"ბრავო რექორდსი" და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უნიკალური მუსიკალურ პროექტს – "საქართველოს მარგალიტები" განახორციელებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს პროექტის იდეის ავტორებმა და ორგანიზატორებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განაცხადა, ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი.
"ამ პროექტის ძირითადი მხარდამჭერი არის კულტურის სამინისტრო. პროექტი ფაქტობრივად დაწყებულია, უკვე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და ვვარაუდობ, რომ გაზაფხულზე ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს", - აცხადებს ოდიშარია.
მომღერალ ლადო ათანელის განცხადებით, ძალიან ბევრი ქართველი საოპერო მომღერალია, რომელიც საზღვარგარეთ საქმიანობს და საჭიროა მათი ნამუშევრების ერთ კომპაქტდისკში გაერთიანება.
"მე ამ პროექტს ვემხრობი არა მარტო ჩემი ინტერესების გამო, ასევე ვფიქრობ ჩემს კოლეგებზე, რომლებიც იმსახურებენ მოხვდნენ ამ განსაკუთრებული ადამიანების რიცხვში და მათი შემოქმედება კომპაქტდისკზე ჩაიწეროს. ქართველი მომღერლები მოდებული არიან მთელი მსოფლიოს საოპერო სცენებს და მივესალმები, რომ ყველა მომღერალი გაერთიანდება ერთად. ეს დიდი საჩუქარი იქნება ქართველებისთვის", - აღნიშნა ათანელმა.
"ბრავო რექორდსის" პრეზიდენტის ზაზა შენგელიას განცხადებით, კომპანიისთვის დიდი სიამაყეა მსგავს პროექტზე მუშაობა.
"ამ კომპაქტდისკს შევადარებდი ბრაზილიის ნაკრებს ფეხბურთში, როდესაც პიკში იყო ბრაზილიის ნაკრები. დიდი სიამაყეა "ბრავო რექორდსისთვის" ამ პროექტზე მუშაობა", - აცხადებს შენგელია.
პროექტი "საქართველოს მარგალიტები" მსოფლიოში აღიარებული თითქმის ყველა ქართველი საოპერო მომღერლის მიერ შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებების (საოპერო არიების) გაერთიანებას გულისხმობს და ერთ ალბომად გამოცემას.
ალბომში შესული იქნება ცნობილი ქართველი მომღერლების მიერ შესრულებული საოპერო ნაწარმოებები სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.
საოპერო მომღერლების სიაში შედიან ისეთი დონის შემსრულებლები, როგორებიც არიან: ნინო სურგულაძე, პაატა ბურჭულაძე, ქეთევან ქემოკლიძე, ანიტა რაჭველიშვილი, გიორგი გაგნიძე, ლადო ათანელი, გია ონიანი, ნინო მაჩაიძე, თამრიკო ჯავახიშვილი (ივერი), იანო ალიბეგაშვილი, ნუგზარ გამგებელი, მზია ნიორაძე, თეა დემურიშვილი, ზურაბ სოტკილავა, ბადრი მაისურაძე და მაყვალა ქასრაშვილი. შესრულდება ჯუზეპე ვერდის, ჯაკომო პუჩინის, რუჯერო ლეონკავალოს, ჯოაკინო როსინის, ზაქარია ფალიაშვილისა და სხვა ცნობილი კომპოზიტორების მუსიკალური ნაწარმოებები.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საოპერო მომღერალი ძირითადად საზღვარგარეთის სცენებზე მოღვაწეობს.
მუსიკალური ნაწარმოებები თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით დასავლური ხარისხის სტანდარტებით "ბრავო რექორდსის" სტუდიაში ეტაპობრივად ჩაიწერება. პროექტს მთავარი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო უხელმძღვანელებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტუდიური ჩაწერების დაგეგმვა და ალბომის დიზაინზე მუშაობა. სამომავლოდ იგეგმება ალბომის პრეზენტაცია კონცერტის სახით, რომელიც თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის შენობის გახსნას დაემთხვევა.
პრეზენტაცია-კონცერტზე საოპერო მომღერლები ცოცხლად შეასრულებენ ალბომში შესულ მუსიკალურ ნაწარმოებებს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით დირიჟორ ჯანლუკა მარჩიანოს ხელმძღვანელობით.