გიორგი ყიფშიძისა და მისი პარტნიორის, ჯულიანა ბარგნარის რეპეტიციას დარბაზში დავესწარით. გიორგი ისეთი მობილიზებული იყო და ისე შრომობდა, ცოტა გაკვირვებულებიც კი დავრჩით.
მეწყვილის მადლიერია და ამბობს, რომ არა ჯულიანა, ალბათ, ამდენს ვერ შეძლებდა და ცეკვასაც ასე ვერ აუღებდა ალღოს...
- თეატრალურ ინსტიტუტში ლათინოამერიკული ცეკვები არ გაგვივლია. გვასწავლიდნენ - ტანგოს, ვალსს, ჩარლსტონს, არგენტინული ტანგო ნამდვილად არ გაგვივლია და ძალიან რთული ყოფილა. წელს ქვემოთ ისეთი მოძრაობებია გასაკეთებელი, რომ მიუჩვეველი ადამიანისთვის ძალიან ძნელია (მოკლედ, ერთი ადგილის ქიცინი ხშირად გიწევს). ყველა ცეკვა მისთვის საჭირო კუნთებს მატკიებს. რუმბის მომზადებისას მთელი ზურგი მტკიოდა, პასადობლისას - ფეხები. სამბის დროს ხელი გამისივდა. აქამდე ასე იყო, მერე რა იქნება, რას ვიცეკვებთ, არ ვიცი, ვიმეორებ, ყველა კუნთი მტკივა!.. დღეში ძალიან ბევრს, 6 საათი ვვარჯიშობ.
- არადა, როგორც ვიცი, ამ პროექტის გარდა, სერიალსა და თეატრში მუშაობ...
- კი, ვთამაშობ "ჩემი ცოლის დაქალებში", ვარ თეატრში. ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს. ნოემბერში ფილმის "ცელქი ბავშვები 2" გადაღება დაიწყება. ამ ყველაფერში მონაწილეობას როგორ მოვასწრებ, არ ვიცი...
- როგორც გატყობ, გამარჯვებაზე სერიოზულად ფიქრობ...
- გამარჯვებაზე ვინ არ ფიქრობს, რომელი ერთი კონკურსანტი, ვინც ამ პროექტში მონაწილეობს? ყველას უნდა მოგება!.. ასე რომ, მიუხედავად კუნთების ტკივილისა, ჯანზე ვარ.
ძალიან მეხმარება ჩემი პარტნიორი ჯულიანა. ის გვერდით რომ არ მყავდეს, ასე ვერ ვიცეკვებდი. უზომოდ ბევრს შრომობს. ისე იქცევა, მის გვერდით, თავს უფლებას ვერ მისცემ, რომ "ისაჩკაო". შრომისმოყვარეობა მისგან გადამდებია და ეს მაგარი თვისება ჯულიანას მართლაც რომ აქვს. ამ ყველაფერმა ცხოვრების სტილიც შემიცვალა. თუ აქამდე ვზარმაცობდი, ვეღარ ვზარმაცობ. მოკლედ, საკუთარი თავი ხელახლა გავიცანი და ჯულიამ გამაცნო, თურმე რაღაცები შემძლებია, რაც აქამდე არ ვიცოდი...
- სახლში რას გეუბნებიან? როგორ გაფასებენ?
- ვაკეში ბინა რომ არ მოიგო, სახლში არ შემოგიშვებთო, ანუ ყველა ბინას ვკარგავ (სიცილით ამბობს).
- ამას შენგან ბატონი ზურა მოითხოვს?
- ბატონი ზურაც და "ბატონი" ლელაც - დედაჩემი, ასევე "ბატონი" ანი, ჩემი ცოლი, ''ბატონი'' და - ლენუკა და ქალბატონი და ბატონი შვილები... აზარტული ადამიანი ვარ და ეს კონკურსი მართლა სერიოზული აზარტია! ნებისმიერ თამაშისას ყოველთვის გამარჯვებაზე ვარ ორიენტირებული.
