ადამიანის ემოციებსა და განწყობას მისი მიმიკა და ჟესტები საკმაოდ კარგად გამოხატავს, მაგრამ ხშირად ყურადღების მიღმა ვტოვებთ ისეთ დეტალებს, რაც ურთიერთობისას მეტი ინფორმაციის მიღებაში დაგვეხმარებოდა. ფსიქოლოგი სოფი ხარატი მიუნხენის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. "ტყუილის ფსიქოლოგია და სხეულის ენა" - ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ამ სახელწოდებით გახსნილმა გვერდმა მიიქცია ჩემი ყურადღება და გადავწყვიტე, მასთან ინტერვიუ ჩამეწერა. სოფი სხეულის ენის, პოლიტიკოსებისთვის მათი ცოდნის აუცილებლობასა და სხვა დეტალებზე გვესაუბრება.
BODY LANGUAGE - სიმართლის კონტროლი
- არსებობს ენა, რომელსაც პირდაპირი გაგებით, ანბანი არ გააჩნია და Body Language ანუ სხეულის ენა ჰქვია. მოგეხსენებათ, ადამიანი დღის განმავლობაში უამრავ ემოციას განიცდის და მათ ჟესტებით, მიმიკით გამოხატავს. რამდენიმე ათასი მიმიკა არსებობს, რომელსაც თავისი დანიშნულება აქვს და მათი ამოცნობა არცთუ ისე მარტივია, მაგრამ - შესაძლებელი. ადამიანის სხეულის ენის შესწავლა XX საუკუნეში დაიწყო და იმაზე მეტად წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი ტყუილის დეტექტორი, რომლის გაკონტროლება კარგად განსწავლულ ორმაგ აგენტს არცთუ ისე მარტივად, მაგრამ მაინც შეუძლია... ადამიანები ურთიერთობის პირველ ეტაპზე საკუთარ თავს ძირითადად, ისეთ კითხვებს უსვამენ, რომლებზე პასუხის გაცემაც საკმაოდ გრძელი და რთული პროცესია: ამბობს ის სიმართლეს? რას ფიქრობენ ადამიანები ჩემზე სინამდვილეში? შემიძლია მათ ვენდო? ჟესტები ადამიანს ამხელს, სხეულის ენა მის ფიქრებს გაგებინებს და ყველაფერზე ლაპარაკობს, რაზე საუბარიც არ სურს. ამისთვის სხეულის ენის წაკითხვა სწორად უნდა შეგვეძლოს. ჯო ნავარომ, FBI-ის ყოფილმა აგენტმა, სხეულის ენის ყველაზე რთული მოძრაობები შეისწავლა და ადამიანის მოძრაობის ყოველი აქტი "ლუპის ქვეშ გაატარა".
აღქმის სიზუსტე და მისი მნიშვნელობა
არ დაგავიწყდეთ, რომ აჩქარება აქ არ გამოგადგებათ, რადგან სანამ რეზულტატს მიიღებთ, მის სისწორეში კარგად უნდა დარწმუნდეთ. ეს მთელი პროცესია და დიდხანს გრძელდება. ადამიანების "წაკითხვა" ყველაზე საინტერესოა მათთვის, ვისაც ხშირი კონტაქტი აქვს დიდ საზოგადოებასთან, ორგანიზაციებთან; თვით ლიდერებისთვის, რომლებიც კომპანიებს მართავენ, რადგან ეს ძალიან ეხმარებათ. ადამიანი ხშირად იცვლის სახის მიმიკას და ხმის ტემბრს მაშინ, როცა იცვლება სიტუაცია და ჩვენ უნდა შეგვეძლოს ამ ცვლილების ზუსტი აღქმა. მაგალითად, როცა ბავშვი ძალიან არის გახარებული, როცა ზოოპარკში მიჰყავთ და უცებ გაიგებს, რომ ზოოპარკი დაკეტილია, მისი ემოცია წამებში იცვლება და ამასთანავე, სახის გამომეტყველებაც. ასევეა მოზარდებში. გაიხსენეთ ადამიანის სახე, როცა ტელეფონზე საუბრის დროს ცუდ ინფორმაციას იგებს. იცვლება მისი სხეულის მდგომარეობა. ადამიანებმა, რომლებიც ახლა იწყებენ სხეულის ენაზე დაკვირვებას, უნდა იცოდნენ, რომ სხვების მიმართ დაჟინებული მზერა არასასურველია, მათ ისეთნაირად უნდა დააკვირდნენ, რომ თვითონ არ გახდნენ შესამჩნევები. ასეთ შემთხვევაში, ობიექტი თვითონ იწყებს საკუთარი ემოციის უფრო მეტ კონტროლს, რადგან სხვანაირ მზერას გრძნობს და ავტომატურად, თავდაცვით რეაქციებს ავლენენ.
