დაკვირვებული მსახიობია. სცენაზე სულ რამდენიმე ''ჩეპე'' აქვს გასახსენებელი, მაგრამ ''მძიმე'' შეცდომები დაუშვია. ის ექვსი წლის განმავლობაში რუსთაველის თეატრს ედგა სათავეში. რამდენიმე თვის წინ ზაალ ჩიქობავასა და რობერტ სტურუას შორის გაჩენილ უთანხმოებას დიდი ხმაური მოჰყვა. მმართველმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, ხოლო 2013 წლის ოქტომბერში რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.
ზაალ ჩიქობავა დღეს ახალ თეატრალურ სივრცეში მოღვაწეობს. ახლა არა, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ მომავალში კვლავ გაუჩნდება იმის სურვილი, რომ რომელიმე თეატრზე იზრუნოს. ჯერ არ იცის, თუ როგორი შეიძლება იყოს ''ის'' თეატრი, ამიტომ ეს საუბრის თემა სამომავლოდ გადავდეთ; ამჯერად მხოლოდ წარსულითა და დღევანდელობით შემოვიფარგლეთ...
ბავშვობა
- მამა - ვალერიან ჩიქობავა ფიზიკოს-ინჟინერი გახლდათ. ახალგაზრდობაში ამ სფეროში ბევრი რამ გააკეთა, მოგვიანებით ცოტათი შეიცვალა პროფილი და სამშენებლო ინჟინერიისკენ გადაინაცვლა. იყო ტრესტის მმართველი. მას ეკუთვნოდა მარნეულის რკინა-ბეტონის ქარხნის მშენებლობის იდეა, რომელიც განახორციელა და რამდენიმე გამოგონების ავტორიც გახლდათ. ის 1997 წელს გარდაიცვალა. სრულიად მოულოდნელად, იმდენად უცებ, რომ ვერც კი მოვახერხეთ იმის აღქმა, რომ ეს ადამიანი ჩვენ გვერდით აღარ იყო. მამის გარდაცვალებამ დიდი ტკივილი დატოვა. ძალიან მაკლია. ზუსტად ვიცი, რომ ჩემს გადაწყვეტილებებთან და ქცევასთან დაკავშირებით, ამა თუ იმ მომენტში, მამის შეფასებები და რჩევა მჭირდება.
რაც შეეხება დედას, ზანდა იოსელიანი მსახიობია. დედა ცხოვრებაში ბევრად მკაცრი და მომთხოვნია, მამა კი უფრო დემოკრატი გახლდათ, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ დედა კლიშეებს გვიწესებდა და რამეს გვირთულებდა. საერთოდ, ორივე მშობელი ხელს გვიწყობდა, რომ თავისუფლად გვეცხოვრა და გვეაზროვნა და დამოუკიდებელი არჩევანი გაგვეკეთებინა.
სამ ძმას შორის შუათანა ვარ. უფროსი პროფესიით ისტორიკოსია, მაგრამ ძალიან დიდი დრო დაუთმო სპორტს და ახლაც ამ სფეროშია ჩართული. ის დღეს ქალაქის სპორტის განყოფილებას ხელმძღვანელობს. ოთხი შვილი ჰყავს. უმცროსმა ''გეპეი'' დაამთავრა, გამოთვლითი მანქანები და ტექნიკა, მაგრამ შემდეგ ''ტელეიმედში'' მუშაობა მოისურვა. მაშინ მე გიორგი თარგამაძეს ვთხოვე და მან ჩემს ძმას საშუალება მისცა, ოპერატორის პროფესიას დაუფლებოდა. სამსახურში სტაჟიორად მიიღო, ჯერ ოპერატორის ასისტენტი იყო, შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ პროფესიონალად ჩამოყალიბდა და დღეს საკმაოდ კარგი და მოთხოვნადი ოპერატორია. ბევრს მუშაობს. სამი ძალიან კარგი შვილი ჰყავს.
დედის პროფესიის გამო, ბავშვობის დიდი ნაწილის მარჯანიშვილის თეატრში გატარებამ მომიწია. ალბათ, ამან განაპირობა ჩემი მომდევნო ნაბიჯები ცხოვრებაში და პროფესიული არჩევანიც. თუმცა ღრმა ბავშვობაში ცოტა აყოლილი ვიყავი ჩემს უფროს ძმას და მსურდა, მეხანძრე გამოვსულიყავი. საამისოდ 3-4 წლის ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ბევრს ვზრუნავდით და ვცდილობდით, ეს საქმე გვესწავლა.
