გივი სიხარულიძე მუდმივად ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მის შესახებ არაერთი ანეკდოტი არსებობს, ახალგაზრდებმა მსახიობზე სახუმარო სიმღერაც კი დაწერეს. მაგრამ თვითონ ეს ხუმრობები არ სწყინს. რამდენიმე დღის წინ მსახიობი და მწერალი "მწერალთა დარბაზის" უცხოეთის შემოქმედებით ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარედ დაინიშნა. რამდენიმე დღეში გივი სიხარულიძის ახალი წიგნი გამოვა.
- ბატონო გივი, რის შესახებ მოგვითხრობს თქვენი ახალი წიგნი?
- ჩემი ახალი წიგნი ბიოგრაფიულია, თურქეთში დაბეჭდა ცნობილმა საოპერო მომღერალმა ლადო ათანელმა. ეს არის უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი წიგნი, პირველად მოხდა მსოფლიო მწერლობის ისტორიაში, როცა ავტობიოგრაფია გადმოცემულია ნოველების სახით. დიდ შრომასთან იყო დაკავშირებული ამ წიგნზე მუშაობა. ლადო და მისი მეუღლე ერთ სტროფს მეუბნებოდნენ ლადოს ცხოვრებიდან, მე კი იქვე ვწერდი ახალ ნოველას. თავადაც გაოგნებული ვიყავი ამით. მერე ვმუშაობდი ამის დაწმენდაზე, დამუშავებაზე, როგორც ლიტერატურულად, ასევე გრამატიკულად. არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ გენიალური ნამუშევარი გამოვიდა.
- ახალი თაობის მწერლების შემოქმედებას თუ ეცნობით, ვინ არის თქვენთვის საინტერესო?
- პერიფერიებიდან ჩამოსული გოგო-ბიჭები უფრო კარგ ნაწარმოებებს ქმნიან, ვიდრე ისინი, დღედაღამ ტელევიზიით ჭკუას რომ გვარიგებენ. გამოვარჩევ ვახტანგ ღლონტს. როგორც რეზო ამაშუკელია, ანა კალანდაძე და გალაკტიონ ტაბიძე იყვნენ გენიოსები, ასეთია ვახტანგ ღლონტიც. მომწონს ვაჟა ოთარაშვილი და თემურ ჩალაბაშვილი.
- კრიტიკულად ვის მიმართ ხართ განწყობილი?
- იმ ახალგაზრდების მიმართ, ვინც გამუდმებით ტელეეთერში პოზირებს. ერთხელ არ მინახავს ლიტერატურულ პრემიაზე "საბა" ახალი სახეები და დიდ გულისწყრომას იწვევს ეს მწერლებში. იციან, რომ შეიტანონ თავიანთი ნამუშევარი, მაინც არავინ წარადგენს პრემიაზე, რადგან სულ ერთ წრეში ტრიალებს ნომინაციები.
- ბატონო გივი, როგორც პროფესიონალი მოცეკვავე, როგორ შეაფასებთ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალი სეზონის მონაწილეებს?
- პირველ რიგში, ჟიურიში უნდა იყვნენ პროფესიონალები. მონაწილეებს რაც შეეხება, იქაც ბევრი ისეთი ადამიანი დავინახე, რომელიც არ ვიცი, რის მიხედვით შეარჩიეს. ეს უკვე სასაცილოა.
- ვის გულისხმობთ, გია სურამელაშვილს?
- არ მინდა, ვინმეს პიროვნულად შევეხო. ერთს ვიტყვი, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ზოგიერთი მონაწილე სამარცხვინოა. ვინც მომწონს, არის სალომე ჭაჭუა და ჯულიანა ბარ-გნარი. მიხარია, რომ ბარ-გნარი ჩემს გიორგი ყიფშიძესთან ცეკვავს და გამარჯვებას ვუსურვებ.
- ია ფარულავაც არ იყო პროფესიონალი მოცეკვავე, მაგრამ როცა თქვენ მონაწილეობდით "ცეკვავენ ვარსკვლავებში", ის ჟიურიში იჯდა, ასევე მარინა ბერიძე და ნანუკა ჟორჟოლიანიც.
- ია არ არის მოცეკვავე, მაგრამ ის არის კარგი შოუმენი. შოუში გადაჰყავდა გადაცემა. ოთარ ტატიშვილიც არ არის მოცეკვავე, მაგრამ შოუ გააკეთა, ნიჭიერი კაცია და მოუხდა გადაცემას. ან ცეკვა უნდა შეგეძლოს, ან შოუს დადგმა, როცა ამ პროექტში იღებ მონაწილეობას.
- "ფეისბუქზე" საკმაოდ საინტერესო კომენტარებს აკეთებთ, ბოლოს პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის შესახებ დაწერეთ: რა კარგი ძუძუები აქვს, ვინ არის, სიკვდილამდე გამაცანით ეს გოგოო. ნამდვილად თქვენ წერთ ამ კომენტარებს?
- ცხოვრებაში არ ჩამიხედავს კომპიუტერში, "ფეისბუქი" რა არის, წარმოდგენა არ მაქვს. ვიღაც იდიოტებმა გააკეთეს ჩემს მაგივრად ჩემი "ფეისბუქი". არ ვიცი, ეს რა მარაზმია, რა იკადრეს იდიოტებმა. რაც უნდათ, ის დაწერონ, უნდა ჩაკ ნორისი მეძახონ და რაზეც უნდათ, იმაზე იხუმრონ, მაგრამ ვბრაზდები, ჩემს მაგივრად "ფეისბუქით" ხან ხატია ბუნიათიშვილზე რომ წერენ სისულელეებს და ხან სხვებზე.
- საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აპროტესტებენ სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობას, უერთდებით თუ არა მათ მოთხოვნას?
- რუსებმა ჭკუა უნდა ისწავლონ და დაუფიქრდნენ თავიანთ საქციელს, საზიზღრობაა ეს მავთულხლართების გადმოწევა, მაგრამ რუსების ჯიბრზე ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ. მაგათ გამო არ უნდა გავხდეთ ჩემპიონები? თქვენ ხომ არ იცით, რა მძიმე შრომა უწევთ სპორტსმენებს, წლებს ატარებენ ვარჯიშში და იმის გამო, რაც ხდება, ოლიმპიადაზე უარი არ უნდა ვთქვათ.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)