ამერიკული გამოცემა The Washington Times-ის ჟურნალისტები აშშ-ში კრიზისის დროს საჯარო მოსამსახურეთა ორკვირიანი იძულებითი შვებულების შემდეგ შობადობის მკვეთრ ზრდას პროგნოზირებენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ შობადობის ზრდა ტიპიურია იმ სიტუაციებისთვის, როდესაც ადამიანები იძულებულნი არიან სახლში ისხდნენ. ეს შესაძლოა, ვაშინგტონს შეეხოს, რადგან იქ 302 000 ფედერალური თანამშრომელია თავმოყრილი.
აღსანიშნავია, რომ 2010 წელს მერილენდის შტატის ქალაქ სილვერ-სპრინგში გაჭიანურებული ქარბუქის შემდეგ ჰოლი-კროსის საავადმყოფოს ხელმძღვანელობას პერსონალის გაორმაგება მოუწია, რადგან ახალშობილთა რაოდენობა 75%-ით გაიზარდა.
ამასთან, სხვა ანალიტიკოსებს ამ პერსპექტივაში ეჭვი ეპარებათ. მათ მოყავთ მაგალითი, როდესაც ჟურნალისტები შობადობის ზრდას ნიუ-იორკში 1965 წელს ელექტროენერგიის 10 საათით გათიშვის შემდეგაც ელოდნენ, მაგრამ მაშინ ეს პროგნოზი არ გამართლდა.
აღსანიშნავია, რომ საჯარო მოსამსახურეები იძულებით შვებულებაში 16 დღე იმყოფებოდნენ. სტატისტიკის შედეგები ჟურნალისტის სიმართლეს 2014 წლის ივნის-ივლისში დაამტკიცებენ ან უარყოფენ.
8 ოქტომბერს საბიუჯეტო კრიზისისა და საჯარო დაწესებულებების მუშაობის შეწყვეტის გამო ბარაკ ობამა ფაქტობრივად უსაქმურობდა. მის ჩვეულ დატვირთულ განრიგში ბევრი თავისუფალი ფანჯარა გაჩნდა.
2-კვირიანი საბიუჯეტო კრიზისის დროს თეთრ სახლში მოვალეობის შესრულება 1700-დან დაახლოებით 450-მა ადამიანმა გააგრძელა. დანარჩენი - მრჩეველები, თანაშემწეები, ბუღალტერები, მზარეულები, მებაღეები და სხვა თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გავიდნენ.
მომზადებულია The Washington Times-ის მიხედვით.