ქცევის პროტოკოლი
ცნობილია, რომ მაღალი წრის ეშელონებში დიდი ყურადღება ექცევა პოლიტიკოსებისა თუ მსახიობების მოძრაობებს. ჟურნალისტები როცა ცდილობენ, ამა თუ იმ მოვლენის გაშუქებას, ასე თუ ისე, ახერხებენ, მათი ნამდვილი ემოცია ამოიკითხონ. მოგეხსენებათ, აქ ვარაუდი საკმაოდ რთული და გაუთვალისწინებელი შეიძლება იყოს, რადგან როცა სხვისი ემოციის წაკითხვას ცდილობ, გასათვალისწინებელია არა მხოლოდ თეორია, არამედ - მოცემული სიტუაცია, სხეულის მოძრაობა, მისი ცვლილება წამებში, ხმის ტემბრი და ეს ყველაფერი, ერთად აღებული, იძლევა შედეგს. არსებობს განსაზღვრული პროტოკოლი, რომელსაც ანბანივით სწავლობენ საზოგადოებისთვის ცნობილი თუ უცნობი წევრები, რადგან მათი არასწორი ანუ არაპროტოკოლური მოქმედება მათ რეპუტაციაზე მოქმედებს და თუ იგი არ ეთანხმება მოცემულ ტექსტს ან სიტუაციას, ხშირად შესაძლებელია, "ფატალურადაც" დამთავრდეს. ამიტომ ქცევის პროტოკოლი ყველა პოლიტიკოსისთვის სამაგიდო წიგნია.
პოლიტიკოსები და მათი ქცევის დეტალები
რაც შეეხება თამაშს: როცა საზოგადოების წევრები პოლიტიკოსების ქცევას აფასებენ, ეს ნიშნავს, რომ თუ ნორმალურ სიტუაციაში, სადაც რამდენიმე მეგობარი აგვარებს ამა თუ იმ პრობლემას, ჩვეულებრივ, ისინი არ უკვირდებიან, როგორ უნდა ჩამოართვან ხელი ერთმანეთს ან რომელი სიტყვით დაიწყონ საუბარი, პოლიტიკოსები ვალდებულნი არიან, გაითვალისწინონ პროტოკოლი, რამდენადაც უსიამოვნო უნდა იყოს ის. მოგეხსენებათ, პოლიტიკოსებს აქვთ მძაფრი ემოციები და ისინი ძალიან დიდი სტრესის ქვეშ იმყოფებიან, როცა უწევთ წესების გათვალისწინება. ამის დანახვა გარკვეულწილად შესაძლებელია და ამის გამო ხშირად მათი საქციელი ხალხში აგრესიის გამომწვევია. ადამიანების კონტაქტი ხელის ჩამორთმევით იწყება და შევეცდები დაგანახვოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს ყველა მომენტი.
