თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფი და გეოლოგი გიორგი დვალაშვილი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა ტაო-კლარჯეთიდან და სპეციალურად "ყველა სიახლისთვის" ექსკლუზიური ინფორმაცია და ფოტოები ჩამოგვიტანა:
გიორგი დვალაშვილი: - ისტორიული შავშეთის ტერიტორიაზე არის X-XI საუკუნეების შავშეთის ციხის საკმაოდ დიდი კომპლექსი, რომელსაც მეორე სახელიც აქვს - სათლეს ციხე. რამდენიმე დღის წინ ავედით და ვნახეთ, რომ ეს ტერიტორია მასობრივად გადაუთხრიათ. ადგილობრივმა მოსახლეობამ გვითხრა, აქ ოფიციალურ არქეოლოგიურ სამუშაოს თურქეთის კულტურის სამინისტრო აწარმოებს და ოსმალეთის იმპერიის დროინდელი ნივთმტკიცებულებები იპოვესო. ისიც თქვეს, ეს ციხე მალე ტურისტული ობიექტი იქნება და შესვლაც ფასიანი გახდებაო. გამორიცხულია, არქეოლოგები იქ არ წაწყდომოდნენ ქართულ კვალს, რომელიც ამ ციხის ქართულ წარმომავლობას დაადასტურებდა. არც ისაა გამორიცხული, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები ან დაკარგულიყო, ან შეგნებულად დაემალათ. საინტერესო კიდევ ის არის, რომ ბოლო ორი წელიწადია, ყველა ძეგლთან გაჩნდა სამენოვანი წარწერა: თურქული, ინგლისური და ქართული, მაგრამ ძეგლების ქართულ წარმომავლობაზე არსად არაფერია ნათქვამი. მიმდინარე წლის მაისამდე ოშკზე არსებობდა ქართული წარწერა, სადაც ამოიკითხავდით, რომ ამ ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობდა პატრიკოს ჯოჯიკი, მაგრამ იქვე, თურქულად და ინგლისურად მის ნაცვლად მოხსენიებულია "პატრიარქი გაგიკი", რომელიც სომხეთის პატრიარქი გახლდათ, ხოლო მის კავშირს ოშკთან არც ერთი წყარო არ ადასტურებს. დღეს იქ ქართული წარწერა აღარ არის, სამაგიეროდ დარჩენილია თურქული და ინგლისური. სამწუხაროდ, ამაზე ქართველებიდან არავინ რეაგირებს.
- პარალელურად კი, ქართულ ძეგლებს განძისმაძიებლები თხრიან.
- ადგილობრივმა მოსახლეობამ გვითხრა, რომ უცნობი ადამიანები დადიან სპეციალური ხელსაწყოებით, ტექნიკით, რომელიც ნებისმიერ ლითონზე რეაგირებს და თხრიან. ქართველები ხშირად ხურდა ფულს ტოვებენ და იმასაც განძისმაძიებლები ითვისებენ, თან ალბათ ძველი ხანის ჰგონიათ და დანარჩენ ადგილებში უფრო გულმოდგინედ განაგრძობენ თხრასო. გვარიანადაა გადათხრილი შავშეთის ციხის მახლობლად ბაზილიკური ტიპის ტაძრის ნანგრევები, უამრავი ძვალი დაგვხვდა მიყრილ-მოყრილი. გადათხრილია არტაანის, იგივე არდაგანის ციხის მახლობლად ჭინჭრობის ტაძრად მოხსენიებული ბაზილიკა; ოპიზას ტერიტორია, ოთხთა. დოლისყანის საკურთხევლის სარკმელი ამ ბოლოს მთლიანად ჩამონგრეულა, შესასვლელი კედელიც, რომელიც ხუთი წლის წინ თურქებმა აღადგინეს, განძის მაძიებლებს დაუნგრევიათ. ბანა კი ყველაზე უპატრონოდ არის მიტოვებული. მისი არსებობის მაუწყებელი არც აბრაა სადმე და გზაც არავის გაუყვანია. იქ ცოტა ხნის წინ 5 მეტრამდე სიღრმეში ჩასულან და სამარხები ამოუყრიათ. მაგრამ ახლახან გადათხრილი ხანძთის შიდა და გარე ნაწილის ნახვა ჩემთვის მართლაც მოულოდნელი აღმოჩნდა. თუ ასე გაგრძელდა, აღსადგენიც არაფერი იქნება.
- ვიცი, იშხანში შეაღწიეთ...
- ახლობლობით და ნაცნობობით შევედი... დავრწმუნდი, რომ ყველა წესის დაცვითაა გაკეთებული. გურგენ მეფის სამლოცველოზე - პატარა ბაზილიკის ტიპის ეკლესიაზე ვიცოდი, რომ დარღვევებით ჰქონდათ რესტავრირებული. თვითონ ვნახე, რომ ყველაფერი რიგზეა და მაცხოვრის ფრესკაც კვლავ ძველებურად გამოიყურება. ძალიან მადარდებდა ტაძრის ორნამენტის ბედი - რელიეფური გამოსახულების, რომელიც თსუ-ის სიმბოლიკაშიცაა გამოყენებული და საბედნიეროდ, პატარა ზადიც კი ვერსად აღმოვუჩინე. ყველაფერი ისე კარგად აღუდგენიათ, ერთი წარწერა ან დეტალიც კი არ დაუზიანებიათ. ქვებიც, რითაც მოაპირკეთეს, ცოტათი განსხავებული ფერისაა და რელიეფში თითქოს არ ჯდება. რა თქმა უნდა, XI-XII საუკუნის ქვებს ასე იოლად ვერ შეუხამებდნენ, მაგრამ ისეთი ქვებია, ქანებია, დროთა განმავლობაში რომ იჟანგება და ფერს იცვლის. რასაკვირველია, ცუდია, რომ რესტავრაცია ქართველების გარეშე მოხდა, მაგრამ კარგი ისაა, რომ არსებულ სიტუაციაში მაინც გაკეთდა და მნიშვნელოვანი არაფერი გაუფუჭებიათ.
ირმა ხარშილაძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)