რამდენიმე წლის წინ, ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, სადაც აჭარელი პოეტი, ამირან ხაბაზი ყოფილ ხელისუფლებას ლანძღავს. ბატონი ამირანი საკუთარ შეშფოთებას იმდენად კოლორიტულად გამოხატავდა ("მაგენი კახპები, მაგენი... ბრბო შემოტეხვას ლამობდა კარის"), რომ ვიდეო, შეიძლება ითქვას, მთელმა ქართულმა ინტერნეტსივრცემ ნახა და იგი დღემდე ძალიან პოპულარულად რჩება. შესაბამისად, ბატონ ამირანთან ინტერვიუ სწორედ ხელისუფლებაზე საუბრით დავიწყეთ:
ამირან ხაბაზი:
- კარგია, თუ ყოფილი ხელისუფლება მიხვდა, რომ მე არ ვყოფილვარ ჩემი საქართველოს დამანგრეველი. იმედია, გაიგეს, რომ ჩემი მთავარი ხატი არის საქართველო. ახლა მინდა, კარგი პრეზიდენტი მოვიდეს და მაშინ მეც დავეხმარები და რაღაცას გავაკეთებ, რადგან მინდა, საქართველო უკეთესი გახდეს.
- ბატონო ამირან, ცნობილ ვიდეოკადრებში თქვენ ახსენებდით კახპებს. ვის გულისხმობდით ამ ადამიანებში?
- მწერალთა კავშირს მაშინ ხალხი შემოესია მონღოლთა ურდოსავით (კავშირი გარედან იყო ჩაკეტილი და მე ვიყავი შიგნით გამოკეტილი). მე რევოლუციის ზოგიერთი ტექნოლოგია მომწონდა, მაგრამ რა არ მომწონდა, იცით? "კმარა" არ უნდა ყოფილიყო მათთან. მე ადრეც ვთქვი, რომ "კმარამ" ჩრდილი მიაყენა იმ რევოლუციას. სწორედ ეგენი შემოგვესივნენ მაშინ.
- ის "კახპები" კიდევ არიან მწერალთა კავშირში?
- ცხოვრება ისეთია, რომ იქ კახპაც იქნება და ზრდილობიანიც. მწერალთა კავშირში არ უნდა შემოირბინოს ყველამ. იქ არაპროფესიონალის შემოსვლა გავს იმას, მე რომ კარდიოლოგიურ ოპერაციაზე შევიდე. ყველა ქართველს აქვს ლექსის წერაზე პრეტენზია, მაგრამ ყველას ადგილი როდია მწერალთა კავშირში!