ანჩო დოლიძის პირადი ცხოვრება - "შეყვარებული ვარ..."

ანჩო დოლიძის პირადი ცხოვრება - "შეყვარებული ვარ..."

მუსიკალური კონკურსის - "ახალი ხმა"ერთ-ერთმა მონაწილემ საკუთარი ხმით ჟიურის წევრებიც და მაყურებელიც გააოცა. 21 წლის მომხიბლავი კონკურსანტი, ანჩო დოლიძე თავად წერს სიმღერის ტექსტებს, ქმნის მუსიკას.

- "ბრმა"კასტინგზე გამოსვლისას, როგორც ჟიურის წევრებზე, ისე მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინე. დიდი ხანია, რაც მღერი?

- პატარაობიდანვე ვმღეროდი, ოღონდ - ჩემთვის, წყნარად, სხვას რომ არ გაეგონა (იცინის). მოკლედ, ჩემი ვოკალური მონაცემების შესახებ ბევრმა არ იცოდა.

- სცენაზე ეს შენი პირველი გამოსვლა იყო?

- ძალიან პატარა ვიყავი, დედას ვოკალზე რომ დავყავდი. იმ პერიოდში სცენაზე ვმღეროდი, მაგრამ მაშინ ისეთი პატარა გახლდით, რომ ისიც არ მახსოვს, რას ვასრულებდი... ამ კონკურსმა კი სტიმული მომცა, რომ ჩემი შემოქმედება საზოგადოებისთვის გამეცნო. თავდაპირველად ჩემი სიმღერები ინტერნეტით გავავრცელე, რასაც ძალიან კარგი შეფასებები მოჰყვა.

- კონკურსში მონაწილეობა ვინ გირჩია?

- დეიდამ. მისი დიდი სურვილი იყო, ამ კონკურსში მეცადა ბედი და საკუთარი შესაძლებლობები წარმომეჩინა, რის გამოც, მისი მადლიერი ვარ.

- გარდა იმისა, რომ კონკუსში ხარ ჩაბმული, კიდევ რას საქმიანობ?

- მსახიობი ვარ (თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე), მაგრამ ამჟამად საკუთარი პროფესიით არ ვმუშაობ. "ახალმა ხმამ"ისე ჩამითრია, რომ სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ. მთელ დროსა და ენერგიას ამ კონკურსს ვუთმობ.

- კმაყოფილი ხარ შენი პირველი გამოსვლით?

- საკუთარი თავით არასდროს ვარ კმაყოფილი - ეს ცუდია თუ კარგი, ვერ გეტყვით. კონკურსზე გასვლის წინ ძალიან ვნერვიულობდი. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

- "ბრმა"კასტინგზე ცნობილი ჰიტის - Don't Speak განსხვავებული ვერსია შეასრულე. ეს სიმღერა ვინ შეგირჩია?

- ლაშა გასვიანმა. ის "ახალი ხმის"პირველ სეზონში მონაწილეობდა. კარგია, მისი რჩევა რომ გავითვალისწინე. ამ სიმღერის ახალმა ვერსიამ გაამართლა!

- ჟიურის ოთხივე წევრი რომ შემოგიტრიალდა, როგორი შეგრძნება დაგეუფლა?

- ამ შეგრძნებას შეიძლება, საოცრება უწოდო... სხვათა შორის, კასტინგზე გასვლამდე, ანამ (წამყვანმა) მკითხა, რალის უფრო დიდი ადრენალინი მოაქვს შენთვის თუ "ბრმა"კასტინგზე გასვლასო? მაშინ ვუპასუხე: - რალის-მეთქი, მაგრამ სცენიდან რომ ჩამოვედი, მივხვდი, ეს იყო ყველაზე დიდი ადრენალინი, რაც კი ოდესმე მიმიღია. დროს უკან სიამოვნებით დავაბრუნებდი (იცინის).

- კარგი მძღოლი ხარ, არა?

- კარგი მძღოლი ნამდვილად ვარ. 15 წლიდან ვმართავ მანქანას. საჭესთან მჯდომი, სიჩქარეს ვეღარ ვაკონტროლებ.

- ქუჩაში ავარიულ სიტუაციებს ხომ არ ქმნი?

- სხვათა შორის, ავარიული სიტუაცია არასდროს შემიქმნია და შესაბამისად, პატრულთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. სიჩქარის გადაჭარბების დროსაც არაფერს ვაშავებ. 15 წლის ვიყავი, ბაბუას მანქანა რომ მოვპარე და მაშინ პირველად მივუჯექი საჭეს.

