ახალი სეზონიდან ტელესერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ახალი პერსონაჟი მირიან ბარათეონი გამოჩნდა, რომელსაც დათო დარჩია განასახიერებს. "მირიან ბარათეონს არ აქვს საიდუმლოებები, იმიტომ, რომ აქვს იმდენის საშუალება - საიდუმლობები არ ჰქონდეს, არ ჭამს ფრთიანს არაფერს.. იბრძოდა "შავ არწივში".. არ უყვარს ციფრი 6 და ექვსიანი მის არცერთ საბუთში არ არის, არც ტელეფონის ნომერში.. ოთხი შვილი ჰყავს: კრავაჲ, ეკატერინე, სიდონია და კესარია, ყველაფერს ლამაზად აკეთებს.. ოქტომბრის ბოლოს გეგმავს ულამაზეს, საუკუნის განშორებას მეორე ცოლთან", - ასე ახასიათებენ სერიალის ახალ პერსონაჟის "ფეისბუქში" "ჩემი ცოლის დაქალების" ოფიციალურ გვერდზე.
მაღალი, მდიდარი, ქარიზმატურლი, მორწმუნე და პოეზიაზე შეყვარებული მირიანი, რომელიც მონარქიის აღდგენაზე ოცნებობს, მაყურებელმა საკმაოდ ნეგატიურად მიიღო, რაც სოციალურ ქსელებში ინტერნეტ-მომხმარებლების უარყოფითი კომენტარებით დასტურდება.
მაყურებლის დიდმა ნაწილმა ახალ პერსონაჟში ბიზნესმენი ლევან ვასაძე ამოიცნო, რომელსაც მართლა ბევრი რამ აქვს საერთო მირიანთან. როგორც ცნობილია, ბიზნესმენს ჰყავს მეუღლე და შვიდი შვილი, წერს ლექსებს და საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის მომხრეა. "მეტად სასარგებლო იქნება, თუ ჩვენთან აღდგება კონსტიტუციური მონარქია. მისი უწმინდესობის მიერ დაყენებული ამ საკითხის მიმართაც ჩვენი ბოლშევიკ-ლიბერალების დამოკიდებულება გულისამრევია", - განაცხადა რამდენიმე თვის წინ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში ბიზნესმენმა. Youtube-ზე რამდენიმე ვიდეოც არის ატვირთული, სადაც ბიზნესმენი საკუთარ ლექსებს თავად კითხულობს.
პერსონაჟის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას არ უარყოფს სერიალის სცენარისტი ქეთი დევდარიანი. "ლევან ვასაძის შანსები ქართულ პოლიტიკაში კვირიდან კვირამდე მცირდება", - დაწერა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "ტაბულა ART"-ის რედაქტორმა ლექსო მაჭავარიანმა,
ამ პოსტს ქეთი დევდარიანი გამოეხმაურა: "ძაან შემომიტიეს, გაათრიე სერიალიდანო. რაღაცას ფარცაგს უგრძნობს გული მაყურებელს", წერს სცენარისტი. თუმცა მაყურებლების ნაწილი სცენარისტებს პერსონაჟის პოეზიით მეტად დატვირთვას ურჩევს. მათი თქმით, ქართულ პოლიტიკაში ვასაძის შანსების შემცირება მირიან ბარათეონის დამსახურებაცაა.სოციალურ ქსელში სერიალის ოფიციალურ გვერდზე მირიანის საავტორო პოემის ფრაგმენტი გამოქვეყნდა, რომელსაც ის სუფრაზე ყვება:
"პოემა: არმაზის დაბრუნება, კარი XII
მე მკერდს მივუშვერ წლების ქარიშხალს
თვალებს დახუჭავ და გავფრინდები
საუკუნეებს უკან დავითვლი
და ჩემს წინაპრად გარდავიქმნები
იქ იწრთობოდა ჩვენი დიდება
ამ სისხლის ძალა და გენის გონი
და მთელს მსოფლიოს აზანზარებდა
იბერიული არმაგედონი
გზად დაშვებული ბევრი შეცდომა
აღარ იქნება, არ დაიშვება
და გაბრწყინება საქართველოსი
მიზნის მაგივრად წესი იქნება
ვფიცავ, სამშობლოვ მე შენს მომავალს
არ შეიცვლება ჩემი ფიქრები.
ან დაბრუნდება შენი დიდება
ან მე ცოცხალი აღარ ვიქნები!".
ამ პოსტის კომენტარებში მაყურებლები ახალი პერსონაჟის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავენ.
"სცენარისტო, ძაან აურიე ამ ბოლო დროს"
"აქ ყველა წუწუნებს და ამისთანა რო რეალურად გვყავს იმაზე გიჟდებიან"
"ეტყობა ქართველი "ვაჟკაცების" გულის მოგებასაც ცდილობს"
"კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ეს კაცი ცოტას აფრენს, ან ბევრს, არ ვიცი"
"აბა თუ გამოიცნობთ ვისი პროტოტიპია ეს კაცი? "
"ბრავო ლიფონავას!"
საქართველოში ძლივს კაი სერიალი გაიჩითა და ესეც დადებილდა"
"უფრო დებილი პერსონაჟი ვეღარ მოიფიქრეთ? მაგრად მაღიზიანებს"
"ნეტა სასაცილოდ არ იგდებდეთ თავს ამ გამოქლიავებული პერსონაჟის გამოყვანით? ცოტა სხვა სახე რომ მიგეცათ არა?"
"ერთი მხრივ თითქოს არარეალისტური და ზეხელოვნური ტიპაჟია, მაგარამ ბოლო ერთი წლის მანძილზე ქართულ რეალობაში მომხდარ ცვლილებებთან ბევრი საერთო აქვს. კიდევ კარგი, ვიღაც გაბედულად რომ აკაიფდა.ჯერჯერობით მაყურებელი იუმორით იღებს მონარქიის აღდგენის იდეას, იმედია ასე გაგრძელდება და მირიან-ბატონი უცებ კუმირად არ გადაიქცევა"
"რატომღაც ლევან ვასაძესთან ასოცირდება ეს გმირი )) ჩემთვის, რა თქმა უნდა"
"გაიტანეთ გრელანდია!!", - წერენ სიციალური ქსელის მომხმარებლები.