კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დისკომფორტს არ გრძნობს იმის გამო, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, უცხოურ მისიებთან ურთიერთობა მოუწევს.
"ურთულესია საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ის საქმე, რასაც მაია ფანჯიკიძე აკეთებს. თუნდაც იმიტომ, რომ გაწყვეტილი ურთიერთობაა და დაძაბული ფონი რუსეთის ფედერაციასთან. რა თქმა უნდა, უაღრესად რთულია, მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრება მქონდა ურთიერთობა დიპლომატებთან, საერთაშორისო მისიებთან, დისკომფორტს ამ თვალსაზრისით ნამდვილად არ განვიცდი - ბევრი დრო გამიტარებია მათთან, აქაც და იქაც. ვგრძნობ კომფორტულად თავს? რა თქმა უნდა, მე არ მიჭირს არც ენის და არც უცხოელებთან ურთიერთობის თვალსაზრისით", - განაცხადა მარგველაშვილმა.
ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ ვილნიუსის სამიტზე, რომელიც ნოემბრის ბოლოსაა ჩანიშნული, საქართველოს პრეზიდენტის რანგში თავად გაემგზავრება. "კონსტიტუციით, 17 ნოემბერსაა ინაუგურაცია, ვილნიუსის სამიტი კი არის 10 დღის შემდეგ", - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.