არჩილ კბილაშვილი - ზურაბ ჟვანიას საქმეში ნამდვილად არის ახალი მტკიცებულებები, შესაბამისად - ახალი ვერსია

არჩილ კბილაშვილი - ზურაბ ჟვანიას საქმეში ნამდვილად არის ახალი მტკიცებულებები, შესაბამისად - ახალი ვერსია

საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ადასტურებს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან მიმართებაში გამოძიება ახალ ვერსიაზეც მუშაობს. შესაბამისი განცხადება "ინტერპრესნიუსთან" საუბარში მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა გააკეთა.

"შემიძლია იმის თქმა, რომ საქმეში ნამდვილად არის ახალი მტკიცებულებები, ახალი გარემოებები და შესაბამისად - ახალი ვერსია. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ხდება მათი შემოწმება, დადგენა", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად რადიკალურად განსხვავებულია ახალი ვერსია, რომელზეც გამოძიება მუშაობს, ჟვანიას გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ოფიციალური ვერსიისგან, მთავარმა პროკურორმა აღნიშნა: "ჩვენ არც ერთი ვერსია არ გამოგვირიცხავს. ის მტკიცებულებები და გარემობები რაც არის, რასაკვირველია, მრავალფეროვნებით ხასიათდება".

მისივე განმარტებით, აღნიშნულის მიუხედავად, იმის თქმა, რომ საქმე გახსნილია, ჯერ ნაადრევია.

"საქმის გახსნა ნიშნავს იმას, რომ დავადგინოთ, რა მოხდა და აქედან გამომდინარე, დავადგინოთ ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ვითარებაში მონაწილეობდნენ. ამ კონდინციამდე ჯერ მისული არ ვართ", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

ამასთან, არჩილ კბილაშვილის თქმით, რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება ჯერ კიდევ ჩასატარებელია.

"იქედან გამომდინარე, რომ მათი შედეგების დროის პროგნოზირება რთულია, არაპროგნოზირებადია ვადაც, როდის შეიძლება საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ", – დასძინა არჩილ კბილაშვილმა.

გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმის, დეპუტატ გიორგი ჟვანიას განცხადებით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია, შესაძლოა შეიცვალოს, რადგან გამოძიების განახლების შემდეგ საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