სააკაშვილმა არჩევნებში გასამარჯვებლად ყოფილ მაღალჩინოსნებს აფეთქების ინსცენირება დაავალა?!

სააკაშვილმა არჩევნებში გასამარჯვებლად ყოფილ მაღალჩინოსნებს აფეთქების ინსცენირება დაავალა?!

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე, ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით, ყოფილი მაღალჩინოსნები - რომან შამათავა და მალხაზ მურღულია დააკავეს. რომან შამათავა, წინა ხელისუფლების პირობებში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა, მალხაზ მურღულია კი ამავე სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოში მუშაობდა.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2008 წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რომან შამათავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად, ტერორისტული აქტი დაგეგმა და განახორციელა კიდეც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის განხორციელების საშიროება შექმნა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებაც ხელყო, სწორედ 2008 წლის 21 მაისს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით, ზუგდიდში გამგზავრებას აპირებდა, მაგრამ ხალხმა ტრანსპორტში ჩასხდომაც კი ვერ მოახერხა, რადგან სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განსახორციელებლად ჩასაფრებულმა რომან შამათავამ, მალხაზ მურღულიამ "ერ პე გე"-ს ტიპის ყუმბარმტყორცნიდან განხორციელებული ორი გასროლით ხალხის გადასაყვანად მობილიზებული ავტობუსები ააფეთქა.

აფეთქების შედეგად, სრულიად განადგურდა ორივე სატრანსპორტო საშუალება, ხოლო სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მოქალაქე ნანი ქარდავამ მიიღო.

გამოძიების მიმდინარეობისას გაირკვა, რომ ტერორისტული აქტის განხორციელების შემდეგ, ორგანიზატორებმა სატრანსპორტო საშუალების მძღოლებსა და დაჭრილ მოქალაქეს მიყენებული ზიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარული ასიგნებებიდან აუნაზღაურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სსსკ-ს 323-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხურჩის ინციდენტის გარშემო გაჩნდა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა და ეჭვი, რომ აფეთქება ქართული მხარის მიერ იყო მოწყობილი. რადგან საპარლამენტო არჩევნების დღეს გაერო-ს მისია ენგურის ხიდზე მოსახლეობის გადაადგილების პროცესს აკვირდებოდა, გაერო-ს უშიროების საბჭო თავის ანგარიშში ხურჩის ინციდენტსაც გამოეხმაურა - გაერო-ს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლები, ივარ დალე და ოგე ბორჩგრევინკიც ფაქტის ობიექტურად გამოძიებას ითხოვდნენ. სხვათა შორის, ორივე მათგანი სოფელ ხურჩას აფეთქების მეორე დღესვე ეწვია, სადაც თვითმხილველებმა დეტალურად უამბეს, რომ ქართველი ამომრჩევლები საქართველოს მიმართულებით ხმის მისაცემად მართლაც მიემგზავრებოდნენ. ივარ დალე იხსენებს: "ავტობუსები ხურჩის სტადიონზე გაჩერდნენ, სადაც მოგვიანებით, აფეთქება მოხდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აფეთქებამდე ტელეჟურნალისტები უკვე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, ხოლო სროლისთანავე ადგილზე სამხედროებიც მოვიდნენ. მოგეხსენებათ, სოფელი ხურჩა დელიმიტარიზებულ ზონაში მდებარეობს. უახლოესი სამხედრო ბაზა 20 წუთის სავალზეა. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, როგორ მოახერხეს შეიარაღებულმა ძალებმა ასე სწრაფად შემთხვევის ადგილზე მისვლა?

