ყველა ეპოქას თავისი სიმბოლო აქვს. გასული საუკუნის 1920-30-იანი წლების ამერიკამ თავი მშრალი კანონით, ჩიკაგოში გამეფებული მაფიით, განგსტერებით და მათი გაუთავებელი სისხლიანი ანგარიშსწორებით დაგვამახსოვრა. თუმცა არის კიდევ ერთი "ელემენტი", რომელთანაც პირველ რიგში გრძელ ქურთუკებში გამოწყობილი განგსტერები და 1930-იანი წლების ჩიკაგო ასოცირდება - ეს ტომპსონის ავტომატი ანუ Tommy Gun-ია. განგსტერების კლანური დაპირისპირებისა და პოლიციასთან შეტაკებების მთავარი ფიგურანტი.
მსუბუქი და დიდი სისწრაფით მსროლელი იარაღის საჭიროება პირველი მსოფლიო ომის დროს გაჩნდა. Tommy Gun-ის წინამორბედი - 1915 წელს იტალიელმა ოსტატმა რეველიმ გამოიგონა. თუმცა მინუსების გამო მასიურ წარმოებამდე საქმე არ მივიდა. მას შემდეგ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შექმნაზე ბევრი ქვეყანა მუშაობდა. რევოლუცია ამ სფეროში ამერიკელმა ჯონ ტომპსონმა მოახდინა. ბრიგადის გენერალი იარაღში კარგად ერკვეოდა და 1917 წელს ავტომატურ შაშხანაზე შეძენილი პატენტის გადაკეთებას შეუდგა.
1921 წელს "ტომპსონის" პირველი კლასიკური მოდელი - М1921 გაჩნდა. ეფექტურობის მიუხედავად (იარაღი წუთში 800-900 გასროლას აკეთებდა) სიძვირის გამო სახელმწიფო სტრუქტურებმა "ტომი-განზე" უარი თქვეს. ერთი ეგზემპლიარი 200-215 დოლარი ღირდა, მაშინ როდესაც 400 დოლარად 1920-იან წლებში ამერიკაში მსუბუქი ავტომობილის ყიდვა შეიძლებოდა. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები კი ეფექტური და მოდური დიზაინის იარაღით იმდენად მოიხბლნენ, რომ "ტომი-განი" განგსტერების განუყრელ მეგობრად იქცა. ისინი ხშირად დაშლილ იარაღს ვიოლინოს ყუთით ატარებდნენ.
1920-30-იანი წლების ამერიკაში მომხდარი თითქმის ყველა სისხლიანი გარჩევის "მთავარი მონაწილე" სწორედ "ტომი" გახლდათ. მის აქტიურ "მომხმარებლებს" შორის იყვნენ ამერიკული კრიმინალური სამყაროს მეფე - ალ კაპონე, ბონი და კლაიდი, ჩარლს არტურ ფლოიდი, რომელმაც 2 თანამზრახველთან ერთად კანზას-სიტიში ნახევარ წუთში 4 პოლიციის მანქანა დაცხრილა.
საყოველთაო ცნობადობა იარაღმა 1929 წლის 14 თებერვალს მოიპოვა, როდესაც წმინდა ვალენტინის დღეს, კონკურენტების მოშორების მიზნით ალ კაპონეს თანამზრახველებმა ჩიკაგოში "ტომი-განებით" 7 ადამიანი დახვრიტეს. სროლისას სპეციფიკური ხმის გამო, გენერალ ტომპსონის ქმნილებას "საბეჭდი მანქანა" შეარქვეს.
განგსტერების არსენალში Tommy Gun-ების მომრავლებასთან ერთად, იარაღი შეიარაღებაში პოლიციამაც მიიღო. 1930-იანი წლების ბოლოს ჯონ ტომპსონმა საკუთარი ქმნილება გაამარტივა და დიზაინიც შეუცვალა. საარმიო ვარიანტი ამერიკელი ჯარისკაცების შეიარაღებაში 1941 წელს გამოჩნდა და მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ძირითად ამერიკულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევად ითვლებოდა. იარაღის გამარტივების წყალობით, ომის პერიოდში ამერიკული ქარხნები თვეში 90 ათასამდე "ტომი-განს" უშვებდნენ.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ furfurmag.ru-ის მიხედვით.