არსებობს გამოკითხვის ოქმი, სადაც დაფიქსირებულია, რომ პირველი პატიმრობისას გოგა ძველაიას თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება ჰქონდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ განუცხადა.
"გვაქვს ინფორმაცია, რომ როდესაც გოგი ძველაია პირველად იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სოციალურმა მუშაკმა მასთან გამოკითხვა აწარმოა, სადაც ამ გამოკითხვაში - აქვს თუ არა მიდრეკილება თვითმკვლელობისკენ? - პასუხი იყო გაცემული, რომ კი, აქვს", - განაცხადა კოჟორიძემ.
მისი თქმით, თუკი სასჯელაღსრულების სამინისტროს ეს ინფორმაცია ჰქონდა, რაც უნდა გადამოწმდეს, უფრო წინდახედულად უნდა ემოქმედა.
"დავუშვათ სამინისტროს ეს ინფორმაცია ჰქონდა, მას სხვადასხვა ზომები უნდა მიეღო - საკანი შესაბამისი ვიდეოგადამღებით, რომ თუ რაიმე საეჭვო მოქმედების განხორციელებას დაიწყებდა არასრულწლოვანი, დაუყოვნებლივ მომხდარიყო მისი აღკვეთა", - განაცხადა კოჟორიძემ.
მისი თქმით, სოციალური მუშაკის მიერ ჩატარებული გამოკითხვის დოკუმენტი სასჯელაღღულების სამინისტროში უნდა ინახებოდეს.
ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი 16 წლის გოგა ძველაიას მამა კი საპყრობილეში გადაღებული კადრების გადაცემის გაჭიანურების მცდელობაზე საუბრობს და შიმშილობის დაწყებას აპირებს.
როგორც დავით ძველაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სასჯელაღსრულების სამინისტრო კადრების ნახვას სთავაზობს, თუმცა გარდაცვლილის მამა მოითხოვს, რომ კადრები გადაეცეს, რათა დამოუკიდებელ ექსპერტს შეამოწმებინოს.
16 წლის გოგა ძველაია ქუთაისის #2 დაწესებულებაში ერთი დღის გადაყვანილი იყო, რა დროსაც საკანში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობს.