყო შესაძლებელი (paypal მსოფლიოს გადახდის ერთ-ერთი უმსხვილესი სავალუტო სისტემაა.), რომლის ბარათიც სამწუხაროდ, მე არ მაქვს. და აი, ამ დროს გამოჩნდა "კეთილი ბიძია" geqor.com, რომელიც, რა თქმა უნდა, დამატებითი ღირებულების სანაცვლოდ, ნივთის უპრობლემოდ გამოწერას დამპირდა. და დაიწყო საოცრებები: პირველ რიგში, გესაუბრებიან მხოლოდ "სკაიპით" (ტელეფონით დაკავშირებაში ფულს როგორ დახარჯავენ?). მეც გავუგზავნე სასურველი ნივთის ლინკი და ვუთხარი, ძალიან მეჩქარება, თუ შეიძლება, ახლავე მიიღეთ შეკვეთა-მეთქი. უმალ მომწერეს, - კი, ბატონო, შეკვეთა მიღებულიაო. მერე ინვოისის გამოგზავნა ვთხოვე. საღამოს დაახლოებით 20.00 საათზე მომდის ინვოისი, რომელმაც თავისი ვიზუალურობით შოკში ჩამაგდო. მასში არც ერთი მონაცემი არ იკითხებოდა და ყველა წინადადება სხვადასხვა ფერში იყო გადაწყვეტილი. მივწერე, რა არის ეს საშინელება, წესიერი ინვოისი გამომიგზავნეთ-მეთქი. 15 წუთში მომივიდა პასუხი: - სანამ თქვენ ინვოისის სილამაზეზე ზრუნავდით, თქვენი ნივთი გაიყიდაო. მოკლედ, მივხვდი, რომ წივილ-კივილით საქმეს ვერ ვუშველიდი. სასწრაფოდ ვიპოვე სხვა დისტრიბუტორის მიერ განთავსებული იგივე ნივთი და შევუკვეთე. როგორც იქნა, მივიღე ინვოისის ცოტათი გაუმჯობესებული ვარიანტი. თანაც, არ დაგავიწყდეთ, მილიონჯერ მაინც ვკითხე: აქ მითითებული თანხისა და წონის თანხის გარდა, კიდევ რამე ხომ არ მექნება გადასახდელი-მეთქი? რას ბრძანებთ, არაფერიო, დამარწმუნეს (გული მიგრძნობდა ალბათ, წინ რაც მელოდა, იმდენჯერ ვკითხე ნივთის სრულ ღირებულებაზე). და ახლა ამ ამბის კულმინაცია - 3 კვირაში ჩამომივიდა ნივთი და იმ დღესვე გავიქეცი მის გამოსატანად. მხვდება ორი აფერისტი. გაწრიპული გოგო და ბიჭი, ოფისი საოცარი - სამი კვადრატული მეტრი. გამომიტანეს ჩემი ნივთი, მომაწერინეს მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი და ბოლოს მომაწოდეს ფურცელი, სადაც წერია - საბაჟო გადასახადი 385 ლარი. რააა? მოკლედ, თავზე დავახურე ყველაფერი, ვიწივლე, ვიკივლე, მაგრამ რას უშველიდა საქმეს? აქ ვწყვეტ თხრობას. ყველაფერი ისედაც გასაგებია. ყველას არ უნდა ენდო. ასეთი რამეები მხოლოდ ჩვენთან კი არა, მსოფლიოში ხდება. სპეციალისტები ასევე გვაფრთხილებენ, ყურადღებით შევიყვანოთ ჩვენთვის სასურველი მაღაზიის დასახელება ვებბრაუზერში, რადგან თუნდაც ერთ ასო-ბგერაში დაშვებულმა შეცდომამ თაღლითების მიერ შექმნილ მახეში შეიძლება გაგვაბას. და კიდევ ერთი რამ: არ ენდოთ ჩინელ მომწოდებელს. თავიანთი გაქექილობით ისინი დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეებისაგან არაფრით განსხვავდებიან. ორ კილო-ნახევარ ვაშლზე მთელ ოჯახს რომ ამოიწყვეტენ: რას ამბობ, შენი ჭირიმე, სამი კილოაო".
თუმცა, არსებობენ საქართველოში კომპანიები, რომლებიც წლებია, წარმატებით ახორციელებენ შუამავლის როლს ონლაინმომხმარებელსა და უცხოელ დისტრიბუტორს შორის. ერთ-ერთი ასეთი კომპანიის წარმომადგენელს დავუკავშირდით და ონლაინშოპერებისთვის გამოსადეგი და სასარგებლო კითხვებით მივმართეთ.
- როდის დაარსდა თქვენი კომპანია და რამ განაპირობა მისი შექმნის აუცილებლობა?
დავით ქურხული, კომპანიის მმართველი დირექტორი:
- ჩვენი კომპანია 2010 წლის 15 მარტს დაარსდა. შექმნის იდეა ამერიკაში მცხოვრებ ჩემს მეგობარსა და ამჯერად უკვე ბიზნესპარტნიორს დაებადა. ერთობლივად დავიწყეთ საიტის შექმნა. ასეთი კომპანიის შექმნის აუცილებლობა ბაზარზე მსგავი ტიპის მომსახურებაზე მკვეთრმა მოთხოვნამ განაპირობა. ჩვენი დაფუძნების პერიოდში ბაზარზე არცთუ ისე ბევრი მოთამაშე იყო, ამიტომ მასში ჩართვა ჩვენთვის რთული არ აღმოჩნდა.
- რამდენით გაიზარდა გამომწერთა რიცხვი თქვენი კომპანიის დაარსებიდან დღემდე?