- როგორ გგონია, ფინალში მოხვდები?
- ნეტავი, ფინალამდე მიმაღწევინა და... ერთ-ერთ ტურზე აუტსაიდერებში მოვხვდი და კინაღამ გავგიჟდი, გული გამისკდა. ეტყობა, მესიჯებს არ აგზავნიან. ყველას ჰგონია, რომ მათ ნაცვლად ვიღაც სხვა გააგზავნის, არადა, ასე არ არის. ჩვენი ნომერია - 95-109 და ყველას ვთხოვ, ერთი მესიჯი მაინც გამოგვიგზავნოს.
გეგმაში კიდევ კარგი ცეკვები მაქვს წარმოსადგენი - არგენტინული ტანგო, ჩვეულებრივი ტანგო, მოკლედ, რაღაცები მინდა, რომ გავაკეთო... ზოგადად, ძალიან მაგარი პროექტია, გასულ სეზონებზე არც ერთი გამიმაზავს, სულ ვუყურებდი. გარედან სხვანაირად ჩანდა, შიგნით, სამზარეულო ძალიან აზარტულია. თუ ამ პროექტით ოდნავ მაინც სიამოვნებას იღებ, მაგარია! სცენაზე ცეკვით სიამოვნებას ნამდვილად ვიღებ, - დიდი ადრენალინია.
ჯულიანა ბარგნარი, გიორგის მეწყვილე:
- ეს პროექტი ყველა მოცეკვავისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მათ შორის ჩემთვის. მხოლოდ ამ შოუთი გაიცნო ახლოს ხალხმა, რა არის ზოგადად სამეჯლისო ცეკვა. ჩვენი პროფესიით ბევრი ადამიანი ინტერესდება... რაც შეეხება გიორგი ყიფშიძეს, ჩემს პარტნიორს, არაჩვეულებრივი და უნიჭიერესი ადამიანია. შესანიშნავი პიროვნებაა, ერთმანეთს კარგად ვუგებთ. ისეა მონდომებული, როგორც პროფესიონალი მოცეკვავე, რეპეტიციაზე შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს, რაც მომწონს. ცდილობს, ყოველ ცეკვის ხასიათი გაიგოს, ილეთი როგორ გაკეთოს ისე, რომ ნამდვილი იყოს. ეს ყველაფერი კარგად ჩანს პარკეტზე და არ არის ცუდი. მუშაობის პროცესში ყოველთვის ბევრი იდეა აქვს. იდეებით სხვებსაც ეხმარება, განსაკუთრებით მოსაზრებები აქვს იმასთან დაკავშირებით, სცენა როგორ გაფორმდეს. ძალიან ცოცხალი და აქტიური ადამიანია.
- რაზე კამათობთ?
- კამათის გარეშე ჩვენი საქმე არ იქნება. თუ შრომობ და საქმეში ენერგიას დებ, ასეა...
ისე კი, მე სხვა პიროვნება ვარ, ის - სხვა, თითოეულს ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი მოსაზრება გვაქვს. ვცდილობთ, რომ კამათი ჩხუბში არ გადავიდეს... გიორგი ყოველთვის მაგრძნობინებს, რომ ძალიან სიამოვნებს ჩემთან ცეკვა, შრომა, ანუ როდესაც ამას ვგრძნობ, სტიმული მემატება და მის დასახმარებლად მეტად ვარ განწყობილი.
- I სეზონზე, პირველივე ჯერზე დატოვე პროექტი, რადგან აჩიკო მეფარიძე იყო შენი პარტნიორი. II სეზონზე ჯაბა კილაძესთან იცეკვე. მგონი, უკვე დროა, რომ ფინალამდე მიხვიდე...
- კი, მეც ასე ვფიქრობ და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ!
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის
იხილეთ ფოტოგალერეა