ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე სასამართლო განაჩენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, 28 ოქტომბერს დილის 10 საათზე გახდება ცნობილი. როგორც ახალაიას ადვოკატი აცხადებს, ეს მეორე განაჩენიც გამამართლებელი იქნება და დიდი ალბათობით, სწორედ ახალაიას გამართლება "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის ხმების დაკარგვის მიზეზი რომ არ გახდეს, ამიტომაც გადაიდო მისი გამოცხადება არჩევნებამდე.
თუმცა არასამთავრობოთა ნაწილი განაჩენის გამოცხადების გადადების მიზეზად სხვა რამეს მიიჩნევს - რომ თუკი სასამართლო ახალაიას დამნაშავედ სცნობს, მოქმედ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მისი შეწყალების საშუალება აღარ ჰქონდეს.
ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ის, რომ ახალაიას კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენის გამოცხადება გიორგი მარგველაშვილს ხმებს დააკარგვინებს და ეს ნინო ბურჯანაძის სასარგებლოდ იქნება, ლოგიკურია.
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც არჩევნებში მარგველაშვილის გამარჯვებას პირველსავე ტურში წინასწარმეტყველებს, აცხადებს, რომ მეორე ტურის ალბათობა იქნება მაშინ, თუ ზესკანდალური რამ მოხდა, მაგალითად სკანდალური ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება ან ბაჩო ახალაიას გამართლება.
"რა მასშტაბის შოკიც მიიღო შარშან საზოგადოებამ ციხის კადრების გავრცელებით, ასეთივე შოკი თუ მიიღო საზოგადოებამ, მეორე ტური იქნება... ბაჩო ახალაიას გამართლება იქნება სერიოზული დარტყმა..." - აცხადებს ლაგაზიძე.
ორშაბათს განაჩენი ერთ-ერთ საქმეზე, ე.წ. ციხის ბუნტზე გამოცხადდება. ბრალდების თანახმად, ახალაიამ 2006 წლის მარტში სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელობისას რამდენიმე პატიმარი ცემა. ამ ფაქტს პირველ, მეხუთე და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ბუნტი მოჰყვა, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბაჩო ახალაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით ედება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ახალაიასთან ერთად ბრალდებულები არიან მეგის ქარდავა, დავით ჭაკუა და რევაზ ჭარბაძე. აღნიშნულ პირებს ბრალი ედებათ არაადამიანურ მოპყრობაში. ამ საქმეში დაზარალებულად 10 პირთან ერთად ე.წ. კანონიერი ქურდი და კრიმინალური ავტორიტეტია ცნობილი.
ახალაიას წინააღმდეგ საქმეებიდან ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ორშაბათს დაგეგმილი განაჩენი მეორეა. პირველ საქმეში, რომელიც სამხედროების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ეხებოდა, ახალაია გამართლდა.
მის წინააღმდეგ კიდევ არის მესამე საქმე, რომელიც შს მინისტრობის პერიოდში 7 სპეცრაზმელის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო წამებას ეხება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოაცხადებს მოსამართლე სპეცრაზმელების წამებასთან დაკავშირებულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას, ვინაიდან სასამართლო განხილვა დასრულებულია და მოსამართლის საბოლოო განცხადებას 12 აგვისტოს შემდეგ ელოდებიან.
ახალაიას ადვოკატი გოგა ონიანის შეფასებით, ის, რომ გადაწყვეტილების გამოცხადება ამდენი ხნით გაიწელა, გარკვეულ ეჭვს ბადებს, მაგრამ მთავარია ობიექტური გადაწყვეტილება იქნას მიღებული.
ახალაიას მეორე ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ამბობს, რომ ადვოკატებს ოთხშაბათს შეატყობინეს, რომ განაჩენის გამოცხადება ორშაბათს მოხდება და როგორც ველიჯანაშვილი აცხადებს, "თუ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება, განაჩენი გამართლებული იქნება, იმიტომ, რომ არც ერთი მტკიცებულება ერთმანეთთან შეჯერებული არ არის. კანონის მოთხოვნაა, რომ თუ არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ერთმანეთთან შეჯერებული და დამაჯერებელია, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს".
