შესაწყალებელთა სიაში პატიმრების წამებისათვის მსჯავრდებული ციხის თანამშრომლებიც არიან

შესაწყალებელთა სიაში პატიმრების წამებისათვის მსჯავრდებული ციხის თანამშრომლებიც არიან

მსჯავრდებულთა სიაში, რომელთა შეწყალებაზეც დღეს შეწყალობის სახელმწიფო კომისია იმსჯელებს, პატიმრების წამებისათვის მსჯავრდებული ციხის თანამშრომლებიც არიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა ელენე თევდორაძემ განუცხადა.

თევდორაძის თქმით, მისთვის გასაკვირია, რომ ციხის ამ თანამშრომლებს სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი აქვთ და კომისიასაც მიმართეს. ამასთან, როგორც თევდორაძემ აღნიშნა, მათ წინასწარ იცოდნენ, რომ კომისია შეწყალებაზე დადებით რეკომენდაციას არ მისცემს.

შეწყალების კომისია დღეს ოთხასამდე მსჯავრდებულის განაცხადს განიხილავს. თევდორაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საუბარია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის გასამართლებულ პირებზე.

"თითქმის ოცი წელია ამ მიმართულებით ვმუშაობ და ამდენი მძიმე საქმე ერთად შემოსული არ მინახავს", - აღნიშნა თევდორაძემ, რომელიც ხაზგასმით ამბობს, რომ კომისია ყველა განაცხადს განიხილავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პატიმრის თხოვნა გათვალისწინებული იქნება.

შეწყალების კომისიის სხდომის დაწყების წინ კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა. მისი თქმით, ყველა საქმე ინდივიდუალურად იქნება განხილული და რეკომენდაციაზე გადაწყვეტილებების მიღებისას ყველა რისკი იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება პატიმრების წამებისათვის მსჯავრდებული ციხის თანამშრომლების შეწყალების საქმეს, ნანუაშვილის თქმით, წამება საკმაოდ მძიმე დანაშაულია და ის მიიჩნევს, რომ მათ სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადონ.

შეწყალების კომისიის კიდევ ერთი წევრი გიორგი გოდაბრელიძე აცხადებს, რომ კომისიის მიზანია, შეწყალებული იყვნენ ისეთი პირები, რომელთა გათავისუფლებაც ქვეყანაში კრიმინოგენურ მდგომარეობას არ გააუარესებს. მისი თქმით, გადაწყვეტილებების მიღებისას სწორედ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული.

შეწყალების კომისია ამ შემდგენლობით ბოლოჯერ შეიკრიბა. ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ კომისიის შემადგენლობა შეიცვლება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