დათო ფორჩხიძე "ახალი ხმის" წარმატებული მწვრთნელია. მან დიდების და საბავშვო "ახალი ხმა" მოიგო და ამით საკუთარი პოპულარობაც გაიმყარა. ამ პროექტით გარკვეული რეანიმაცია განიცადა, როგორც არტისტმა და სულ სხვა კუთხით დაანახვა თავი მაყურებელს, რომელსაც ჯგუფი "სახე" უკვე დავიწყებული ჰქონდა, ხოლო ახალ თაობას თავიდან გააცნო საკუთარი თავი. მაია დარსმელიძემ კონკურსანტ შოთა ადამაშვილის ხელიდან გაშვების გამო საკმაოდ ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოიარა და სადაც მაია აშკარად გულდაწყვეტილი ჩანდა იმით, რომ შოთა დათო ფორჩხიძის გუნდში წავიდა და არა მასთან. სტატუსი საკმაოდ აგრესიული გამოდგა. ამის შესახებ აზრი დათო ფორჩხიძეს ვკითხეთ.
- დიდი ხანია, სცენას ჩამოშორდი, თუმცა მესამე სეზონია, "ახალი ხმის" მწვრთნელებში ხარ. ეს რამ განაპირობა?
- მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც წითელ სავარძელზე დამსვა. მთელი ჩემი ძალისხმევა მათი იმედების გასამართლებლად იყო მიმართული და თუ ზედმეტი მომივიდა, ჩემ თავს ვეღარ ვაკონტროლებ. ანუ ზედმეტში ვგულისხმობ იმას, რომ ორივეჯერ ჩემმა კონკურსანტმა მოიგო პროექტი. ყველაზე ბედნიერი იმით ვარ, რომ დღითიდღე ორივე მათგანი არწმუნებს საზოგადოებას, რომ ეს პროექტები სწორედ მათ უნდა მოეგოთ, ამ ბავშვებმა თქვეს თავიანთი სიტყვა და იყვნენ საუკეთესოები. ჩემი დამსახურება ის იყო, რომ ეს ბავშვები ასე წარმოჩნდნენ. თუ დეტალებს ჩავუღრმავდებით, სალომე ქათამაძისა და ეკა დოლიძის რინგზე დარბაზიც და მწვრთნელებიც მომიწოდებდნენ, რომ სალომე გამეგდო. მათ შორის ის მწვრთნელებიც, რომლებიც ახლა კითხულობენ, რა გაუკეთა კონკურსანტებს დათო ფორჩხიძემო. მაწვებოდნენ, სალომე გააგდეო. ალბათ, იმიტომ, რომ ძლიერი მომეშორებინა. ეკა დოლიძე რომ კარგი კონკურსანტი იყო, ამას მარტო მე მივხვდი და ისიც შეგიძლიათ ნახოთ, სხვა მწვრთნელები რას ლაპარაკობდნენ ეკას შესახებ ტიტრებში, ეს მარტო ყვირილიაო. ეკა ვარსკვლავად იქცა და გოგონა, რომელიც საერთოდ ვერავინ შეამჩნია კასტინგზე, რინგზე საუკეთესოდ წარმოჩნდა. სალომე ქათამაძესთან კი ეკა დოლიძემ თავად მოინდომა დადგომა. მე სხვას შევთავაზე. ვკითხე კიდეც ეკას, გაქაჩავ-მეთქი? არ მეგონა, რომ გაქაჩავდა, მაგრამ ასე მოხდა. ეკა შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა, მაგრამ ბევრად აჯობა ამ გამოსვლით სხვებს, რომლებიც შემდეგ ტურებში გადავიდნენ. კიდევ მე ვარ დამნაშავე, თუ პირიქით, ჩემი დამსახურება უნდა დაინახოთ ამაში? მე რომ ღილაკზე არ დამეჭირა, არ შეიქმნებოდა ეს "საპნის ოპერა".
ფსიქოლოგიურად კონკურსანტები ძალიან ცუდ დღეში არიან ხოლმე და კვირაობით ვმუშაობ ამაზე, რომ დავაწყნარო. რატომ მოდიან ჩემთან? ფულიანი ვარ? რამდენიმე ათეულ ქვეყანაში ჩატარდა ეს შოუ, რომელთა მწვრთნელებს შორის მე ყველაზე ღარიბი ვარ.
- წინა სეზონებზე, დიდებსა თუ პატარებში, ასეთი დაპირისპირება მწვრთნელებს შორის არ მახსოვს.
- დაძაბულობა პირველივე დღეს არ დაწყებულა. ბრმა კასტინგები ორ დღეში ჩავწერეთ და მერე დაიჭრა სხვადასხვა დღისთვის. აწი უყურეთ, რა იქნება!..
- დაპირისპირება დაიწყო შოთა ადამაშვილის გამო, მაია დარსმელიძემ სტატუსი გამოაქვეყნა და იქ მინიშნება იყო შენზე. იყო საუბარი უიტნი ჰიუსტონიზაციაზე და ასე ვთქვათ, ვიწრო ჟანრის მიმდევრად წარმოგაჩინა.
- არ მაინტერესებს, რა თქვა მაია დარსმელიძემ და არ მაინტერესებს მასზე საუბარი. მე მომწონს არა ჟანრები, არამედ ის გენიოსები, რომლებიც ამა თუ იმ ჟანრში მოღვაწეობენ. იგივე შეიძლება ვთქვა უიტნი ჰიუსტონზე. შესაძლოა, მე როგორც ვოკალისტი, ვიწრო პროფილით ვმუშაობდი, მაგრამ როცა როგორც მწვრთნელი დავჯექი გადაცემაში, მითხრეს, რომ მხოლოდ ერთი ჟანრით არ უნდა შემოვფარგლულიყავი. თუკი შოთა ადამაშვილმა ჩამაბარა თავისი ბედი, მოდი, მას დავაცადოთ და მერე თვითონ გადაწყვიტოს, ინანებს თუ არა. რატომ ფიქრობდა უმრავლესობა, რომ ის სხვა მწვრთნელთან უნდა წასულიყო? იმიტომ, რომ სხვანაირად გამოიყურება და წვერი აქვს? ის, რომ დათო ფორჩხიძის მეგობარი ამეცადინებდა ვოკალში, კი ბატონო, არკვიეთ ეს, რამდენიც გინდათ, მაგრამ აზრი არა აქვს.