მერკელი და პუტინი
ფოტოზე ანგელა მერკელისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაა აღბეჭდილი. მერკელის სხეულის ენა - Willkommen (კეთილი იყოს შენი მობრძანება) - გახსნილი სხეულის მდგომარეობა და გულითადი ღიმილი. პუტინის მარცხენა ხელი - გთხოვ, არ შემეხო. პუტინის თვალების მოძრაობა ისეთივეა, როგორიც ხვრელიდან ზემოთ ახედვა.
ობამა და პუტინი
ობამა მოძრაობაშია, პუტინს რომ მიესალმოს. მის სახეზე ემოცია შესაბამისია და ხელებიც - გაშლილი. პუტინი ერთ ადგილას დგას და მისასალმებლად ხელი ნახევრად აქვს გაწვდილი, რაც მის არაგულითად დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ობამა პუტინს თვალებში უყურებს, რაც ემოციის სისუფთავეზე მიუთითებს და იგი ამით ცდილობს, პუტინთან მისალმების დროს, გარკვეულწილად გაიგოს მისი დამოკიდებულება შეხვედრის მომენტისთვის. პუტინი ობამას ხელზე უყურებს, მისი ხელი მეგობრული შეხვედრისთვის არ არის მომზადებული და ობამასთვის თვალების მორიდებაც ამაზე მეტყველებს. მისთვის მთავარია საქმე, რომელიც ამ შეხვედრით უნდა მოგვარდეს და სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
სააკაშვილი და ობამა
პრეზიდენტი სააკაშვილი - მეგობრული ღიმილი, ინტერესიანი თვალები, სიმშვიდე, მოკრძალება. პოზიციები - თანაბარი, არც ერთი მხარე არ არის ადგილიდან გადაწეული ან წინ წამოწეული. მათი ორივე ხელის ცერა თითების ადგილმდებარეობა მათ დომინანტურობაზე მეტყველებს. პრეზიდენტი ობამა ემოციურობას არ იჩენს; განსხვავებით კოლეგისაგან, იგი ჯერ კიდევ საქმიანად საუბრობს და მისი მზერა ხელებისკენ, ამაზე მიუთითებს. მისთვის მნიშვნელოვანია შედეგი, რომელსაც ამ ხელის ჩამორთმევის შემდეგ მიიღებს. ისინი დაახლოებით ერთი სიმაღლის არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ობამას ხელი ნაკლებად გაშლილია, მისკენ აქვს მიწეული, რაც მის დარწმუნებულობასა და დაცულობაზე მეტყველებს. შეხვედრა ორივე მხრიდან კარგადაა მომზადებული, რადგან პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან ყველა მიმიკა ნავარჯიშებია. პროტოკოლი კარგადაა დაცული, მათ შორის დისტანცია ზომიერია, დამოკიდებულება - უფროს-უმცროსი ძმების ურთიერთობას ჰგავს, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტისთვის საქართველოს პრეზიდენტი, როგორც პარტნიორი, ნაკლებად მნიშვნელოვანია.
ივანიშვილი და სააკაშვილი 1
ამ ფოტოს სრულიად დამაჯერებლად შემიძლია დავარქვა - არაფერი. ყველაფერი ისეა, როგორც წიგნებშია დაწერილი და ორივე კარგად იცავს წესებს. როგორც სხეულის ენის, ასევე შინაგანი ემოციის კონტროლის წესებს.
ივანიშვილი და სააკაშვილი 2
- დისტანციის გამო, ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ ამ ორ ადამიანს შორის დიდი წყალია და ორივეს ეშინია ფეხის ჩადგმის, პროტოკოლის გათვალისწინების მიუხედავად. მარტო ადამიანების შეხვედრით შეგიძლიათ გაიგოთ, თუ რა დამოკიდებულება არსებობს მათ შორის. თუ პარტნიორი ხელის ჩამორთმევის დროს, მეორე მხარეს მკლავზე ამგვარად ეხება, ეს იმის სიგნალია, რომ იგი მას ენდობა და მის მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი.
თამთა დადეშელი
(გამოდის ხუთშაბათობით)