"რაც შეეხება 7 სპეცრაზმელის საქმეს, იქ ბაჩო ახალაია საერთოდ არაფერ შუაშია. ციხის ბუნტის საქმეზე ვიღაც "ქურდი" და "მაყურებელი" მაინც ამბობს, რომ ბაჩომ რაღაც ჩაიდინა, მეორე საქმეზე კი ბაჩოს შეხება არსად ჩანს და საერთოდ სრულიად წარმოუდგენელია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. ამიტომაც განაჩენის გამოცხადება ჩანიშნულიც კი არ არის.
"7 სპეცრაზმელის საქმეზე მოსამართლე 12 აგვისტოს გავიდა განაჩენის გამოსატანად და დღემდე არ გამოსულა. კანონში განაჩენის გამოცხადების ბოლო ვადა პირობითი სასჯელის 9-თვიან ვადას არ უნდა გასცდეს. ახალაიას წინააღმდეგ დარჩენილ ამ ორ საქმეზე კი მოსამართლეს 1 დეკემბრამდე აქვს ვადა. ორშაბათს კი ე.წ. ციხის ბუნტზე განაჩენი გამოცხადდება, იქ რომელიმე მხარის ავადმყოფობა თუ გამოუცხადებლობა არ აფერხებს გამოცხადების პროცესს," - განმარტავს ველიჯანაშვილი.
ა/ო "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ხელმძღვანელის, თეა თუთბერიძის თქმით, სწორედ იმიტომ, რომ პროკურატურას ახალაიას წინააღმდეგ წარდგენილი არც ერთი ბრალდება სამართლებრივად წარმოდგენილი არ ყოფილა, ყველანაირად ცდილობდა, რამდენადაც შეეძლო, განაჩენის გამოცხადების ვადა გაეწელა და ეს არჩევნებამდე არ მომხდარიყო.
"ამ ყველაფრის უკან კი ერთადერთი მიზეზი დგას. ბაჩო ახალაიას მეორე საქმეზე გამართლებით ე.წ. სამართლიანობის აღდგენის შეუსრულებლობის გამო "ქართული ოცნება" ძალიან ბევრ ხმას დაკარგავდა. რადიკალურად განწყობილი ადამიანი საკმაოდ ბევრია და მარგველაშვილი ხმების საკმაოდ მაღალ პროცენტს დაკარგავდა", - აცხადებს თუთბერიძე.
ა/ო "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენის დადგომა აბსურდია. ეს საზოგადოების გამოწვევა იქნება, რომ სამართლიანობა ხალხმა აღასრულოს. მისი თქმით, განაჩენის გამოტანა ალბათ მხოლოდ იმიტომ გადაიდო, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ჯერ კიდევ აქვს ბერკეტი, რომ ახალაია შეიწყალოს და ციხიდან გამოიყვანოს.
ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ საერთოდ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს დარჩენილ ორივე საქმეზე განაჩენის გამოცხადების ასე გაწელვა, თუმცა მიზეზის ახსნა რთულია.
"ის, რომ ახალაიას გამამართლებელი განაჩენი მარგველაშვილს ხმებს დააკარგვინებს და ეს ხმები ბურჯანაძესთან გადავა, ეს ლოგიკურია", - აცხადებს ნიკოლაიშვილი, თუმცა ახალაიას გამართლებას ციხის ბუნტის საქმეზე არ ელოდება.
"7 სპეცრაზმელის წამების საქმეს არ ვიცნობ, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ კარგად ვიცნობ ციხის ბუნტის საქმეს და იქ ახალაიას წინააღმდეგ მტკიცებულება ბევრია. თუმცა, თუ მოსამართლემ ჩათვალა, რომ ბაჩო ახალაია მართალია, იმ ლოგიკასაც ვეთანხმები, რომ ამიტომაც გადაიწია გამამართლებელი განაჩენის არჩევნების შემდეგ გამოცხადებაც.
"აქ ერთი რამ აჩენს კითხვის ნიშნებს - გამოდის, რომ კოტე კუბლაშვილის სასამართლო "ქართულ ოცნების" შეკვეთებს ემსახურება?! გამოდის, რომ სასამართლოს "ქართულ ოცნების" ხელში გადასვლის ნიშნები არის და ეს ცუდია. სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს" - ამბობს ნიკოლაიშვილი.
ეკა ბასილაია