"ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი. ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს, "უცხოს" უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს - "ბერძნულს" ხოლო საუკეთესო ცერცვსაც - "ბერძნულს" - ამბობს კონსტანტინე გამსახურდია თავის გენიალურ "დიდოსტატის მარჯვენაში". ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს თვისება ქართველებს დღესაც მოჭარბებულად გვაქვს. სწორედ ამ პრობლემაზე ვესაუბრეთ წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ ლაზარე დულუზაურს:
- სამწუხაროდ, ჩვენ მართლაც გვაქვს ეს თვისება, რაც ალბათ ჩვენი ნაკლია. უმეტესობას დღესაც ჰგონია, რომ რაც კარგია, ყველაფერი უცხოურია, უცხოეთიდან არის შემოტანილი. ჩვენმა დიდმა მწერალმა, კონსტანტინე გამსახურდიამაც ისევე ამხილა ჩვენი ნაკლი, როგორც თავის დროზე წმინდა ილია მართალი ამხელდა. ჩვენ გვჭირდება სერიოზული დაფიქრება და საკუთარ თავში ჩაღრმავება - ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, საით მივდივართ, ან რა მისი აკისრია თითოეულ ჩვენგანს. ამავე დროს, ძალიან სტუმართმოყვარეები ვართ, შეიძლება უცხოელს თან გადავყვეთ, ამ დროს ჩვენიანი დაგვავიწყდეს და ერთმანეთს დავერიოთ. სტუმართმოყვარეობა ძალიან კარგია, მაგრამ გადამეტებული და გადაჭარბებული არაფერი ვარგა. გადაჭარბებული ლმობიერება და სტუმართმოყვარეობა უკან ცუდად გვიბრუნდება ხოლმე. ყველამ იცის, როგორ შევიფარეთ და მივიღეთ მეგობრებად აფხაზები და ოსები, რომლებმაც მერე ზურგში ლახვარი ჩაგვცეს და ჩვენი ტერიტორიები მიითვისეს. რასაკვირველია, არავის უნდა, რომ იგივე განმეორდეს და ისედაც დაშლილ-დაქუცმაცებული საქართველო კიდევ უფრო დანაწევრდეს.
- საზოგადოებაში არ ცხრება კამათი - უნდა შეწყდეს თუ არა ქართული მიწების გასხვისება უცხოელებზე.
- უცხოელების მიერ მიწის შესყიდვა ჩვენს მომავალ თაობებს აუცილებლად შეუქმნის პრობლემებს. თანაც, საქართველოს ისედაც მცირე ტერიტორიები აქვს, ამიტომ, უცხოელებს მიწის თავისუფლად ყიდვა არ უნდა შეეძლოთ - ასეთია ჩემი აზრი და იმედი მაქვს, რომ ბევრი დამეთანხმება.
- მოდით, იმაზეც ვისაუბროთ, რომ სულ უფრო გახშირდა შემთხვევები, როდესაც ქართველი გოგონები უცხოეთში მიდიან და იქ თხოვდებიან. სხვათა შორის, ქართველი გოგონების უცხოელი მეუღლეების დიდი ნაწილი ქორწინებამდე ან მას შემდეგ მართლმადიდებლად ინათლება.
- სამწუხაროდ, დღეს ახალგაზრდებს არა აქვთ საშუალება, რომ ოჯახი არჩინონ, უმეტესობა ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე და ისეთ ნივთიერებებზეა დამოკიდებული, რომელსაც შეუძლია ადამიანი ერთიანად მოსპოს და დაანგრიოს. როდესაც ახალგაზრდა ქალი ან გოგონა ხედავს, რომ ქართველ მამაკაცებს არა აქვთ უნარი ოჯახს მოუარონ და შვილები შეინახონ, მიდის და თხოვდება იმაზე, ვისაც ეს არ გაუჭირდება. ამიტომ თხოვდებიან საზღვარგარეთ და ბევრ ქართველ ბიჭსაც ცოლად უცხოელი მოჰყავს. ძირითადად, ამ ნაბიჯის გადადგმას ფინანსური მხარე აიძულებთ.