ადგილზე მისულ გაერო-ს სამხედრო ექსპერტს ისიც აეჭვებს, რომ ყუმბარის სროლა, რომელიც ავტობუსებს მოხვდა, განსაკთრებულ ოსტატობას მოითხოვს და ეს მხოლოდ ახლო მანძილიდან იყო შესაძლებელი. ივარ დალეს თქმით, აფეთქების ტრაგიკული სცენარი, წინასაარჩევნოდ, ყურადღების გადასატანად იყო მომზადებული. პან გი მუნი თავის ანგარიშში, ფაქტობრივად, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლის განცხადებას იმეორებს: "21 მაისს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, სოფელ ხურჩასთან, რომელიც ბუფერული ზონის სიახლოვეს მდებარეობს, ყველაზე სერიოზული ინციდენტი მოხდა. ამჯერად მასიური ორმხრივი სროლა ფეხბურთის მოედნის ირგვლივ მიმდინარეობდა, სადაც გალის რაიონის მოსახლეობა ავტობუსებით ზუგდიდში გასამგზავრებლად და ხმის მისაცემად შეკრიბეს. გამოძიებისას გაირკვა, რომ თავდამსხმელების მხრიდან ცეცხლის გახსნის შემდეგ ფეხბურთის მოედანზე შეკრებილი მოსახლეობა გაიქცა, ხოლო ცარიელი ავტობუსები ყუმბარმტყორცნებიდან დაცხრილეს და ააფეთქეს. ინციდენტის შედეგად, სამი ადამიანი საავადმყოფოში მიიყვანეს, ერთ-ერთი მათგანი კი მძიმედ დაჭრილი იყო. ქართული უშიშროების წარმომადგენლები შემთხვევის ადგილას მალევე მივიდნენ და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ნეიტრალური ტერიტორიის მიმართულებით ისროდნენ. ინციდენტი სრულად გადაიღეს ქართული მასმედიის წარმომადგენლებმა. ქართულმა მხარემ ინციდენტზე პასუხისმგებლობა მაშინვე აფხაზურ მხარეს დააკისრა. თავის მხრივ კი, აფხაზურმა მხარემ ინციდენტთან ყოველგვარი კავშირი უარყო. მისიის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, დადგინდა, რომ ადგილი, საიდანაც თავდამსხმელები ისროდნენ, ავტობუსებიდან დაახლოებით 100 მეტრით იყო დაშორებული და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობდა".

ანგარიშში პან გი მუნი აფხაზურ მხარეს მოუწოდებს, UNOMIG-ის (გაერო-ს სადამკვირვებლო მისია) თავისუფალ გადაადგილებას ხელი შეუწყოს, ხოლო ქართულ მხარეს მიმართავს, დსთ-ს სამშვიდობო ძალების შესაბამის ზონაში გადაადგილება დაიცვას.

ხურჩის ინციდენტის დეტალებს "ვერსიასთან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, "კონსერვატორი" ზვიად ძიძიგურიც იხსენებს და აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში გასამარჯვებლად საკუთარ მოქალაქეებსაც კი სასტიკად უსწორდებოდა: "ნაციონალური მოძრაობა და პირადად მიხეილ სააკაშვილი, ყოველთვის მზად იყო, არჩევნებში გასამარჯვებლად ტერაქტის ინსცენირება მოეხდინა. სამარცხვინო ფაქტია - სოფელ ხურჩაში ნაციონალმა მაღალჩინოსნებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი თავადვე გაუხსნეს, რითაც არჩევნების დღეს სრული ისტერიკა გამოიწვიეს. შედეგად, მოსახლეობას პოლიტიკური პარტიები საერთოდ მიავიწყდა და ყველა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თავს რუსები დაგვესხნენ და რაც შეიძლება სწრაფად დავუჭიროთ მხარი მთავრობასო. "ქართული ოცნება" მსგავსი ტიპის მაქინაციებში არასოდეს ჩაერთვება. 2008 წლისა და წლევანდელი არჩევნები ერთმანეთისგან ცასა და დედამიწასავით განსხვავდება - დღეს ხელისუფლება ევროპული ტიპის არჩევნებს ატარებს, ამიტომ ვფიქრობ, ვინც არჩევნებში მსგავსი ტიპის მანიპულაციებით იყო დაკავებული, კანონის წინაშე მკაცრად უნდა დაისაჯოს. ხურჩა კლასიკური შემთხვევა იყო, როცა ტერაქტის ინსცენირება მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობის დასაკავებლად დაგეგმა".

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ხურჩის ინციდენტი ნაციონალური მოძრაობის ინსცენირების პირველი შემთხვევა არ არის: "კარგად მახსოვს ე.წ. რუსების აგენტების დაკავება განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურდებოდა ხოლმე. მსგავსი ხერხებით წინა ხელისუფლება არჩევნებს ტოტალურად აყალბებდა".

ხურჩის ინციდენტს შემზარავს უწოდებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც: "შემზარავია იმის გააზრება, რომ ნაციონალური მოძრაობა ტერაქტის ინსცენირებას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებდა. მხოლოდ ეს ფაქტია საკმარისი იმისათვის, რომ მსგავსი მეთოდების ავტორი და შემოქმედი კანონის წინაშე უმკაცრესად დაისაჯოს. წარმოიდგინეთ, მათ მიერ დაგეგმილი ტერაქტის საკუთარ თავზე ასაღებად მოსახლეობას აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. ვინც მსგავსი ქმედების გამართლებას ცდილობს, ამ სასტიკი დანაშაულის მონაწილეა".

რუსუდან შელია

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა