"მივმართავ სასამართლოს, სადაც ბიძინა ივანიშვილს დეტალურად აუხსნიან, თუ რას ნიშნავს სახელმწიფო ღალატი და როგორ უნდა აგოს პასუხი ადამიანმა მსგავსი განცხადებისთვის" , – ასე პასუხობს ქდმ-ს საპრეზიდენტო კანდიდატი, გიორგი თარგამაძე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას. "ქრისტიან დემოკრატების" ლიდერი პრემიერისგან მოითხოვს, მისი მოღალატეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენას.
"აღარ ვიცი, ამ ყველაფერზე გამეცინოს, თუ ნაწყენი დავრჩე. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება, ეს არის სერიოზული ბრალდება. არ მინდა ამ შეურაცხყოფას შეურაცხყოფითვე ვუპასუხო. ამ ადამიანს, როგორც ჩანს, ამ საქმეში ვერ გავეჯიბრები. მინდა გითხრათ, რომ, როგორც ჩანს, პრემიერს უბრალოდ კარგად არ ესმის ზოგიერთი სიტყვის შინაარსი. ეს აღარ არის ზოგადი შეფასება. ის ბრალდება, რომ მე სახელმწიფო მოღალატე ვარ, აბსურდია. თუ მას არ ესმის ამ სიტყვის შინაარსი, მივმართავ სასამართლოს, სადაც მას დეტალურად აუხსნიან, თუ რას ნიშნავს სახელმწიფო ღალატი და როგორ უნდა აგოს პასუხი ადამიანმა მსგავსი განცხადებისთვის, რაც არ უნდა ბევრი ფული და მაღალი თანამდებობა ჰქონდეს. მე არ ვაპირებ სახელმწიფო მოღალატის სტატუსით ვიარო პოლიტიკაში. თუ კი ივანიშვილს ამ ბრალდების მტკიცებულებები გააჩნია სასამართლოში წარმოადგინოს, თუ არა და მან პასუხი უნდა აგოს ცილისწამებისთვის როგორც ჩემი, ასევე ჩემი ამომრჩევლის წინაშე", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
პრემიერმა გიორგი თარგამაძეზე დღეს ბეჭდური მედიისა და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მის თვალში მოღალატის ეტალონია.
"ამ კაცს მუდამ ქვეყნის საწინააღმდეგო პოზიცია ეჭირა. მოღალატის ეტალონს გავს ეს კაცი ჩემს თვალში. სულ ყოველთვის იქ იდგა, სადაც ქვეყანას არ სჭირდებოდა და ქვეყნის საპირისპირო პოზიცია ეჭირა. იმასაც 1-2% აქვს. მე ამ მოსახლეობასაც გაგებით ვეკიდები. მესმის, რომ ბევრს არ აქვს სწორი ანალიზის გაკეთების უნარი და ისინი ახერხებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას",-განაცხადა ივანიშვილმა.