რას პასუხობენ ივანიშვილს "მიჯირყნული" პოლიტიკოსები?

რას პასუხობენ ივანიშვილს "მიჯირყნული" პოლიტიკოსები?

17 ოქტომბერს ბეჭდურ მედიისა და რადიოსადგურების რედაქტორებთან პრემიერის შეხვედრაზე თავიდანვე გამოჩნდა, რომ ივანიშვილი, წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, მიჯირყვნას არ აპირებდა და, რომ ექსპერტებთან და ტელეჟურნალისტებთან გამოყენებულ ბროწეულის წვენის ოყნებს ამჟამად აშკარად შაქრის სეროფი გაერია... სამაგიეროდ ბიძინა ივანიშვილის რისხვის "შკვალმა" პრეზიდენტობის კანდიდატებს გადაუარა თავზე. ამ მხრივ, განსაკუთრებით "დაზიანდნენ" შალვა ნათელაშვილი და გიორგი თარგამაძე... ბაქრაძეს აღარც ვახსენებ...

ბიძინა ივანიშვილი:

"ნათელაშვილსაც აქვს 1-2%, რომელიც 20 წელიწადია, ატყუებს საზოგადოებას და მაინც დარჩა ხალხი. გიორგი თარგამაძესაც აქვს 1 თუ 2%. ამ კაცს მუდამ ქვეყნის საწინააღმდეგო პოზიცია ეჭირა და ჩემს თვალში მოღალატის ეტალონს ჰგავს. ყოველთვის იქ იდგა, სადაც ქვეყანას არ სჭირდებოდა. იმასაც კი 1-2%... ჩვენ ისეთი საზოგადოება უნდა მივიღოთ, როდესაც პარტიებს აირჩევენ მათგან გაცხადებული პროგრამით, როცა იქნება იდეოლოგიური ბრძოლა და ისე გააკეთებენ არჩევანს. ნათელაშვილი, რომელიც 20 წელიწადია, გვატყუებს, ლამის მასხარა გახდა ეს კაცი და დღეს კიდევ ეს პროცენტები აქვს, რა თქმა უნდა, ეს საზოგადოების პრობლემაა. მას არ აქვს იდეოლოგია, ის დღესაც მხოლოდ ანაბრებს ჰპირდება საზოგადოებას, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს დაკარგეს და ასეთ უმეცარ სიცრუეებზე უნდა ხალხი აცხოვროს. "ნაციონალური მოძრაობა" კი კიდევ ცალკე საანალიზოა"...

რაც შეეხება პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს, კობა დავითაშვილსა და ნინო ბურჯანაძეს, ისინი შედარებით მშვიდობიანად გადარჩნენ ამ აურზაურში. კობა გაკვრით ახსენა, ხოლო ბურჯანაძეზე პრემიერმა განაცხადა, კრიტიკულად არ შევეხებიო, რადგანაც მინდა დაბალანსებული წავიდეს ეს არჩევნები და კრიტიკული გამონათქვამები არ ვიხმაროო. თუმცა მანამდე პრემიერმა, როგორც ვთქვი, დანარჩენებს ლამაზად გადაუარა. საინტერესოა, რამ გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის ასეთი გაღიზიანება თარგამაძის ადა ნათელაშვილის მისამართით მაშინ, როცა არჩევნებამდე 10 დღეა დარჩენილი და რაც მართალია, მართალია, არც ერთი არ არის "ქართული ოცნების" კანდიდატის რეალური ოპონენტი? არ ვიცი, ვიტირო თუ ვიცინოო, - განაცხადა გამტკნარებულმა გიორგი თარგამაძემ პრემიერის გამოსვლის შემდეგ, რომელმაც სასწრაფოდ მოიწვია ბრიფინგი და აღნიშნა, რომ ივანიშვილს სასამართლოში უჩივის. სამწუხაროდ, თავად შალვა ნათელაშვილს ვერ დავუკავშირდით, მაგრამ ვესაუბრეთ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს გიორგი გუგავას.

- ვერაფერი გაგვიგია! ბატონი ივანიშვილი ამ 20 წლის მანძილზე მილიარდებს რომ ქაფავდა და ჯერ შევარდნაძესა და მერე სააკაშვილს რომ აფინანსებდა, თან ხელს რომ უწყობდა ქვეყნის ნგრევაში და ძალადობრივი რეჟიმის ჩამოყალიბებაში, მაშინ შალვა ნათელაშვილი ამ რეჟიმს ებრძოდა და ამისი შედეგი იყო ის, რომ საშუალო სკოლაში უფასო განათლება დაკანონდა, ნათელაშვილმა გააიაფა დენის ტარიფი, ნათელაშვილმა აკრძალა საბავშვო ბაღების მასობრივი გაყიდვა, ამის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ნათელაშვილს არჩევნები გაუყალბეს. საინტერესოა, რომ ამბობს, 20 წელი შალვა ატყუებს საზოგადოებასო, როგორ უნდა მოატყუო საზოგადოება? მისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვყოფილვართ ხელისუფლებაში და ცრუპენტელობა კი იმაში გამოჩნდა, ალილუიასავით რომ ჩამოარიგა დაპირებები, პრაქტიკულად, არც ერთი არ შეუსრულებია. მთავარი რა იყო, იცით, მიზეზი ბატონი ივანიშვილის გაღიზიანების? მას ეგონა, რომ შალვა ნათელაშვილი პოლიტიკურად მოკლა არჩევნებზე და დღეს ყველაზე მაღალი სიყვარულით რომ სარგებლობს შალვა ნათელაშვილი ხალხში, ამის გამოა გამწარებული. ერთპროცენტიან ლიდერებზე ასეთი გაღიზიანებით არ საუბრობენ სახელმწიფო მეთაურები.