- შენს ამ საქციელს რა მოჰყვა?

- სამი დღის განმავლობაში ყოველ საღამოს, გაპარვას და სეირნობას ვახერხებდი. საღამოობით ბაბუას ვეუბნებოდი, - მეზობელთან გავდივარ-თქო და ჩუმად ავტოსადგომში ჩავდიოდი, მანქანა გამომყავდა.

- 15 წლისას ცხადია, მართვის მოწმობაც არ გექნებოდა. არ გეშინოდა, პატრულს რომ გაეჩერებინე?

- რას ვფიქრობდი, ვერ გეტყვი... ბოლოს ბაბუამ გაიგო, რასაც ვაკეთებდი: ერთხელ ავტოსადგომიდან გაყვანისას, მანქანა ცოტათი გაიფხაჭნა. იმ ადგილას ტალახი წავუსვი, - იქნებ ბაბუა ვერაფერს მიხვდეს-მეთქი, მაგრამ მას ეს ამბავი არ გამოჰპარვია. ჰოდა, მას მერე შეწყდა ჩემი ბაირამობა.

- დედმამიშვილები გყავს?

- 2 ძმა და 2 და ვართ. კიდევ მყავს დედა, მამა, ბაბუა, ბებია, ორი დეიდა და ჩემი საყვარელი ძაღლი ბუბუ.

- ყველანი ერთ სახლში ცხოვრობთ?

- ყველა ერთად - არა, ერთ უბანში ვცხოვრობთ. მხოლოდ ჩემი უფროსი და არ არის ჩვენ გვერდით - ის ამერიკაში ცხოვრობს, მსახიობია და ჩემსავით, სიმღერა მასაც უყვარს.

- ამერიკაში საკუთარი პროფესიით მუშაობს?

- დიახ. მსახიობია და უკვე ფილმებშიც იღებენ. ახლახან იქ სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და "მის ჯორჯია"გახდა.

- შენც ხომ არ აპირებ ამერიკაში გამგზავრებას, კარიერის საზღვარგარეთ აწყობას?

- ამ საკითხზე სერიოზულად ვფიქრობ. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

- ანჩო, მწვრთნელად მაია დარსმელიძე რატომ აირჩიე?

- ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მაოს შვილი ვარ, პატარა მაო. ის ისეთი გემოვნებიანი ადამიანია და ისეთ მუსიკას ქმნის, როგორიც მე მომწონს. მინდა მეც მისნაირი, ნიჭიერი და გემოვნებიანი ვიყო. მივხვდი, ამ პროექტში ყველაზე მეტად, მაო გამიგებდა და ამიტომაც ავირჩიე. ვფიქრობ, ამ მხრივ გამიმართლა.

- თავდაჯერებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ?

- თავდაჯერებული ნამდვილად ვარ.

- კონკურსის შემდეგ შენი თაყვანისმცემლების რაოდენობა ალბათ საგრძნობლად გაიზარდა.

- მათ თაყვანისმცემლებს ვერ დავარქმევ, უფრო - გულშემატკივრები არიან, რომლებიც ძალიან გააქტიურდნენ. ისეთ თბილ და ტკბილ მესიჯებს მწერენ, რომ შეიძლება, სიხარულისგან გავგიჟდე.

- შეყვარებული გყავს?

- დიახ, მყავს.

- შენს გულშემატკივრებზე ხომ არ ეჭვიანობს?

- თავიდან ყველაფერი ორივესთვის ძალიან უცხო იყო, თუმცა მერე გავიაზრეთ, რომ ეს ბუნებრივია და ასეთ ამბებზე რეაქცია აღარ აქვს. მთავარია, იცის და სჯერა, რომ ძალიან მიყვარს.

- კონკურსზე ძალიან თამამი და ამავე დროს, ლამაზი კაბა გეცვა. ასეთია შენი ყოველდღიური ჩაცმის სტილი?

- ის კაბა მე შევკერე. პირველად შევქმენი სამოსი და აი, ასეთი ორიგინალური გამოვიდა. ძალიან მომწონს, სხვებში კი ცოტა არ იყოს, აჟიოტაჟი გამოიწვია. ისე, ხან ბიჭურად მაცვია, ხან - კლასიკურად, ხან კიდევ, მართლა უცნაურად ვიმოსები. მოკლედ, გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ.

- დაბოლოს, "რინგზე~, რითი უნდა გააოცო მაყურებელი?

- ეს ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, "რინგი"მართლა საოცარი, საინტერესო და დაძაბული იქნება.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება