ერთ კვირაში საქართველო პრეზიდენტს აირჩევს, თუმცა ქვეყნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი მინისტრთა კაბინეტი და მისი ხელმძღვანელია. ივანიშვილი აცხადებს, რომ ის პოსტს ინაუგურაციის შემდეგ, ერთ კვირაში დატოვებს, მაგრამ არსებობს ვალდებულებები, რომელსაც მას კონსტიტუცია აკისრებს. კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარზე საუბრობს:
ავთანდილ დემეტრაშვილი: "ინაუგურაციის შემდეგ, მთავრობა მოიხსნის თავის უფლებამოსილებას. ამის შემდეგ, პარლამენტში ბოლო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია ან ბლოკი, ჩვენ შემთხვევაში კოალიცია "ქართული ოცნება", მისი ლიდერის სახით, ანუ თავად ბიძინა ივანიშვილი იტყვის, რომ მას აღარ უნდა პრემიერ-მინისტრობა. შესაბამისად, შესთავაზებს პრეზიდენტ გიორგი მრგველაშვილს, დაასახელოს (არ ვიცი ვის დაასახელებს) პრემიერ-მინისტრად, ვთქვათ, ირაკლი ღარიბაშვილი. ამის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი შეადგენს მთავრობის შემადგენლობას, მთავრობის პროგრამას, მივა პარლამენტში და პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს მას."
ნდობა გულისხმობს 50% + 1 ხმას, მაგრამ, რა მოხდება თუ პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა. როგორც დემეტრაშვილი ამბობს, ამ შემთხვევაში ეს დროში გაწელილი პროცედურა იქნება, საბოლოოდ კი უკეთეს შემთხვევაში, ახალი პრემიერ-მინისტრი გვეყოლება, უარეს შემთხვევაში კი ახალი პრეზიდენტი იძულებული იქნება პარლამენტი დაითხოვოს.
ავთანდილ დემეტრაშვილი: თუ პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა, კიდევ ერთხელ ექნება საშუალება, მიმართოს პარლამენტს ნდობის მისაღებად. თუ მეორედაც ვერ მიიღო ნდობა, მერე იწყება რთული პროცედურა, - პარლამენტის შემადგენლობის 2/5-ს აქვს უფლება პრეზიდენტს წარუდგინოს პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატი. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ მოიპოვა ნდობა წარდგენილმა მთავრობამ, მაშინ პრეზიდენტს აქვს უფლება დაითხოვოს მთავრობა.
- სად იქნება მთელი ამ დროის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი?
-გარკვეული დროის განმავლობაში ბატონი ბიძინა რჩება პრემიერ-მინისტრის პოსტზე, მანამ სხვა პრემიერ-მინისტრს არ აღიარებს პარლამენტი. ოღონდ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პერიოდში ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში არ გადაინაცვლებს.
თუ ახალი მთავრობის დამტკიცებამდე წავა, დემეტრაშვილი ფიქრობს, რომ კრიზისი გარდაუვალია. რაც შეეხება სტატუსს, ივანიშვილი ამ დროის განმავლობაში ისევ მთავრობის ხელმძღვანელად დარჩება.
"ბიძინა დარჩება მთავრობის ხელმძღვანელად, იქამდე სანამ ახალი მთავრობა არ ჩამოყალიბდება, შეიძლება ეს პროცესები გაგრძელდეს გარკვეული პერიოდი, - ერთი კვირა, ორი კვირა, ან უფრო მეტი. ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ვადაში წარადგენს ბიძინა ივანიშვილი ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პრეზიდენტისათვის და პარლამენტი რა დროში გამოუცხადებს ნდობას. თუ ბიძინა ივანიშვილი გადადგა მთავრობის შემადგენლობიდან, სანამ ახალი დამტკიცდება, დიდი კრიზისია მოსალოდნელი და პრეზიდენტი იძულებული გახდება ვინმეს დაავალოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულება", - ამბობს ავთანდილ დემეტრაშვილი.
იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნა, 17 ნოემბერს, ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების წუთიდან, მთავრობა ვალდებულებას მოიხსნის. პარალელურად, თუ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ კანდიდატურას მოხსნის და სამოქალაქო სექტორში გადავა, ქვეყანას გარდა ახალი პრეზიდენტისა, ახალი პრემიერ- მინისტრიც ეყოლება.
რაც შეეხება თავად ბიძინა ივანიშვილს, ფრანგულ სააგენტო "ფრანს პრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ინაუგურაციიდან ერთ კვირაში გადადგება, პრემიერ-მინისტრის პოსტს კი 24 ნოემბრამდე დატოვებს.ნათია ოსანაძე