- ამის თქმის საფუძველს რაიმე მოკვლევა გაძლევთ, თუ სიტყვისთვის ამბობთ?

- ჩვენ ნამდვილად გვაქვს შიდა სოციოლოგიური მოკვლევა და თბილისში შალვა ნათელაშვილის მხარდაჭერა არის 33 პროცენტი, ხოლო რეგიონებში - გაცილებით მეტი. ამიტომ გამოვიდნენ წყობიდან. მაგან დაუჯეროს იმ თავის ლოთ ბიგვავას, რასაც ის აწვდის ციფრებს და კარგად ექნება საქმე.

- ბიგვავაზე ამას რატომ ამბობთ?

- ეგ მე კი არა, მთელმა თბილისმა იცის, ცნობილი ამბავია, ცხვირზე შეხედეთ.

- ადამიანის ცხვირი არ არის არგუმენტი.

- ეგ ნაკლებად მანაღვლებს, მე ის მაწუხებს, რომ ჩვენი მაღალი მხარდაჭერა აღიზიანებთ მაგათ და ჩვენი მაღალი რეიტინგები. ხელისუფლების მეთაური ასე არ უნდა ლაპარაკობდეს ოპოზიციის ლიდერზე და ეს ფორმები პოლიტიკურ ლიდერებთან, ჟურნალისტებთან და ექსპერტებთან და სხვებთან, ვინც მის ჭკუაზე არ არის და ვინც მის აზრებს არ იზიარებს, არ უნდა გამოიყენოს. რა, მოწინააღმდეგე ყველა მასხარაა?

გიორგი თარგამაძე, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი:

- (უხასიათოდ) ესაა პერსონალური გაღიზიანების გამოხატულება და პრემიერმა გადალახა ყოველგვარი ზღვარი. ესაა შეურაცხყოფა, ბრალდება, რომელიც თავის თაშვი მოიცავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ჩვენ, პოლიტიკურ ოპონენტებს, შეგვიძლია, ერთმანეთი არ მოგვწონდეს, პოლიტიკურად ვაკრიტიკებდეთ, მაგრამ არ უნდა გადავიდეთ კორექტულობის, ადამიანობისა და ზრდილობის ზღვარს. მისი ბრალდება, რომ მე ყოველთვის სახელმწიფოს საწინააღმდეგო პოზიციებს ვიკავებდი, ამის თქმა ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პირის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ, უმძიმესი ბრალდებაა და ამისი დადასტურება მოუწევს სასამართლოში. ივანიშვილს, ეტყობა, არ ესმის, რას ნიშნავს სალიტერატურო ენაში ზოგიერთი სიტყვის შინაარსი, ამიტომ, ვეცდები, სასამართლოში აუხსნან მას ეს კარგად, რა არის სახელმწიფო და რა არის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობა. ის ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენს და სწორედ ამიტომ მე არა მარტო მისგან მოვითხოვ ბოდიშის მოხდას, არამედ მილიარდ ლარსაც კომპენსაციისთვის, რომელსაც მთლიანად ბოლო კაპიკამდე გადავრიცხავ მისივე შეუსრულებელი დანაპირების, კერძოდ, მცირე და საშულაო ჰესების მშენებლობის საქმეში.

- კომპენსაციისთვის მილიარდი ლარის მოთხოვნა რამდენად რეალურია?

- ევროპისა და მსოფლიოს გაოცებას ხომ აპირებს დემოკრატიით? მიბრძანდეს სასამართლოში, სადაც მოსთხოვენ პასუხს თავისი სიტყვების დასამტკიცებლად და უნდა დაამტკიცოს. მას პასუხს მოვთხოვ ნებისმიერ ფორმატში! ეს იქნება სასამართლო, თუ ღია სატელევიზიო დებატები. მე ნებისმიერ დროს ვარ მზად, თუნდაც თქვენი გაზეთის საშუალებით, დაველაპარაკო და ყველა მისთვის საეჭვო აზრი, მზად ვარ, კიდევ ერთხელ გავიაზროთ. მე ჩემი ქვეყნისა და ჩემი სინდისის წინაშე მართალი ვარ.