დიდი ეზო გვქონდა. კერძო სახლი. ეზოს გალავანზე ვაწყობდით სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებებს ცეცხლის ჩასაქრობად. შემდეგ ფარმაციამ დამაინტერესა და წამლების შექმნასაც ვცდილობდი.
- იმედია, ის წამლები საკუთარ თავზე არ გამოსცადეთ...
- არა, არ გამომიცდია (იღიმის). ამის შემდეგ ცოტათი ''შევიჭერი'' ქირურგიაში. მაცივრიდან ვიპარავდი ქათამს და ''ოპერაციას'' ვუტარებდი. მერე მივხვდი, რომ ექიმობა ჩემი საქმე არ იყო. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტელევიზორში რაღაც ოპერაციას მოვკარი თვალი, მივხვდი, რომ ამ პროცესს ვერანაირად ვერ გავუძლებდი. რაც შეეხება თეატრს, პირველი, რამაც გამიტაცა, სცენოგრაფია იყო.
- კარგად ხატავდით?
- არა, ასე ვერ ვიტყვი, უფრო მეტად მაკეტების შექმნა მეხერხებოდა. ჯერ ნანახი სპექტაკლების მაკეტებს ვქმნიდი, შემდეგ - ჩემი ფანტაზიითაც. მინდა გითხრათ, რომ დეკორაციების საკმაოდ საინტერესო ასლები გამომდიოდა.
- ალბათ, ეს მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლების მაკეტები იყო...
- არა. სამწუხაროდ, არ არსებობს ამის მტკიცებულება, მაგრამ ერთ საინტერესო რამეს გეტყვით. ჩვენ რომ ჩემი ბავშვობის სახლი დავტოვეთ და საცხოვრებლად სხვაგან გადავედით, გადატანისას ძალიან ბევრი ნივთი დაიკარგა. მათ შორის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი - ბებიას ნაქონი ტანსაცმლის ხის სკივრი. ჩემი ყველა საყვარელი ნივთი იქ ჩავაწყვე, მათ შორის მაკეტები, წიგნები და ა.შ. დაუდევრობით დაიკარგა და ამაზე გული ძალიან მწყდება. შესაბამისად, სამხილი არ მაქვს, მაგრამ ვაკეთებდი ძირითადად რუსთაველის თეატრის მაკეტებს. ანუ იმ სპექტაკლებისას, რასაც მაშინ ვნახულობდი. ეს იყო: ''კავკასიური ცარცის წრის'' , ''რიჩარდ III'' -სა და ''მეფე ლირის'' მაკეტები...
სცენა
...თეატრალურ ინსტიტუტში ბატონი რეზო მირცხულავას ჯგუფში ვსწავლობდი. ძალიან საინტერესო და წარმატებული ჯგუფი გამოდგა. თითქმის 90-95% თეატრში, კინოში, გახმოვანებაზეა დაკავებული და აქტიური მსახიობია. სამწუხაროდ, ორი ადამიანი - ნიკო გომელაური და ვასიკო ძოწენიძე უკვე აღარ არიან ამქვეყნად და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ტკივილია. ორივე ძალიან კარგი პიროვნება იყო.
- თეატრალურიდან რუსთაველის თეატრში მსახიობობის დაწყებას თქვენი კოლეგები "თეატრალურიდან რუსთაველში ჩასვლას'' ეძახიან. ეს როდის მოხდა?
- რუსთაველის თეატრში საკმაოდ გვიან მივედი. თეატრალური ინსტიტუტი 1992-ში დავამთავრე და რუსთაველის თეატრში 2005 წელს მოვხვდი, ანუ 13 წლის მერე.
- და ის 13 წელი რა ხდებოდა?
- თავიდან ჩემი კურსის ნაწილი ბატონმა შალვა გაწერელიამ მოზარდ მაყურებელთა თეატრში წაიყვანა. მას იქ ახალგაზრდული სტუდიის ჩამოყალიბება სურდა. ეს პროცესი დროში ცოტათი გაიწელა. იმავდროულად მქონდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მარჯანიშვილის თეატრიდან, სადაც სათამაშოდ წავედი და ის ჩემი ძირითადი ნავსაყუდელი გახდა. პერიოდულად მქონდა გასვლები თეატრალურ სარდაფში, თავისუფალ და სამეფო უბნის თეატრებში. ეს უკანასკნელი კიდევ ცალკე თემაა, ძალიან დიდი და საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რადგან სამეფო უბნის თეატრში ბევრი სპექტაკლი მაქვს ნათამაშები.