ჯანეტ ქერდიყოშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო "მის სამყარო 2013"-ში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. "იმიჯ-ცენტრში" ამბობენ, რომ საერთაშორისო კონკურსზე მგზავრობისას ჯანეტ ქერდიყოშვილს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, რის გამოც იგი ხარკოვის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მასთან ერთად ხარკოვში იმყოფებიან მისი მშობლები და მათი თქმით, ჯანეტის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია, თუმცა სრული გამოჯანმრთელებისათვის მას გარკვეული დრო დასჭირდება.
კომპანია "იმიჯ ცენტრი" აცხადებს, რომ წელს ჯანეტი ვერ მოახერხებს საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მიღებას, რადგან ნებისმიერ კონკურსში, მით უმეტეს ასეთი დონის საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობა დაკავშირებულია ძალიან დიდ ფიზიკურ დატვირთვასთან, რასაც ამ ეტაპზე ჯანეტი ვერ შეძლებს.
კომპანია "იმიჯ ცენტრის" ხელმაღვანელი ია კიწმარიშვილი უკვე დაუკავშირდა "მის სამყაროს" ორგანიზაციას და მათ არსებული მდგომარეობა აცნობა.
როგორც "იმიჯ ცენტრში" აცხადებენ, "მის სამყაროს" ორგანიზატორები გაგებით ეკიდებიან შექმნილ ვითარებას და ჯანეტს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებენ.
"იმიჯ ცენტრი" სთხოვს ჟურნალისტებს და ამ თემით დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისა და საკითხისთვის პოლიტიკური ელფერის მინიჭებისგან.
ამასთან, "იმიჯ ცენტრი" კატეგორიულად უარყოფს ინტერნეტში გავრცელებულ სპეკულაციას იმის შესახებ, თითქოს ჯანეტს პოლიტიკური მოტივით უარი ეთქვა კონკურსში მონაწილეობაზე.
"პირიქით, რუსეთის მხრიდან "მის სამყაროს" ორგანიზატორი კომპანია "კროკუს სითი" აქტიურად თანამშრომლობდა "იმიჯ-ცენტრთან" და ყველანაირად ხელს უწყობდა მას საორგანიზაციო თუ ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებაში, რისთვისაც ჩვენ მადლობას ვუხდით კომპანია "კროკუს სითის" მენეჯმენტს.
კომპანია "იმიჯ ცენტრი" ასევე მადლობას უხდის ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა ჯანეტის კონკურსისთვის მომზადებაში, მის მხარდამჭერებს და გულშემატკივრებს და იმედოვნებს, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება და მომავალში შეძლებს მონაწილეობას სხვა საერთაშორისო კონკურსებში",- აცხადებენ "იმიჯ ცენტრში".
ჯანეტ ქერდიყოშვილი "მის საქართველოს" ტიტულის მფლობელი და "იმიჯ ცენტრის" წარმატებული მოდელია.
მას მერე, რაც "ვია გრას" წევრობაზე უარი თქვა, ჯანეტ ქერდიყოშვილი სამშობლოში დაბრუნდა და "იმედის" ეთერში "დღის შოუს" ერთ-ერთ წამყვანად მუშაობს.
ნანა ხიდეშელი, "ამბები.ge"
იხილეთ ფოტოგალერეა:
ჟანეტ ქერდიყოშვილის 16 სექსუალური ფოტო