- მიუხედავად იმისა, რომ დღეს საზოგადოება ზედმეტად კომპიუტერიზებულია, ბევრისთვის მაინც არსებობს გარკვეული დაბრკოლებები, რის გამოც ვერ ახერხებენ ამ ტიპის მომსახურებით სარგებლობას. თუმცა, ვინც ონლაინშოპინგს გემო გაუგო, ყველა დარწმუნდა, რომ გაცილებით უკეთესი ხარისხის პროდუქციის შეძენა შეიძლება ამერიკაში, ბევრად უფრო მისაღებ ფასად, ვიდრე ამას ჩვენს ბაზარზე არსებული არჩევანი გვთავაზობს. ონლაინშოპინგმა მოგვცა საშუალება, შევიხედოთ ამერიკულ მაღაზიებში და შევიძინოთ ამერიკისთვის დამზადებული, ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი მწარმოებლის პროდუქცია. სხვათა შორის, იმასაც აღნიშნავენ, რომ ონლაინშოპინგმა ადგილობრივ ბაზარზე ფასები დაარეგულირა და ეს ჯანსაღი პროცესია. მოგეხსენებათ, რამდენად ხშირია დღეს სამომხმარებლო ბაზარზე ზედმეტად გაბერილი და ვითომ "დასეილებული" ფასები. აქედან გამომდინარე, ონლაინშოპინგში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება.
- დღევანდელი მონაცემებით, რამდენ მომხმარებელს ითვლის თქვენი კომპანია?
- დღეისათვის 20 ათას მომხმარებელს ვემსახურებით.
- ყველაზე მეტად, რა საკითხთან დაკავშირებით უჩნდება მომხმარებელს პრეტენზია ან რა ხდება, როდესაც ადამიანმა იყიდა ნივთი და მას ის დიდი ან პატარა მოუვიდა? რამდენად ხშირად გქონიათ ასეთი შემთხვევა?
- ჩვენი კომპანიის მომსახურებაში შედის მხოლოდ გადაზიდვა და ამანათის უვნებლად მიწოდება, ხოლო რაც შეეხება ზომას, ფერსა და სხვა ტექნიკურ დეტალებს, ყოველივე ამაზე პასუხისმგებელი - ინტერნეტმაღაზიაა. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ მომხმარებელი არ ეცნობა ჩვენს საიტზე არსებულ წესებსა და პირობებს. ამ ყველაფერს ის რეგისტრაციის დროს, ბრმად ეთანხმება და შემდეგ უსაფუძვლო პრეტენზიები უჩნდება.
- არსებობენ კომპანიები, რომლებიც ამავდროულად, არც კი არსებობენ: იწერ საქონელს და არ ჩამოდის. თქვენ პასუხისმგებელი ხართ ყველა იმ კომპანიაზე, რომელიც თქვენს სიაშია?
- რა თქმა უნდა, უამრავი საიტია, რომელიც მსგავს აფერას მიმართავს. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი არც ერთ შეკვეთაზე მანამ, ვიდრე ამანათი არ მივა ჩვენს საწყობამდე. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მომხმარებელს ვურჩევ: თუ სურს, რაღაც გამოიწეროს უცნობი საიტიდან და ეჭვი ეპარება ამ საიტის სანდოობაში, მოგვმართოს და ჩვენი გამოცდილი კონსულტანტები დაეხმარებიან, შესაბამის რჩევას მისცემენ. არსებობს კიდევ ერთი, ყველაზე უსაფრთხო გადახდის მეთოდი - paypal, რომელიც საქართველოში უკვე ოფიციალურადაა წარმოდგენილი. სწორედ ეს გადახდის სისტემა იცავს მომხმარებელს მსგავსი აფერებისგან.
- რა არის თქვენი პრიორიტეტი საკონკურენციო ბაზარზე?
- მომხმარებელზე მორგებული მომსახურება და საუკეთესო სერვისი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან ტვირთის დაანგარიშება ხდება მხოლოდ რეალური წონით (გარდა განსაკუთრებით დიდი მოცულობის ამანათებისა, მაგალითად - ავტომანქანის ბამპერი და ა.შ.); არ ვანგარიშობთ მოცულობის წონას, რაც ძალიან დიდ შეღავათს უწევს მომხმარებელს. მყიდველს ამანათების მიღება ამერიკიდან გამოგზავნიდან 4-დან 7 დღეში შეუძლია. გვაქვს საკურიერო უფასო სერვისი და ფილიალი საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში. დაბოლოს, ერთ ამბავს გავიხსენებ: როგორც მოგახსენეთ, ჩვენთან ტრანსპორტირების ღირებულება ანგარიშდება წონის მიხედვით. ერთ დღეს დაგვირეკა მომხმარებელმა და გვითხრა, რომ მის პროფილზე იყო ასახული ის ამანათი, რომელიც გამოიწერა და წონაში მითითებული იყო 100 გრამი, არადა, გამოწერილი ჰქონდა ბუხრის დამცავი ბადე, რომელიც შეუძლებელია, 100 გრამი ყოფილიყო. როდესაც ამანათი ჩამოვიდა, ამ ადამიანმა აღმოაჩინა, რომ "ბარბის" სახლის ბუხრის ბადე გამოუწერია... მსგავსი შემთხვევა მრავლადაა, რაც იმითაა გამოწვეული, რომ მომხმარებელი ყურადღებით არ კითხულობს, რას ყიდულობს და მხოლოდ სურათის მიხედვით ირჩევს.
ქეთი ნიკოლავა
(გამოდის ხუთშაბათობით)