- თქვენ ალბათ ჯვარიც დაგიწერიათ ასეთი წყვილისთვის. რით შეიძლება აიხსნას, რომ ევროპელებიც და ამერიკელები უცბად გადმოდიან ჩვენს რწმენაზე?
- რამდენიმე ასეთ წყვილს მართლაც დავწერე ჯვარი. უფრო ხშირად, ცოლი ქართველია, ხოლო სიძე - უცხოელი. რომ ვეკითხებით, რატომ გაჰყევი ცოლად უცხოელსო, ყველა ერთნაირად გვპასუხობს: აქ ვერ ვიპოვე ადამიანი, ვინც მომივლიდა, ვისთანაც თავს მშვიდად ვიგრძნობდი და ბედნიერი ვიქნებოდიო. რაც შეეხება იმას, თუ რატომ იცვლიან ევროპელები რწმენას ადვილად, ეს იმით აიხსნება, რომ კათოლიკეები ხშირად არ არიან მტკიცე მორწმუნეები. მათ ხშირად არც იციან, რას ნიშნავს მართლმადიდებლობა და კათოლიკობა, ან რა განსხვავებაა მათ შორის. ამიტომ ძალიან ხშირად ინათლებიან მართლმადიდებლურად. თუმცა, ჩვენ მათ საამისოდ ვამზადებთ ხოლმე: ორი კვირა მაინც სჭირდება, რომ ისწავლონ მრწამსი, მართლმადიდებლობის შესახებ მეტი გაიგონ და მოკლე კატეხიზმო მაინც გაიცნონ. ვაჩვენებთ, თუ რა არის მცდარი კათოლიციზმში, ან რა განსხვავებაა ამ ორ სარწმუნოებას შორის. უფრო ხშირად მათ მეუღლის სიყვარული ეხმარებათ და რწმენასაც ადვილად იცვლიან, რასაც ვერ ვიტყვით მუსლიმანებზე - ირანელებზე, თურქებზე, აზერბაიჯანელებსა და სხვებზე. ისინი ძალიან იშვიათად ინათლებიან, თუმცა, ეს არ ითქმის ფერეიდნელ ქართველებზე, რომლებიც ძალზე ხშირად ინათლებიან, ზოგჯერ 7-8 ადამიანიც კი მოსულა ერთად და მონათლულა. მოდიან არაბები, რამდენიმე ჩინელიც მოინათლა. ზოგმა შეიძლება არც იცის, რა არის მართლმადიდებლობა. ზოგიერთს ჰგონია, რომ მართლმადიდებლურად თუ მოინათლება, უფრო ადვილად დაიმკვიდრებს თავს ამ ქვეყანაში. ამიტომ, უცბად არ ვნათლავთ, ვიდრე საკუთარ გრძნობებში კარგად არ გაერკვევიან. ზოგისთვის მიგვიცია წიგნები, რელიგიური ლიტერატურა, მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულან, ესე იგი, მათ ანგარება ამოძრავებდა. თუ ადამიანმა არ გააცნობიერა, რა არის მართლმადიდებლობა და არ აღიარა, რომ ეს ჭეშმარიტი რწმენაა, ჩვენ ასე ადვილად ვერ მოვნათლავთ, მით უმეტეს, უცხოელს.
- ქართველი ქალები თუ იცვლიან რწმენას, როდესაც უცხოელებზე თხოვდებიან?
- სხვათა შორის, ქართველ გოგონებში ჩვენ უფლის ჭეშმარიტ სიყვარულს ვხედავთ. ძალიან იშვიათად ხდება, რომ ქართველმა ქალმა მართლმადიდებლობას უღალატოს და სხვა სარწმუნოებაზე გადავიდეს, მე მარტო ერთი თუ ორი შემთხვევა მაქვს გაგონილი. ეგ კი არა, ზოგჯერ მთელ ოჯახსა და სანათესაოს გადმოიბირებენ და მართლმადიდებლურ ტაძარში მოიყვანენ ხოლმე. ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ საუკუნეების განმავლობაში მართლმადიდებლები ვიყავით და ეს რწმენა ჩვენს სულში ბინადრობს. კარგია, რომ უცხოელები ინათლებიან, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს ხალხი მოგვაკლდა და იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ერი ემრავლებინათ, უცხოელები უნდა ამრავლონ.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)