- სხვათა შორის, თქვენ მიმართ სოციალურ ქსელში პრემიერის ამ განცხადებას საზოგადოების დიდი მოწონება ხვდა წილად.

- გააჩნია "ფეისბუკის" საზოგადოებას, ვიმეორებ, ერთი ფაქტი მოიტანონ და თუნდაც ერთი ამისი მტკიცებულება. მას შემდგე, რაც პოლიტიკაში წავედი და სააკაშვილს დავუპირისპირდი, ბიძინა ივანიშვილის დასპონსორებულ და წლების მანძილზე წაქეზებულ ხელისუფლებას, სწორედ მაშინ წამოვიდა ჭუჭყი ჩემს წინააღმდეგ. მთელი სერიოზულობით ვითხოვ გამოძიებას "იმედში" განვითარებული მოვლენებისა, ვითხოვ თუნდაც სამი მოწმის წარმოდგენას, რომელიც კონკრეტულ ბრალდებას წამომიყენებს და ამ შემთხვევაში ხელს ავწევ და ბოდიშს მოვიხდი და საერთოდ ვიტყვი, რომ შემეშალა და მაპატიეთ. მაგრამ ასეთი რამ არ მოხდება და ვერც მოხდება. სწორედ ამიტომ სჭირდება ივანიშვილს გამოძიების გაჭიანურება, რომ იყოს ჭორიკნობა და ვინც არის აყოლილი ამ ჭორაობას, დიდ ცოდვას სჩადის. როცა ეს ადამიანი მოვიდა პოლიტიკაში, მაშინვე თქვა, შუა უნდა გაიკრიფოსო. ერთი წლის თავზე კი ყველა მიხვდა, რაც არის ეს "შუის გაკრეფა". ვიმეორებ, რასცა დღეს აკეთებს პრემიერ-მინისტრი, ეს არის აბსოლუტურად არადემოკრატიული მეთოდი, მით უმეტეს არჩევნების წინ. ამის მიზეზი კი გახლავთ "ქართული ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" კომფორტული თანაცხოვრება. ეს არის მითითება, თუ რა უნდა დაწერონ "ოცნებისთვის" და ნაციონალებისთვის არჩევნებში, ვის რამდენი პროცენტი უნდა დაუწერონ.

პრეზიდენტობის კანდიდატი კობა დავითაშვილი:

- ჩემზე ყველაზე ნაკლებად იყო იქ ლაპარაკი, მაგრამ მეორე ტური დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. 2008 წელს რომ მეორე ტური ჩატარებულიყო, შეიძლება ომი არ დაწყებულიყო საქართველოში. ვფიქრობ, რომ ბატონ ბიძინას თუ უნდა დემოკრატიის განვითარება, მეორე ტურზე ასეთი გაცხარება არ უნდა გამოეხატა და საერთოდ, მე მას ვურჩევდი, მსგავს შეხვედრებს თავი აარიდოს წინასაარჩევნოდ, რადგანაც ყველა ასეთი შეხვედრა სკანდალით სრულდება.

ბაკურ ბაკურაძე, ნინო ბურჯანაძის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.

- კი, ნამდვილად არ შეხებია ცუდად ნინოს პრემიერი და რატომ უნდა შეხებოდა? ნინო ბურჯანაძეს პრემიერ-მინისტრისთვის არც პირადად და არც საზოგადოდ არაფერი დაუშავებია და არც არასდროს არაკორექტული მის მიმართ არ ყოფილა.

- კი მაგრამ, 10 პროცენტი განუსაზღვრა მას მომავალ არჩევნებში, ხომ უსმენდით?

- ივანიშვილი კი არა, მამა ღმერთი არ საზღვრავს ამ ქვეყანაში არჩევნების დროს ხმების პროცენტებს, ამას საზღვრავს ქართველი ხალხი. თუ ჩვენი პრემიერი, და ვიცით, რომ ის სიტყვის კაცია, ჩაატარებს ამ არჩევნებს დემოკრატიულად, ამ შემთხვევაში დარწმუნდება, რომ ის მონაცემები, რაც მას მიაწოდეს, არ არის ნამდვილი. ბატონი ივანიშვილის მიერ მარგველაშვილი რომ არ იყოს წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატად, ნინო ბურჯანაძე პირველ ტურშივე მოიგებდა ამ არჩევნებს, თუმცა მეორე ტური იქნება აუცილებლად და იქ ბურჯანაძე და მარგველაშვილი ერთად იყრიან კენჭს. ამაში და ნინოს გამარჯვებაში ნამდვილად დარწმუნებულები ვართ.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - გიორგი შაქარაშვილის ტრაგედია; საარჩევნო მარათონი; რურუას საქმე

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

ლილოს ბაზრობაზე გამოკვლეული 3 800-მდე ადამიანიდან კორონავირუსი 5-ს დაუდასტურდა - რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე მე-2 ტალღის შესახებ