ვინ გახდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი - შეიძლება ითქვას, რომ ეს უფრო დიდი ინტრიგაა ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის ვინაობა. მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილის შემცვლელის ვინაობას არჩევნებამდე შეგნებულად არ ასახელებს; არგუმენტი ასეთია - მათ სურთ, რომ მოსახლეობის ყურადღება წინასაარჩევნო კამპანიისას "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატზე იყოს კონცენტრირებული და არა მომავალ პრემიერ-მინისტრზე.
პრემიერ-მინისტრის კანდიდატად პოლიტიკურ წრეებში სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავდნენ, მაგრამ მათგან ყველაზე გამოკვეთილ ფავორიტად გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნეოდა, თუმცა ივანიშვილმა ეს ვარაუდი საკუთარი განცხადებით გააბათილა, რომ გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკის დარგში მომავალი პრემიერის მოადგილედ დარჩება.
ბიძინა ივანიშვილის შემცვლელის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ თანამდებობას დაიკავებს საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, რომელიც ივანიშვილის თქმით, კარგად ერკვევა ეკონომიკაში. როგორც ამბობენ, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა კოალიციის პოლიტსაბჭოსთან უკვე შეთანხმებულია. "ამბები.ge"-ს წყაროს ცნობით კი, შესაძლოა, საქართველოს მომდევნო პრემიერ-მინისტრი ქალი იყოს.
ვინაიდან მმართველი გუნდი საქართველოს მთავრობის პირველი პირის შესახებ მხოლოდ "მინიშნებებით" გვესაუბრება, ჩვენც მხოლოდ ვერსიებზე შეგვიძლია ვისაუბროთ.
"ამბები.ge" გთავაზობთ გამოკითხვას, თქვენი აზრით, რომელმა ქალმა პოლიტიკოსმა შეიძლება დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი. შესაძლო კანდადეტების ჩვენეული ვერსია ასეთია: თეა წულუკიანი, თამარ სანიკიძე, მაია ფანჯიკიძე, ირინა იმერლიშვილი, მანანა კობახიძე.