თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩანა ახალაიას ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ აღმკვეთი ღონისძიების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქალაქო სასამართლოში აცნობეს.
მათი განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება სხდომა, სადაც ახალაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახეზე იმსჯელებენ.
კანონით დადგენილი ვადებით, კი სასამართლო სხდომა ბრალის წარდგენიდან 72 საათში უნდა ჩატარდეს.
ბაჩო ახალაიას ბრალი გუშინ დაუმძიმდა.
როგორც მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ახალაია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა.
"დადგენილია, რომ ბაჩო ახალიამ, რომელიც დაკისრებული მოვალეობების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, საკუთარი ძმის, დავით ახალაიასა და სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთათვის უკანონო უპირატესობის მინიჭების მოტივით დაარღვია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები, კონსტიტუცია და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით სასჯელაღსრულების მე-7 და მე-10 დაწესებულებების საქმიანობაში უკანონო ჩარევის გზით განაპირობა სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა - გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, ავთანდილ აფციაურისა და მიხეილ ბიბილურიძის მიმართ დადგენილი განაჩენის არასათანადოდ აღსრულება", - აცხადებენ პროკურატურაში.
გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სასჯელის მოხდის განმავლობაში უკანონო შეღავათებით, განსაკუთრებული პირობებითა და პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობდნენ.
ოფიციალური ინფორმაციით, ბაჩო ახალაიასთვის ბრალის წარდგენის პროცედურა ამ წუთებში მიმდინარეობს.